გააზიარე სითბო – საქველმოქმედო კარადებს მოქალაქეები მთელი ქვეყნის მასშტაბით დგამენ

რამდენიმე დღის წინ თბილისის ერთ-ერთი უბნის მცხოვრებთა მიერ მიუსაფარი ადამიანების დასახმარებლად დაწყებული კამპანია ფართოვდება. გასული სამი დღის მანძილზე თბილისსა და საქართველოს სხვა ნაწილებში მოქალაქეებმა არაერთი კარადა დადგეს, სადაც მიუსაფართათვის თბილ ტანსაცმელსა და საკვებს ტოვებენ.

კამპანია, სახელწოდებით “გააზიარე სითბო” თბილისში, გაბრიელ სალოსის ქუჩაზე დაიწყო. რამდენიმე მეგობარმა ქუჩაში ხის კარადა დადგა, რომელშიც თბილი ტანსაცმელი და საკვები იყო მოთავსებული. მათ სხვებსაც მოუწოდეს, შესაძლებლობათა ფარგლებში, ასევე მოქცეულიყვნენ.

მოკლე ხანში იდეას არაერთი სხვა ადამიანი გამოეხმაურა, რომელთაც თავიანთ უბნებსა და ქუჩებზე საკვებსა და ნივთებს მოუყარეს თავი, დადგეს კარადები, იგივე მოწოდებით გადაიღეს ვიდეოები და სოციალურ ქსელში გაავრცელეს. ასე მოიცვა რამდენიმე მეგობრის იდეამ როგორც თბილისის სხვა დასახლებები, ისე ქვეყნის სხვა წერტილები.

კამპანიის სახელწოდებით უკვე შეიქმნა ფეისბუქ გვერდიც, რომელზეც მოქალაქეთა აქტივობები იყრის თავს. ამ დროისათვის, საქველმოქმედო კარადები შემდეგ წერტილებშია განთავსებული:

  • თბილისი – ბერი გაბრიელ სალოსის 52
  • თბილისი – ბერი გაბრიელ სალოსის 145
  • თბილისი – ბერი გაბრიელ სალოსის 155
  • თბილისი – აფრიკის დასახლება – ენგურჰესის 4
  • თბილისი – გლდანის პარკის მიმდებარე ტერიტორია
  • თბილისი – კოსტავას 75გ
  • თბილისი – პეტრიწის 5 
  • თბილისი – დადიანის 152
  • რუსთავი – მეგობრობის ქუჩა
  • ფოთი – რუსთაველის რკალი, “ელიტ ელექტრონიქსის” გვერდით.
  • ბათუმი – ჭავჭავაძის ქუჩა
  • კასპი – ავტოვაგზლის ტერიტორია

აქციას მოქალაქეები ასევე შეუერთდნენ საჩხერეში, საგურამოსა და ზესტაფონში. “ნეტგაზეთი” კარადების ზუსტი მისამართების დადგენას ცდილობს.

ქვემოთ გთავაზობთ ვიდეოებს, რომლებიც სოციალურ ქსელში კამპანიის მონაწილეების მიერ აიტვირთა:

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
მიხეილ გვაძაბია არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2017 წლის სექტემბრიდან