მისი თქმით, შეთანხმება ბიზნესს საქართველოში უნიკალურ შესაძლებლობას მისცემს, რომ თავისი პროდუქცია, მათ შორის ღვინო, ევროპის იმ ბაზარზე გაიტანოს, სადაც 500 მილიონი ადამიანი ცხოვრობს:
“ჩემთვის დიდი სიამოვნებაა ვიმყოფებოდე საქართველოში, ქვეყანაში, რომელიც ევროპული ოჯახის წევრია. ეს ჩემი მეორე ვიზიტია საქართველოში. მე აქ 2008 წელსაც ვიყავი, მას შემდეგ, რაც სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთში შეტაკებები დაიწყო. მე აქ ახლა სულ სხვა კონტექსტში დავბრუნდი, მაგრამ ჩემი ძირითადი გზავნილი იგივეა: ჩვენ ვდგავართ დემოკრატიული, გაერთიანებული საქართველოს გვერდით”, – განაცხადა ბაროზომ.

მისი თქმით, ქვეყნის აყვავებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია რეფორმების გაგრძელება, ევროკავშირი თავზე არავის არაფერს ახვევს და ევროინტეგრაცია საქართველოს არჩევანია:
“ჩვენი, ანუ პარტნიორების ამოცანა არის, რომ დაგეხმაროთ თქვენ საკუთარი ამბიციების ასრულებაში. ჩვენ აქ იმისთვის ვართ, რომ დახმარება აღმოგიჩნოთ. საქართველო უნდა დარჩეს პოლიტიკური პლურალიზმის სახელმწიფოდ, მასმედიის თავისუფლების და თავისუფალი სასამართლოს პრინციპების ერთგული. ეს ძალიან მნიშვნელოვანია დემოკრატიისათვის. მე ვიმედოვნებ, რომ ეს არჩევნები საერთაშორისო სტანდარტებთან სრულ შესაბამისობაში იქნება”, – აღნიშნა ბაროზომ.




