ახალი ამბები

ის იყო ქვასავით ბრიყვი – ტრამპმა ტილერსონი კრიტიკის გამო გალანძღა

8 დეკემბერი, 2018 • 1247
ის იყო ქვასავით ბრიყვი – ტრამპმა ტილერსონი კრიტიკის გამო გალანძღა

აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა “ტვიტერის” მეშვეობით გალანძღა ყოფილი სახელმწიფო მდივანი რექს ტილერსონი, რომელიც ამ თანამდებობას მისივე ადმინისტრაციის დროს იკავებდა. მიზეზი 9 თვის წინ თანამდებობიდან გათავისუფლებული  ტილერსონის კრიტიკა გახდა პრეზიდენტის მიმართ.

ყოფილმა სახელმწიფო მდივანმა ხანგრძლივი დუმილის შემდეგ, საჯარო გამოსვლისას აღნიშნა, რომ ტრამპის სურვილები ხშირად კანონსაწინააღმდეგო იყო.

“ხშირად, პრეზიდენტი ამბობდა, ესაა, რაც მინდა გაკეთდეს და როგორც მინდა, რომ გაკეთდეს. მე ვეუბნებოდი, ბატონო პრეზიდენტო, მესმის, რაც გინდათ, რომ გაკეთდეს, მაგრამ ამ გზით ამას ვერ შეძლებთ. ეს კანონს არღვევს”, – თქვა მან.

კრიტიკის საპასუხოდ, დონალდ ტრამპმა ყოფილ თანაგუნდელს ბრიყვი და ზარმაცი უწოდა და აღნიშნა, რომ ამჟამინდელი სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო დიდებულად მუშაობს.

“მაიკ პომპეო დიდებულ საქმეს აკეთებს, მისით ძალიან ვამაყობ. მისი წინამორბედს, რექს ტილერსონს კი, საჭირო გონებრივი შესაძლებლობები არ ჰქონდა. ის იყო ბრიყვი, როგორც ქვა, რომელიც სწრაფად ვერ მოვიშორე. ის იყო ჯოჯოხეთურად ზარმაცი”, – დაწერა მან.

ტრამპის პრეზიდენტად არჩევის შემდგომ, გარკვეული ხნის მანძილზე, ყველაფერი სხვანაირად იყო. 2016 წლის დეკემბერში, ტილერსონის თანამდებობაზე წარდგენისას, ტრამპი მას “მსოფლიო კლასის მოთამაშედ” ასახელებდა.

თუმცა, Washingt0n Post-ის ცნობით, ვითარება მალე შეიცვალა. ამერიკულ მედიაში საუბარი იყო იმაზე, რომ ტრამპსა და ტილერსონს განსხვავებული მოსაზრებები ჰქონდათ ქვეყნის ბიუჯეტის დაგეგმვასა და საგარეო პოლიტიკაზე, მათ შორის, ისრაელში აშშ-ს საელჩოს თელ-ავივიდან იერუსალიმში გადატანაზე, რასაც ტრამპი ლობირებდა.

 

საბოლოოდ აშშ-ს პრეზიდენტმა რექს ტილერსონი თანამდებობიდან 2018 წლის 13 მარტს გადააყენა. ამჟამად, თანამდებობას მაიკ პომპეო იკავებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი