ბუდაპეშტის ქუჩაზე მდებარე “რკინის თეატრის” რკინის ფასადი, რომელსაც ილუმინატორის მსგავსი ფანჯრები აქვს, გემის ფორმისაა. განსხვავებულია თეატრის სცენაც, სადაც მაყურებელები, სავარძლებისა და სკამების ნაცვლად, სცენის ირგვლივ დამონტაჟებული ხის დიდ საფეხურებზე სხდებიან.
“რკინის თეატრის” დამფუძნებელი და ხელმძღვანელი რეჟისორი დავით ანდღულაძეა. ის ამბობს, რომ მისი მიზანი განსხვავებული თეატრის შექმნა იყო.
“არავინ მიშლიდა ხელს და, ასე ვთქვათ, არავინ მბლოკავდა, რომ მივსულიყავი ნებისმიერ არსებულ თეატრში და იქ დამედგა სპექტაკლები, მაგრამ მე ვერ ვხედავდი ისეთ თეატრს, სადაც შეიძლებოდა ჩემი იდეები განმეხორციელებინა. შეიძლება მიხვიდე, გააკეთო არსებულში აბსოლუტურად განსხვავებული, მაგრამ რამდენად სიცოცხლისუნარიანი იქნება, ეს კიდევ საკითხავია,”- ამბობს თეატრის დამფუძნებელი.
ახალ თეატრში პირველი პრემიერა უკვე შედგა. სპექტაკლი “ფერმა” ჯორჯ ორუელის ნაწარმოების “ცხოველების ფერმის” მიხედვით დაიდგა. სპექტაკლში ექვსი მსახიობი თამაშობს და ყოველი მათგანი რამდენიმე პერსონაჟს განასახიერებს.
“რკინის თეატრის” დასი, რომელიც დავით ანდღულაძის მოსწავლეებისგან შედგება, მაყურებლის წინაშე პირველად 2011 წელს წარსდგა. მაშინ დასს საკუთარი შენობა არ ჰქონდა და ბრეხტის “სამგროშიანი ოპერის” მიხედვით შექმნილი სპექტაკლი “სულ სხვა ოპერა” თეატრალური უნივერსიტეტის ეზოში, ღია ცის ქვეშ ითამაშა.
“სულ სხვა ოპერა” მალე “რკინის თეატრის” სცენაზეც დაიდგმება, შემოდგომიდან კი რეპერტუარი უფრო მრავალფეროვანი გახდება. როგორც რეჟისორი დავით ანდღულაძე ამბობს, “რკინის თეატრის” სცენა ყველა ახალგაზრდა რეჟისორისთვის ღიაა, “ოღონდ გააჩნია, ისინი რას ეძებენ თაეტრალურ ხელოვნებაში”.








