ახალი ამბები

“საერთაშორისო გამჭვირვალობის” თანამშრომელი “იმედს” ჟურნალისტური ეთიკის ქარტიაში უჩივის

3 დეკემბერი, 2018 • 1600
“საერთაშორისო გამჭვირვალობის” თანამშრომელი “იმედს” ჟურნალისტური ეთიკის ქარტიაში უჩივის

არასამთავრობო ორგანიზაცია “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” პროგრამის მენეჯერმა ლევან ნატროშვილმა ჟურნალისტური ეთიკის ქარტიას მიმართა ტელეკომპანია “იმედის” ჟურნალისტების წინააღმდეგ.

ქარტიის საბჭოს სამდივნომ 3 დეკემბერს დასაშვებად ცნო ნატროშვილის განცხადება.

ნატროშვილი დავობს, რომ 29 ნოემბერს “იმედის” საინფორმაციო გადაცემა “ქრონიკაში” გასული სიუჟეტი, სათაურით “მესამე სექტორმა ყალბ მოწმობებთან დაკავშირებით გავრცელებული ცნობის არასანდოობა აღიარა”, მანიპულაციურია და აუდიტორია შეცდომაში შეჰყავს.

ეს სიუჟეტი ეხება არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ წინაარჩევნო პერიოდში გამოვლენილ სავარაუდო დარღვევებს, მათ შორის, ყალბი პირადობის მოწმობების დამზადებას.

როგორც ქარტია აღნიშნავს, “იმედის” მიერ მომზადებული მასალის მიხედვით, არასამთავრობო ორგანიზაციებმა აღიარეს, რომ ამ თემაზე მათ მიერ გავრცელებული ინფორმაცია არასანდო იყო.

ნატროშვილი მიიჩნევს, რომ “იმედმა” ქარტიის პირველი პრინციპი — სიზუსტე — დაარღვია და არასწორი ინფორმაცია გაავრცელა.

ქარტიის საბჭო განცხადებას ღია სხდომაზე განიხილავს.

მასალების გადაბეჭდვის წესი