ახალი ამბები

2019 წელს ბიუჯეტი 13.09 მილიარდი ლარი იქნება

4 დეკემბერი, 2018 • 2777
2019 წელს ბიუჯეტი 13.09 მილიარდი ლარი იქნება

2019 წლის ბიუჯეტი, 2018 წელთან შედარებით, 630.5 მილიონით იზრდება და 13 090 000 000 ლარს შეადგენს.

მათ შორის, საბიუჯეტო სახსრები შეადგენს 11 696 200 000 ლარს, გრანტები – 92 700 000 ლარს, ხოლო კრედიტები – 1 301 100 000 ლარს.

ბიუჯეტის საბოლოო ვერსიით განსაზღვრული ოდენობა 92.4 მილიონი ლარით მეტია, ვიდრე პროექტის მეორე წარდგენისას იყო გათვალისწინებული.

ბიუჯეტის გადამუშავებულ ვერსიაში სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსულობები 12 863 800 000 ლარით განისაზღვრა.

1 470 600 000 მილიონ ლარამდე იზრდება შრომის ანაზღაურება, რაც მეორე ვარიანტში განსაზღვრულ თანხას თითქმის 1.51 მილიონი ლარით აღემატება. მომავალი წლის ბიუჯეტი დაგეგმილია ეკონომიკური ზრდის 4.5%-იან მაჩვენებელზე.

“მიუხედავად პოზიტიური ტენდენციებისა, მიზანშეწონილად იქნა მიჩნეული, ბიუჯეტის დაგეგმვა  განხორციელდეს შედარებით კონსერვატიულ პროგნოზებზე, ვინაიდან ზოგიერთ ჩვენს სავაჭრო პარტნიორი ქვეყნის ეკონომიკაში მიმდინარე ტენდენციებმა შესაძლებელია, უარყოფითი გავლენა იქონიოს ჩვენს საგარეო მოთხოვნაზე, რაც, რა თქმა უნდა, უარყოფითად აისახება ჩვენი საქონლისა და მომსახურების ექსპორტზე”, – ნათქვამია ბიუჯეტის შესახებ კანონპროექტის განმარტებით ბარათში.

სხვა ძირითადი პარამეტრები 2019 წლისთვის ასეთია:

  • მშპ-ის დეფლატორი – 3.5%;
  • ინფლაცია – 3.0%;
  • საბიუჯეტო დეფიციტი – 2.6%.

რაც შეეხება საბიუჯეტო ორგანიზაციებს, ბიუჯეტის წარმოდგენილი პროექტით:

  • ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დაფინანსება 2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის მეორე ვერსიასთან შედარებით 31 მილიონ ლარზე მეტით იზრდება და თითქმის 4 მილიარდს შეადგენს. სამინისტროს დაფინანსება 2018 წელთან შედარებით 344 მილიონ ლარზე მეტით არის გაზრდილი. განმარტებითი ბარათის თანახმად, დაფინანსების ზრდა ძირითადად გამოწვეულია მნიშვნელოვნად შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების სოციალური დახმარებების 20 ლარით გაზრდის დასაფინანსებლად;
  • რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს დაფინანსება წინა წარდგენასთან შედარებით გაზრდილია 35 მილიონი ლარით და შეადგენს 2 მილიარდ ლარს, რაც 2018 წლის მაჩვენებელს 174 მილიონ 800 ათასი ლარით აღემატება;
  • განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს დაფინანსება 1 508 500 000 ლარით განისაზღვრება. სამინისტროს დაფინანსება წინა წელთან შედარებით გაზრდილია 47 მილიონ ლარზე მეტით;
  • გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთვის გამოყოფილი თანხა 338 900 000 ლარს შეადგენს. მიმდინარე წელთან შედარებით დაფინანსება 64 მილიონ ლარზე მეტით არის გაზრდილი;
  • ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსთვის გამოყოფილი ასიგნება ბიუჯეტის პროექტის მეორე წარდგენასთან შედარებით ასევე გაიზარდა და 369 500 000 ლარს შეადგენს;
  • საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დაფინანსება 91 მილიონი ლარია;
  • იუსტიციის სამინისტროსთვის გამოყოფილი თანხა 181 მილიონ ლარს აღემატება;
  • საგარეო საქმეთა სამინისტროსთვის გამოყოფილია 136 500 000 ლარი;
  • თავდაცვის სამინისტროსთვის გამოყოფილია 875 მილიონი ლარი, რაც მეორე წარდგენასთან შედარებით  5 მლნ ლარით მეტია;
  • შინაგან საქმეთა სამინისტროსთან გაერთიანდა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური და გამოყოფილი ასიგნება შეადგენს 741 600 000 ლარს; ამ ბიუჯეტის ფარგლებში გათვალისწინებულია მიმდინარე წელს განხორციელებული, დაბალი რანგის პოლიციელთა ხელფასების ზრდის (საშუალოდ 250 ლარით) სრული დაფინანსება, ასევე, პირველი იანვრიდან გათვალისწინებულია სასაზღვრო პოლიციაში დაბალი რანგის პოლიციელთა ხელფასების ზრდა (საშუალოდ 250 ლარით), 5,5 მლნ ლარი გათვალისწინებულია მეხანძრეებისა და მაშველების ხელფასების ზრდისთვის, ხოლო 30 მლნ ლარი- სახანძრო მანქანების განახლებისთვის;
  • სუს-ის დაფინანსება 12 მილიონი ლარით არის გაზრდილი და 136 მილიონ ლარს შეადგენს. აქაც 6 მლნ ლარამდე გათვალისწინებულია დაბალი რანგის მოსამსახურეთა ხელფასების 250 ლარით ზრდისთვის, ასევე, საქართველოს ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს შესახებ საქართველოს კანონის შესაბამისად თანხები გათვალისწინებულია გეოლოკაციის რეალურ დროში განსაზღვრის სისტემის შექმნის ნაწილობრივ დასაფინანსებლად;
  • საქართველოს პროკურატურისთვის გათვალისწინებულია 37 მილიონ 300 ათასი ლარი;
  • საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურისთვის – 57 მილიონ 500 ათასი  ლარი;
  • სახალხო დამცველის აპარატისთვის – 6,4 მლნ ლარი;
  • იურიდიული დახმარების სამსახურისთვის – 6,4 მლნ ლარი;
  • პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატისთვის გათვალისწინებულია 2.8 მლნ ლარი. ბიუჯეტის პროექტის წინა წარდგენასთან შედარებით ეს თანხა გაზრდილია 800 000 ლარით, რაც დაკავშირებულია მიმდინარე წელს განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილებებთან, ინსპექტორის ფუნქციების გაზრდიდან გამომდინარე.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი