ახალი ამბები

არჩევნები, კარვების საქმე, შრომის უფლებები – როგორ აჯამებს ომბუდსმენი 2018 წელს

7 დეკემბერი, 2018 • 1614
არჩევნები, კარვების საქმე, შრომის უფლებები – როგორ აჯამებს ომბუდსმენი 2018 წელს

ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობა სახალხო დამცველის 2018 წლის ანგარიშში მოხვდება როგორც საქმე, რომელზეც არ ჩატარებულა აუცილებელი და გადაუდებელი საგამოძიებო მოქმედებები. სახალხო დამცველი საქმის შესწავლის შედეგად აცხადებს, რომ ამ მკვლელობამ საგამოძიებო უწყებაში სისტემური პრობლემები გამოავლინა. ამ და სხვა მნიშვნელოვან საქმეებზე ნინო ლომჯარიამ დღეს, 7 დეკემბერს, წლის შემაჯამებელ პრესკონფერენციაზე ისაუბრა. 

სიცოცხლის უფლების რეალიზაციის კუთხით, სახალხო დამცველმა სპეცოპერაციის დროს მოკლულ თემირლან მაჩალიკაშვილზეც გაამახვილა ყურადღება. ნინო ლომჯარიას თქმით, არაერთი თხოვნის მიუხედავად, ომბუდსმენის აპარატს საქმის მასალების გაცნობის შესაძლებლობა არ აქვს. სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ საზოგადოებას უნდა ჰქონდეს ინფორმაცია სპეცოპერაციის დროს გამოყენებული ძალის კანონიერების შესასწავლად მიმდინარე გამოძიების შედეგებზე.

ომბუდსმენმა ასევე შეაფასა შეკრებისა და მანიფესტაციის კუთხით ქვეყანაში არსებული მდგომარეობა. მისი თქმით, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დარღვევა მალხაზ მაჩალიკაშვილისა და ზაზა სარალიძისთვის კარვების გაშლის აკრძალვა იყო. ამ საკითზე სახალხო დამცველმა საკონსტიტუციო სასამართლოს სარჩელითაც მიმართა.

“კიდევ ერთხელ მოვუწოდებ სამართალდამცავ ორგანოებსა და სხვა პასუხისმგებელ სტრუქტურებს, ხელოვნური და კანონშეუსაბამო არგუმენტით არ შეუშალონ ხელი აქციის მონაწილეებს შეკრების თავისუფლების რეალიზებაში,” – ამბობს ლომჯარია.

სახალხო დამცვლის აპარატის შეფასებით, მიმდინარე წელს ძირითადად დაცული იყო შეკრებისა და მანიფესტაციის უფლება.

ომბუდსმენის აპარატის ინფორმაციით, 2018 წელს ყველაზე დაუცველი ჯგუფები არიან ლგბტ თემის წარმომადგენლები, ქალები და შეზღუდული შესაძლებლობების პირები.

ნინო ლომჯარიას თქმით, ხშირია ლგბტ ჯგუფის წარმომადგენლების მიმართ სიძულვილით მოტივირებული დანაშაულების ჩადენის მაჩვენებელი. ნეტგაზეთის კითხვაზე, გაიზარდა თუ არა წინა წელთან შედარებით ლგბტ პირთა მიმართვიანობა, ლომჯარია ამბობს, რომ ამის შესახებ დეტალურად 2018 წლის ანგარიშში იქნება საუბარი. ომბუდსმენი 2019 წლის მარტში პარლამენტში 2018 წლის ანგარიშით წარდგება.

სახალხო დამცველის თქმითვე, წინა წლებთან შედარებით, სექსუალური შევიწროების შესახებ მიმართვიანობა გაიზარდა.  ნინო ლომჯარიას განცხადებაში, რომელიც 2018 წელს ქვეყანაში ადამიანის უფლებებს ეხება, საპრეზიდენტო არჩევნებიც მოხვდა. ომბუდსმენის შეფასებით, საარჩევნო კამპანია სიძულვილის ენის გამოყენების ფონზე მიმდინარეობდა, რომელიც მე-2 ტურისთვის უფრო გამწვავდა. 

აგრესიული კამპანიის მსხვერპლი ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციებიც გახდნენ. ლომჯარიას თქმით, ამ საკითხზე აპარატმა ხელისუფლებას მოუწოდა, დაეცვა გაეროს დეკლარაციისა და ეუთოს სახელმძღვანელო დოკუმენტის პრინციპები ადამიანის უფლებების დამცველების თაობაზე სამოქალაქო სექტორთან ურთიერთობის დროს. საარჩევნო პერიოდში ზეწოლისა და სავარაუდო მოსყიდვის ფაქტებს ომბუდსმენის აპარატი შეისწავლის. 

“სახალხო დამცველმა დაიწყო შესწავლა ყველა იმ ფაქტის, რაზეც ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციები და საარჩევნო სუბიექტები საუბრობდნენ. მინდა ვთქვა, რომ არცერთ მოქალაქეს საარჩევნო უფლების დარღვევის შესახებ არ მოუმართავს. ძალიან საგანგაში იყო ის ფაქტი, რომ ძალიან ბევრი ინფორმაცია ვრცელდებოდა სავარაუდო ზეწოლის, მუქარისა და მოსყიდვის შესახებ. ამის გამო ამ ინფორმაციის გადამოწმება დავიწყეთ. ჩვენთვის მნიშვნელოვანია შევისწავლოთ ეს ფაქტები და ვნახოთ, დადასტურდება თუ არა ისინი. ჩვენ ასევე ვსწავლობთ, რა რეაგირება მოახდინეს ამ ფაქტებზე სამართალდამცავმა ორგანიებმა,” – ამბობს ლომჯარია.

სახალხო დამცველის აპარატის ინფორმაციით, მიუხედავად იმისა, რომ 2018 წელს შშმ პირთა საჭიროებებზე მიმართული პროგრამების დაფინანსება გაიზარდა, ეს თანხა საკმარისი არ არის. ქვეყანაში შშმ პირთა დასაქმების დაბალი მაჩვენებელია, კვლავ პრობლემად რჩება ინკლუზიური განათლების ხარისხი. 

ომბუდსმენის აპარატის ინფორმაციით,  2018 წელს საქართველოში შრომითი მოვალეობების შესრულებისას დაშავდა 77 და გარდაიცვალა 35 ადამიანი. შრომითი უსაფრთხოების კუთხით მძიმე მდგომარეობის გამო, სახალხო დამცველი პარლამენტს მოუწოდებს, მიიღოს კანონი “შრომის უსაფრთხოების შესახებ”.

რაც შეეხება პატიმართა უფლებებს, ომბუდსმენის აპარატი მოითხოვს, საკანონმდებლო ცვლილებების შედეგად ჰქონდეთ შესაძლებლობა, პატიმრის გარდაცვალების შემთხვევაში, მიიღონ ინფორმაცია მისი ჯანმრთელობის შესახებ.

სახალხო დამცველიის ინფორმაციით, მათ ხელი არ მიუწვდებათ გარკვეული კატეგორიის პერსონალურ მონაცემებზე. მაგალითად, პატიმრის გარდაცვალებისას მიუწვდომელია ინფორმაცია მისი ჯანმრთელობის შესახებ, ასევე, პატიმართა სახელები, გვარები და სხვა პირადი მონაცემები. ასევე, სახალხო დამცველმა საქართველოს პარლამენტს მიმართა წინადადებით, რათა უწყებას გარკვეული კატეგორიის (რომლებიც შეეხება არასათანადო მოპყრობის ან/და სიცოცხლის ხელყოფის ფაქტების გამოძიებას) სისხლის სამართლის საქმის მასალების გაცნობის შესაძლებლობა მიეცეს.

2018 წლის 11 თვის მონაცემებით, საქართველოს სახალხო დამცველის აპარატში შემოვიდა 7 350 განცხადება. მათი უმრავლესობა სისხლის სამართლის მართლმსაჯულების საკითხებს შეეხება, თუმცა გაზრდილია მიმართვიანობა საქართველოს რეგიონებიდან, სხვადასხვა, მათ შორის, ბავშვის უფლებების დარღვევის ფაქტების შესახებ.

მასალების გადაბეჭდვის წესი