შეგახსენებთ, რომ ზუგდიდის საარჩევნო ოლქის 32-ე უბანი ანაკლიაში 2 წლის წინ გაუჩინარებული გოგიტა აბულაძის ახლობლებმა დაარბიეს.
აღნიშულ უბანზე 1140 ამომრჩეველია რეგისტრირებული, ხმა უკვე 102 ამომრჩეველს ჰქონდა მიცემული, როდესაც იქ აბულაძის ოჯახის წევრები მივიდნენ, დაარბიეს იქაურობა და შედეგად შეწყდა საარჩევნო პროცესი.
გოგიტა აბულაძე 2012 წლის 18 იანვარს გაუჩინარდა. იგი ანაკლიის მკვიდრია. აბულაძე სახლიდან 18 იანვარს სამსახურში, სასტუმრო “ანაკლიაში” წავიდა და მას შემდეგ არავის უნახავს. როგორც“ლაივპრესი” იუწყება, ოჯახის წევრებმა აბულაძის წერილი გაუჩინარებიდან ორი თვის შემდეგ შემთხვევით აღმოაჩინეს.
“გადავედი აფხაზეთში ჟენიას შესახვედრად. ამის შესახებ იცის მალხაზ პაჭკორიამ”,– ნათქვამია წერილში.
წერილში ნახსენები მალხაზ პაჭკორია სამეგრელოს რეგიონში კონტრდაზვერვის დეპარტამენტის უფროსია. მან ტელეკომპანია „მაესტროსთან“ საუბარში გოგიტა აბულაძესთან კავშირი უარყო.
„გამოძახებული ვიყავი. მივეცი ჩვენება. გამოძიებასთან სათანამშრომლოდ ნებისმიერ დროს მზად ვარ. არ ვიცნობდი ამ პიროვნებას, შეხება არ მქონია. ეს ყველაფერი დავაფიქსირე“, – განაცხადა მალხაზ პაჭკორიამ.
ოჯახი აღნიშნული ფაქტის გამოძიებას ითხოვს.