ახალი ამბები

უკრაინამ მეგის ქარდავას საექსტრადიციო პატიმრობა შინაპატიმრობით შეუცვალა

3 დეკემბერი, 2018 • 1294
უკრაინამ მეგის ქარდავას საექსტრადიციო პატიმრობა შინაპატიმრობით შეუცვალა

საქართველოს მთავარი პროკურატურის ინფორმაციით, უკრაინამ  მეგის ქარდავას საექტრადიციო პატიმრობა შინაპატიმრობით შეუცვალა. პროკურატურაში აცხადებენ, რომ თავშესაფრის მინიჭების პროცედურების დასრულებისთანავე, უკრაინის იუსტიციის სამინისტრო განიხილავს სამხედრო პოლიციის ყოფილი უფროსის საქართველოში ექსტრადიციის საკითხს. მეგის ქარდავამ უკრაინისგან თავშესაფარი დაკავებისთანავე, გასულ წელს მოითხოვა.

“მეგის ქარდავას საქართველოში ექსტრადიციის საკითხი განიხილება უკრაინის იუსტიციის სამინისტროს მიერ დ მას შეფარდებული ჰქონდა საექსტრადიციო პატიმრობა, რომლის მაქსიმალური ვადა არის დაკავებიდან ერთი წელი. მეგის ქარდავამ დაკავებისთანავე მიმართა უკრაინის შესაბამის ორგანოებს თავშესაფრის მინიჭების თხოვნით. აღნიშნული საკითხი ამჟამად განხილვის ეტაპზეა. უკრაინული კანონმდებლობის თანახმად, პირისათვის თავშესაფრის მინიჭების საკითხის საბოლოო გადაწყვეტამდე დაუშვებელია მისი ექსტრადიციის საკითხის გადაწყვეტა. შესაბამისად, ვინაიდან მეგის ქარდავას მიმართ შეფარდებული საექსტრადიციო პატიმრობის მაქსიმალური ვადა იწურებოდა 2018 წლის პირველ ნოემბერს და მისთვის თავშესაფრის მინიჭების საკითხის განხილვა არ იყო დასრულებული, მის მიმართ გამოყენებული საექტრადიციო პატიმრობა შეიცვალა შინაპატიმრობით,” – წერია პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

პროკურატურის ცნობით, ქარდავას საქართველოში ექსტრადიციას 11 სისხლის სამართლის საქმეზე მოითხოვენ, რასთან დაკავშირებითაც გარკვეულ საქმებზე დაუსწრებლად არის მსჯავრდებული, ხოლო დანარჩენი საქმეები არსებითად განიხილება შესაბამის სასამართლოებში.

მასალების გადაბეჭდვის წესი