ახალი ამბები

დაპირისპირება პოლიციასთან — პარიზში გრძელდება აქციები დიზელზე ფასების ზრდის წინააღმდეგ

1 დეკემბერი, 2018 • 1599
დაპირისპირება პოლიციასთან — პარიზში გრძელდება აქციები დიზელზე ფასების ზრდის წინააღმდეგ

საფრანგეთში უკვე მესამე შაბათ-კვირაა, მიმდინარეობს დემონსტრაციები დიზელის საწვავზე ფასების ზრდის წინააღმდეგ.

1 დეკემბერს პარიზში პოლიციასა და დემონსტრანტებს შორის შეტაკებები მოხდა, რის შედეგადაც, სულ ცოტა, 39 ადამიანი დააკავეს.

პოლიციამ დღეს ცრემლსადენი გაზი გამოიყენა დემონსტრანტების წინააღმდეგ. ზოგიერთ პოლიციელს ყვითელი საღებავი შეასხეს.

ყვითელჟილეტიანების დემონსტრაციები პარიზში. ფოტო: EPA-EFE/YOAN VALAT

როგორც შინაგან საქმეთა მინისტრმა კრისტოფ კასტანერმა დემონსტრაციის ადგილიდან დატვიტა, აქ დგას “200 მშვიდობიანი დემონსტრანტი და 1 500 აგიტატორი, რომელიც დაპირისპირებისთვის მოვიდა”.

დემონსტრანტებს, რომლებსაც “ყვითელჟილეტიანებს” უწოდებენ, არ ჰყავთ გამოკვეთილი ლიდერები და არცერთ პოლიტიკურ გაერთიანებას არ ეკუთვნიან.

საფრანგეთის კანონმდებობით, ყველა მძღოლს მანქანაში უნდა ჰქონდეს ყვითელი ჟილეტი იმ შემთხვევისთვის, თუკი ავარია მოუვათ ან მანქანა გაუჩერდებათ. ამ ფერის ჟილეტები მძროლებთანაა ასოცირებული, დემონსტრანტებსაც ზუსტად ასე აცვიათ და ამიტომაც უწოდებენ დემონსტრანტებს “ყვითელჟილეტიანებს”.

ყვითელჟილეტიანების დემონსტრაციები პარიზში. ფოტო: EPA-EFE/YOAN VALAT

BBC-ის თანახმად, საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონს ამ კვირაში “შემრიგებლური ტონი” ჰქონდა, თუმცა განაცხადა, რომ საწვავზე გადასახადებს არ შეამცირებს.

დიზელის — საფრანგეთში ყველაზე მოთხოვნადი საწვავის — ფასი 23%-ით გაიზარდა ბოლო 12 თვეში, და 2000-იანი წლებიდან დღემდე უმაღლეს ნიშნულს მიაღწია.

პრეზიდენტი მაკრონი საფრანგეთში საწვავის ფასის ზრდის მიზეზად მსოფლიოში საწვავის ფასს ასახელებს. მისივე თქმით, დიზელზე სუბსიდიების გაუქმება საფრანგეთის სტრატეგიის ნაწილია გლობალურ დათბობასთან გასამკლავებლად.

ყვითელჟილეტიანების დემონსტრაციები პარიზში. ფოტო: EPA-EFE/YOAN VALAT

BBC-ის ანალიტიკოსის თანახმად, პროტესტი ამორფულია, ანუ გამოკვეთილი ფორმა არა აქვს, თუმცა სიბრაზე, რაც ფასების ზრდას უკავშირდება, ნამდვილად არსებობს; მცირე ქალაქების მცხოვრებლები, რომლებიც მანქანებზე არიან დამოკიდებულები მაღაზიებამდე ან სამსახურამდე მისასვლელად, ფიქრობენ, რომ ხელისუფლება მათ ინტერესებს არ ითვალისინებს.

ყვითელჟილეტიანების დემონსტრაციები პარიზში. ფოტო: EPA-EFE/YOAN VALAT

მასალების გადაბეჭდვის წესი