ახალი ამბები

საფრანგეთი “ყვითელჟილეტიანების” პროტესტის უკან შესაძლო რუსულ კვალს იძიებს

10 დეკემბერი, 2018 • 1370
საფრანგეთი “ყვითელჟილეტიანების” პროტესტის უკან შესაძლო რუსულ კვალს იძიებს

საფრანგეთმა გამოძიება დაიწყო ქვეყანაში მიმდინარე “ყვითელი ჟილეტების” საპროტესტო მოძრაობის უკან შესაძლო რუსული კვალის არსებობის შესახებ.

“ბლუმბერგის” ინფორმაციით, საფრანგეთის სამართალდამცველი უწყებები ამ საკითხით მას შემდეგ დაინტერესდნენ, რაც “ალიანსმა დემოკრატიის დასაცავად” გაავრცელა ინფორმაცია კრემლთან დაკავშირებული სოციალური მედიის ანგარიშების საფრანგეთის კრიზისის მიმართულებით გააქტიურების შესახებ. “ალიანსი დემოკრატიის დასაცავად” აშშ-ის “გერმანიის მარშალის ფონდის” გაერთაინებაა, რომელიც პროკრემლისტური აქტივობების მონიტორინგს ახორციელებს. ორგანიზაციის ინფორმაციით, დაახლოებით 600 ანგარიში “ტვიტერში”, რომლებიც კრემლის ხედვების პროპაგანდას ეწევიან, ბოლო პერიოდში საფრანგეთზე ფოკუსირდნენ, არეკლამებენ რა #giletsjaunes-ს, რაც “ყვითელი ჟილეტის” მოძრაობის ფრანგული სახელწოდებაა.

საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრ ჟან-ივ ლე დრიანის თქმით, უსაფრთხოების სამსახურები სიტუაციას აკვირდებიან.

“გამოძიება მიმდინარეობს. მე არ გავაკეთებ კომენტარს, სანამ გამოძიება არ დასრულდება”, – განაცხადა საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

“ტვიტერზე” ატვირთული მასალების უმრავლესობა რუსეთის სახელმწიფო მედიასაშულებების, “სპუტნიკისა” და Russia Today-ს მასალებს, ასევე, Ruptly-ს ეყრდნობა, რომელიც გერმანიაში დისლოცირებული ვიდეოსააგენტოა და RT-ის ეკუთვნის. გამოცემები საფრანგეთის კრიზისს აქტიურად აშუქებენ.  RT-მა განაცხადა, რომ პროტესტის გაშუქებისას მისი 12 ჟურნალისტი დაშავდა – უფრო მეტი, ვიდრე სხვა ნებისმიერი მედიაორგანიზაციის.

“სპუტნიკმა” და RT-მა გაავრცელეს ინფორმაცია, რომ საფრანგეთის პოლიცია ბოლო პერიოდში პრეზიდენტ ემანუელ მაკრონს აღარ უჭერს მხარს და მომიტინგეების მხარეს გადავიდა. მათ აჩვენეს სამხრეთ-დასავლეთით მდებარე ქალაქ პოში გადაღებული ვიდეო, რომელშიც პოლიციელები ჩაფხუტს იხსნიან და ეს მომიტინგეებისადმი სოლიდარობის ჟესტად იქნა აღქმული. ადგილობრივმა პოლიციამ და ჟურნალისტებმა განაცხადეს, რომ სცენის აღწერა არასწორი იყო. მათი თქმით, რამდენიმე პოლიციელმა მცირე ხნით მოიხსნა შლემი, რათა მომიტინგეებს გასაუბრებოდნენ და შემდეგ ისევ დაიხურა.

მას შემდეგ, რაც “ბლუმბერგმა” კითხვით მიმართა, “სპუტნიკმა” სტატია ჩაასწორა.

საფრანგეთში ერთი თვეა მასშტაბური საპროტექსტო გამოსვლები იმართება. “ყვითელი ჟილეტების” აქციის მონაწილეები თავდაპირველად საწვავის ფასის ზრდას აპროტესტებდდნენ, თუმცა შემდგომ მოძრაობამ ანტისამთავრობო ხასიათი შეიძინა. ისმის პრეზიდენტის გადადგომის მოთხოვნებიც.  პარალელურად, საფრანგეთის ხელისუფლება ამბობს,  რომ აქციები “ძალადობრივად განწყობილ დემონსტრაციებად” იქცა.

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი