ახალი ამბები

ბაროზო: ვიზალიბერალიზაციის დაჩქარების წინააღმდეგი არავინაა

13 ივნისი, 2014 • • 1124
ბაროზო: ვიზალიბერალიზაციის დაჩქარების წინააღმდეგი არავინაა

ასე უპასუხა მან პრესკონფერენციაზე დასმულ შეკითხვას, შესაძლებელია თუ არა, რომ ვიზალიბერალიზაციის დასრულების პროცესმა  ევროკავშირსა და საქართველოს შორის დროში უფრო გადმოიწიოს.


 ოფიციალური თბილისი ევროკავშირთან ვიზალიბერალიზაციის დასრულებას 2016 წლისთვის ელოდება. 


ბაროზოს თქმით, ეს ტექნიკური საკითხია და ევროკომისია უნდა დარწმუნდეს, რომ ვიზალიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის ყველა სტანდარტი დაკმაყოფილებულია საქართველოს მხრიდან:

 

“ჩვენ კვლავაც ვაცხადებთ ერთგულებას საქართველოსთან უვიზო რეჟიმის განხორციელების თაობაზე, მაგრამ აქ საკითხი ტექნიკური ხასიათისაა. ჩვენ ვმუშაობთ საქართველოს ხელისუფლებასთან იმისთვის, რომ დავასრულოთ მოსამზადებელი სამუშაოები, რათა აღნიშნული რეალობად იქცეს”.


მისი თქმით, ვიზალიბერალიზაციის ვადის გადმოწევის წინააღმდეგი არავინაა:


“ჩვენ ვცდილობთ ამას მივაღწიოთ, თუ სხვა ქვეყნებთან გავაკეთეთ, საქართველოსთან რატომ არ უნდა განვახორციელოთ, მაგრამ ეს არის ტექნიკური თემა, უნდა დავრწმუნდეთ იმაში, რომ ყველა სტანდარტია დაკმაყოფილებული ვიზალიბერალიზაციის [სამოქმედო გეგმის] საკითხში”, – განაცხადა მან.


ბაროზო
ბაროზო


 ვიზალიბერალიზაციის სამოქმედო გეგმა, რომელიც საქართველოს ხელისუფლებას 2013 წელს ევროკავშირის საშინაო საქმეთა კომისარმა სესილია  მალსტრიომმა წარმუდგინა თბილისში, კანონმდებლობის თვალსაზრისით საქართველოს რამდენიმე ვალდებულებას უყენებს.  მათ შორის არის პერსონალური მონაცემების დაცვის საკანონმდებლო უზრუნველყოფა როგორც საჯარო, ასევე კერძო და პოლიციის, ანუ საგამოძიებო სექტორშიც.


კანონპროექტები, რომელსაც არასამთავრობოთა კოალიცია “ეს შენ გეხება” ლობირებს, სწორედ საგამოძიებო სფეროში ფარული მოსმენებისა და თვალთვალის საკითხებს არეგულირებს, თუმცა ეს კანონპროექტები პარლამენტმა ჯერ მხოლოდ პირველი მოსმენით მიიღო. ამასთან, ჯერ ღიად რჩება საკითხი, ექნებათ თუ არა გამომძიებლებს მოქალაქეების სატეელფონო საუბრებზე პირდაპირი, პროვაიდერი კომპანიების საქმის კურსში ჩაყენების გარეშე დაშვება.


როგორ შეასრულა საქართველომ ვიზალიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის პირველი ნაწილი, ანუ კანონმდებლობის ევროპულთან ჰარმონიზაცია, ამას ევროკომისია შემოდგომაზე შეაფასებს, რის შემდეგაც გეგმის მეორე ფაზა, ანუ იმპლემენტაცია დაიწყება.

მასალების გადაბეჭდვის წესი