ახალი ამბები

გაიხსნას ღვინის მუზეუმი ე.წ. “დოქების” ნაგებობაში – პეტიცია

2 დეკემბერი, 2018 • 2708
გაიხსნას ღვინის მუზეუმი ე.წ. “დოქების” ნაგებობაში – პეტიცია

მოქალაქეებმა საქართველოში ღვინის მუზეუმის გახსნის თხოვნით ელექტრონული ხელმოწერების შეგროვება დაიწყეს. პეტიციის ავტორი მეღვინე, “Iago’s Wine”-ის დამფუძნებელი იაგო ბიტარიშვილია.

ხელმომწერები მთავრობასა და მერიას მიმართავენ და დაწესებულების განთავსებას რიყის პარკში, ამჟამად უფუნქციო ე.წ. “დოქების” ნაგებობაში ურჩევენ.

“არაერთმა არქეოლოგიურმა აღმოჩენამ დაადასტურა , რომ ადამიანისა და ვაზის ურთიერთობა ძვ.წ. VI ათასწლეულიდან დაიწყო და რომ საქართველოს ტერიტორიაზე არამხოლოდ პირველი კულტურული ვაზი გვხვდება, არამედ ღვინის პირველი ნიშნებიც.

აქედან გამომდინარე აუცილებლად მიგვაჩნია საქართველოში და კერძოდ თბილისში შეიქმნას მაღალი დონის  ქართული ღვინის მუზეუმი რომელიც ქვეყნის და ჩვენი დედაქალაქის სავიზიტო ბარათი გახდება”, – აცხადებენ მოქალაქეები და აქვე განმარტავენ, რატომ მიაჩნიათ მიზანშეწონილად მუზეუმის გახსნა დედაქალაქში:

“თუ გავითვალისწინებთ ბოლო წლებში ტურისტული ნაკადის დინამიურ ზრდას, ყველაზე აქტიური ადგილი ძველი თბილისის ტერიტორიაა, სადაც  უკვე რამოდენიმე წელია უფუნქციოდ დგას ეგრეთ წოდებული ,,დოქები’’-ს  ნაგებობა. ამ ადგილას მუზეუმის არსებობა დიდწილად გარანტიაა იმისა, რომ  სტუმრების უმრავლესობა  ადვილად მოხვდება ამ მუზეუმში რაც მისი რენტაბელობის გარანტია იქნება. ამავე დროს გაცოცხლდება დღემდე უფუნქციოდ არსებული ნაგებობა”.

ონლაინ პეტიცია manifest.ge-ზე, ამ ბმულზეა განთავსებული.

მასალის გარეკანზე გამოყენებულა Joel Rookwood-ის ფოტო.

მასალების გადაბეჭდვის წესი