ახალი ამბები

მოვუწოდებ, ნუ გაიქაჩებიან იმაზე, რისი რესურსიც არ აქვთ – კობახიძე ოპოზიციას

3 დეკემბერი, 2018 • 1681
მოვუწოდებ, ნუ გაიქაჩებიან იმაზე, რისი რესურსიც არ აქვთ – კობახიძე ოპოზიციას

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არასერიოზულად აფასებს  გაერთიანებული ოპოზიციის ულტიმატუმს მთავრობის მიმართ, 16 დეკემბრამდე  შეიქმნას სამუშაო ჯგუფი  “პოლიტიკური კრიზისიდან გამოსასვლელად”. ირაკლი კობახიძის თქმით, მმართველ გუნდს სხვა დღის წესრიგი აქვს, რომელიც ქვეყნის განვითარებას და პრეზიდენტის ინაუგურაციისთვის მზადებას მოიცავს:

“ულტიმატუმს რაც შეეხება, ეს არ არის სერიოზული და ამაზე სერიოზული კომენტარის გაკეთება არის შეუძლებელი. ჩვენ გვაქვს ჩვენი დღის წესრიგი, რომელიც არის ქალაქის განვითარება, ქვეყნის განვითარება, მზადება, რა თქმა უნდა, ინაუგურაციისთვის, რომელიც შედგება 16 დეკემბერს და ჩვენი დღის წესრიგი არის 2020 წლის ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის და ყველას მოვუწოდებ ასეთივე დღის წესრიგით დაკავდნენ, თუმცა ამის პერსპექტივა ნაკლებად აქვს იმ პოლიტიკურ ძალას, რომელიც იქაჩება იმაზე, რისი თავიც არ აქვს”, – ამბობს კობახიძე.

პარლამენტის თავმჯდომარის თქმით,  შემდეგი საპარლამენტო არჩევნები 2020 წლის ოქტომბერში ჩატარდება ისე, როგორც ამას ქვეყნის კონსტიტუცია ითვალისწინებს:

ჩვენ თავიდანვე ვამბობდით, რომ ნაცმოძრაობას წაგების შემდეგ ექნებოდა დესტაბილიზაციის მცდელობა, თუმცა გუშინ გამოჩნდა ის, რასაც ვამბობდით, რომ მათ ამის რესურსი ნამდვილად არ აქვთ. მათ არ აქვთ ხალხის მხარდაჭერა, შესაბამისად, ისინი ვერ შეძლებენ პროცესებში რაიმე დესტაბილიზაციის შეტანას.

ჩვენ ვართ პასუხისმგებელი იმაზე, რომ დავიცავთ მშვიდობას და სტაბილურობას ქვეყანაში. აქედან გამომდინარე, მათ მოვუწოდებ, ნუ გაიქაჩებიან იმაზე, რისი რესურსიც არ აქვთ – ამაზე ვართ ჩვენ პასუხისმგებელი, რომ ისინი ვერანაირად ვერ მოახერხებენ დესტაბილიზაციის გამოწვევას. შემდეგი საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება 2020 წლის ოქტომბრეში, როგორც ამას ითვალისწინებს საქართველოს კონსტიტუცია”, – აცხადებს კობახიძე.


გაერთიანებული ოპოზიცია ხელისუფლებას სთავაზობს სამუშაო ჯგუფის შექმნას  “პოლიტიკური კრიზისიდან გამოსასვლელად” და ვადას 16 დეკემბრამდე აძლევს. აღნიშნული გადაწყვეტილება  კოალიციის ლიდერმა და არჩევნებში საპრეზიდენტო კანდიდატმა გრიგოლ ვაშაძემ პარლამენტთან ჩატარებულ აქციაზე გაახმიანა. სწორედ ამ დღეს დაანონსდა მომდევნო აქციაც.

მანვე აღნიშნა, რომ ოპოზიცია არ ცნობს არჩევნების შედეგებს და ამზადებს სარჩელს, რომელსაც სასამართლოში შეიტანს მათი გაბათილების მოთხოვნით. მისი განცხადებით, ოპოზიცია კვლავ ითხოვს საარჩევნო კანონმდებლობის შეცვლასა და ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას.

მასალების გადაბეჭდვის წესი