ახალი ამბები

ოპოზიცია კვლავ იწყებს რეგიონების შემოვლას – ვაშაძე

3 დეკემბერი, 2018 • 1549
ოპოზიცია კვლავ იწყებს რეგიონების შემოვლას – ვაშაძე

უღრმესი მადლობა “რესპუბლიკურ პარტიას”, “ლეიბორისტულ პარტიას” და “ევროპული საქართველოს” იმ ლიდერებს, რომელთაც მხარდაჭერა გამოხატეს. ახლა უნდა დავსხდეთ და დავიწყოთ შინაარსობრივი სამუშაო.

გაერთიანებული ოპოზიციის ლიდერისა და ყოფილ საპრეზიდენტო კანდიდატის, გრიგოლ ვაშაძის თქმით, ოპოზიცია საქართველოს რეგიონების ხელახლა შემოვლას იწყებს. ამის შესახებ მან “რუსთავი2”-ის გადაცემაში “განსხვავებული აქცენტები” სამომავლო გეგმების განხილვისას ისაუბრა.

“რეგიონებში ვიწყებთ სიარულს. ფეხით იქნება ეს, ავტომობილით თუ რაღაცით, ახლა ვგეგმავთ ზუსტად მარშრუტებს”, – აღნიშნა მან.

ვაშაძის განცხადებით, საპრეზიდენტო არჩევნების წინ რეგიონებში ვიზიტებისა და მხარდამჭერებთან უშუალო შეხვედრების გარეშე, გაერთიანებულ ოპოზიციას მოქალაქეების მხარდაჭერა არ ექნებოდა.

“ხალხმა დაინახა, რომ მათი ცხოვრებით ვცხოვრობთ, მათ ცხოვრებას განვიცდით და მათი ცხოვრება გვაინტერესებს”, – აღნიშნა მან.

ვაშაძემ ასევე აღნიშნა, რომ განაგრძობს ერთიანი პლატფორმის შექმნაზე მუშაობას ოპოზიციურ პარტიებთან.

“ჩვენ ვიწყებთ პოლიტიკურ პარტიებთან დიალოგს იმისათვის, რომ გამოვიმუშავოთ ერთიანი პლატფორმა მიტინგებზე არ უნდა ვიდგეთ ერთმანეთთან. საკმაოდ ფართო ოფისები გვაქვს, რომ დავსხდეთ”, – თქვა მან და აღნიშნა, რომ “16 დეკემბერს  იქნება ეს თუ არა”, ხელისუფლებას აუცილებლად მოუწევს დიალოგი ოპონენტებთან.

გაერთიანებული ოპოზიცია ხელისუფლებას “პოლიტიკური კრიზისიდან გამოსასვლელად” სამუშაო ჯგუფის შექმნას სთავაზობს და ვადას 16 დეკემბრამდე აძლევს. აღნიშნული გადაწყვეტილება  კოალიციის ლიდერმა და არჩევნებში საპრეზიდენტო კანდიდატმა გრიგოლ ვაშაძემ პარლამენტთან ჩატარებულ აქციაზე გაახმიანა. სწორედ ამ დღეს დაანონსდა მომდევნო აქციაც.

მანვე აღნიშნა, რომ ოპოზიცია არ ცნობს არჩევნების შედეგებს და ამზადებს სარჩელს, რომელსაც სასამართლოში შეიტანს მათი გაბათილების მოთხოვნით. მისი განცხადებით, ოპოზიცია კვლავ ითხოვს საარჩევნო კანონმდებლობის შეცვლასა და ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას.

მასალების გადაბეჭდვის წესი