კოჟორიძის თქმით, ვერასოდეს გამოირიცხება მსგავსი დარღვევები, თუმცა მთავარია, როგორ რეაგირებს მათზე საარჩევნო ადმინისტრაცია და სამართალდამცავი ორგანოები.
“საარჩევნო ადმინისტრაციის მხრიდან ძირითად შემთხვევაში ადეკვატურ რეაგირებას ჰქონდა ადგილი, აღვნიშნავ პოზიტიურ რეაგირებას მთელ რიგ შემთხვევებში. რაც შეეხება სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან რეაგირებას, დაველოდები მონაცემების შეგროვებას. გარკვეულ შემთხვევაში კითხვებს აჩენდა მათი მხრიდან რამდენად ადეკვატური იყო რეაგირება, მაგალითად, ხონის მე–19 უბანზე, სადაც ადგილი ჰქონდა, ჩვენი ინფორმაციით, კენჭისყრის შენობაში გარკვეული პირების მიერ კარის შემტვრევის მცდელობას. პოლიცია გარკვეული პერიოდის დაგვიანებით გამოცხადდა ადგილზე. თუმცა მათ რაიმე საგამოძიებო მოქმედებების წარმოება არ დაუწყიათ,”- განაცხადა საიას თავმჯდომარემ.
ორგანიზაციის მონაცემებით, განსაკუთრებით უხეში დარღვევები მოხდა მარტვილის #16-ე უბანზე (გაიტაცეს ბიულეტენები), ზუგდიდის #32-ე უბანზე (ჩაიშალა ხმის მიცემა), ხონის #22-ზე (უბნის დარბევა), ხონის 19-ე უბანი (კენჭისყრის შენობაში შესვლა და კარის შემტვრევის მცდელობა), თელავის #14 (ხელმოწერების გაყალბება) და მუქარა დამკვირვებელზე (სამგორის #32, ხულოს #27).
“მიუხედავად გაკრვეული დარღვევებისა, კენჭისყრის პროცესი ძირითადად მიმდინარეობდა მშვიდ ვითარებაში, ამომრჩეველს ჰქონდა ნების თავისუფალი გამოვლენის შესაძლებლობა,”- აცხადებენ საიაში.





