ახალი ამბები

თანაკოალიციელი სულხან ღლონტი მედეა ვასაძეს ადამიანის უფლებების კომისიის თავმჯდომარის თანამდებობის დატოვებას ურჩევს

10 ივნისი, 2014 •
თანაკოალიციელი სულხან ღლონტი მედეა ვასაძეს ადამიანის უფლებების კომისიის თავმჯდომარის თანამდებობის დატოვებას ურჩევს

დეპუტატმა გიორგი მასალკინმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ მედეა ვასაძემ თვითონ უნდა გადაწყვიტოს, როგორ მოიქცევა, ბოდიშს მოიხდის, თუ არა. აჭარის უმაღლესი საბჭოს კიდევ ერთმა დეპუტატმა სულხან ღლონტმა კი, ნეტგაზეთს უთხრა, რომ მისი აზრით, ამ შემთხვევაში ბოდიში საკმარისი არ იქნება და დეპუტატმა ვასაძემ უმაღლესი საბჭოს ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის თავმჯდომარის თანამდბეობა უნდა დატოვოს:

 

“მე ვიყავი ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის შექმნის ინიციატორი, მაგრამ მე მაშინ არ ვფიქრობდი, რომ ასეთი კომისიის თავმჯდომარეს მსგავსი განცხადებები უნდა ეკეთებინა”, – ამბობს სულხან ღლონტი და დასძენს, რომ მედეა ვასაძეს ზემოხსენებულ თანამდებობაზე დარჩენა-არდარჩენის საკითხზე დაფიქრების რჩევა დღეს პირადად მისცა:


სულხან ღლონტი
სულხან ღლონტი

 

“მას აქვს თავისი აგრუმენტები, რომ თითქოს ეს [აუდიო] მასალა დამონტაჟებულია და არ არის ის კონტექსტი, რაც სინამდვილეში იყო, მაგრამ პირადად მე ვფიქრობ, რომ მედეა ვასაძე სავარაუდოდ ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის სრულფასოვანი თავმჯდომარე ვერ იქნება. ეს ჩემი, როგორც ერთი დეპუტატის მოსაზრებაა. ეს არის ის კომისია, რომელიც ზუსტადაც რომ ადამიანის უფლებების დაცვაზე უნდა იყოს ორიენტირებული. ნებისმიერი ტიპის განცხადება, რომლის კონტექსტშიც არ ამოიკითხება ის, რომ ამ კომისიის თავმჯდომრის მთავარი პრიორიტეტი ადამიანის უფლებებია, შეიძლება სამოქალაქო საზოგადოებამ კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენოს და, ბუნებრივია, სწორი იქნება, თუ იგი ამ კომისიას არ უხელმძღვანელებს. მე ვფიქრობ, რომ ადამიანის უფლებების დაცვის კომისიის თავმჯდომარეს ძალიან მაღალი ნდობა უნდა ჰქონდეს და ამ ფაქტის შემდეგ მას გაუჭირდება…”, – განაცხადა ღლონტმა და დასძინა, რომ მის პოზიციას რამდენიმე დეპუტატი იზიარებს:


“დეპუტატების უმრავლესობა აბსოლუტურად ადეკვატურად აფასებს შექმნილ რეალობას, რაც ნიშნავს იმას, რომ მათი პოზიციები პასუხობს იმ დემოკრატიულ სტანდარტებს, რომლის დამკვიდრებასაც ჩვენ ვცდილობთ ამ ქვეყანაში. მე უმრავლესობის სახელით ვერ ვისაუბრებ, მაგრამ რამდენიმე დეპუტატს აქვს იგივე მოსაზრება, რომ ამ კომისიაში მას მუშაობა გაუჭირდება”.


სულხან ღლონტის განცხადებით, საუბარი არ არის იმპიჩმენტის საკითხზე, რადგან იგი ფიქრობს, რომ მედეა ვასაძე სწორ დასკვნებს თვითონვე გააკეთებს:


“მე პირადად [მის ადგილას] დავტოვებდი ამ თანამდებობას… მე მიჭირს ხისტი განცხადებების გაკეთება, მაგრამ როგორც კოლეგას ვურჩიე და ჩემი რჩევა იყო ის, რასაც მე თქვენ გეუბნებით”.


media.ge-ის ინფორმაციით, აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატმა „ქართული ოცნებიდან“ მედეა ვასაძემ დაახლოებით ერთ კვირაში უნდა გადაწყვიტოს, როგორ მოიქცეს ”ტელეარხ 25”-ის ჟურნალისტ ჯაბა ანანიძესთან სატელეფონო ზარის გამო. უმრავლესობის წევრი გია მასალკინი ამბობს, რომ უმრავლესობამ თანაპარტიელი მედეა ვასაძე არჩევანის წინაშე დააყენა: მან ან ბოდიში უნდა მოიხადოს, ან ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარის პოსტი დატოვოს. 


თავად მედეა ვასაძეს კოლეგებთან დღევანდელი შეხვედრის შემდეგ თავისი პოზიცია არ დაუფიქსირებია. მის ტელეფონს დეპუტატის მძღოლი პასუხობს, რომელიც ამბობს, რომ ვასაძე შეხვედრებს მართავს და არ სცალია.


2014 წლის 9 ივნისს ტელეკომპანია TV25–მა გაავრცელა აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრს მედეა ვასაძესა და ჟურნალისტ ჯაბა ანანიძეს შორის შემდგარი სატელეფონო საუბრის ჩანაწერი, რომელშიც დეპუტატი ჟურნალისტის პირად ცხოვრებას ეხება და ემუქრება.

 

გუშინვე აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით ჟურნალისტმა ჯაბა ანანიძემ შესაბამისი განცხადებით საქართველოს სახალხო დამცველსაც მიმართა.

 

ჟურნალისტის ინფორმაციით, TV 25–ის ეთერში გავიდა ჯაბა ანანიძის მიერ მომზადებული საგამოძიებო ფილმი – „უმაღლესი კომფორტით“. ფილმი აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატების საბიუჯეტო ხარჯებსა და მათი საქმიანობის ეფექტიანობას ეხებოდა. აღნიშნული სატელეფონო საუბარი ამის შემდეგ შედგა. სულხან ღლონტი აცხადებს, რომ ფილმში მოყვანილ ფაქტების სიზუსტესთან დაკავშირებით შენიშვნები მასაც, აქვს, თუმცა პოლიტიკური თანამდებობის პირებს თმენის მაღალი ვალდებულება აქვთ.

მასალების გადაბეჭდვის წესი