ახალი ამბები

პრემიერი: პატრიარქის კურთხევით ყველაფერს გავაკეთებთ, რათა მოხდეს ხევსურეთის გაძლიერება

10 ივნისი, 2014 • • 1339
პრემიერი: პატრიარქის კურთხევით ყველაფერს გავაკეთებთ, რათა მოხდეს ხევსურეთის გაძლიერება

ილია მეორემ საგანგებო ლოცვა აღავლინა და ტაძარს წმინდა დავით აღმაშენებლის ხატი გადასცა. პრემიერის პრესსამსახურის ცნობით, სტუმრებს დღეს მამა იოსებ გაჩავამ უმასპინძლა, რომელმაც პრემიერს პირაქეთა ხევსურეთში მოქმედი პირველი მართლმადიდებლური ეკლესია დაათვალიერებინა.

 

“სასიხარულოა აქ ყოფნა, დღეს ძალიან მნიშვნელოვანი დღეა, ამ ლამაზი კუთხის აღორძინება უნდა მოხდეს. წლების განმავლობაში იცლებოდა ხევსურეთი. პატრიარქის კურთხევით ყველაფერს გავაკეთებთ, რათა მოხდეს ხევსურეთის გაძლიერება,”- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

 

დღეს ბარისახოში ფესტივალი „ქართული სული“ გაიმართა. ფესტივალის ფარგლებში ჩატარდა კონცერტი, რომელშიც მონაწილეობდნენ სხვადასხვა ფოლკლორული ჯგუფები და პოეტები. მთავრობის მიერ გავრცელებული პრესრელიზის მიხედვით, ფესტივალის დამფუძნებელმა ზურაბ ჩხაიძემ საქართველოს პრემიერ-მინისტრს „საუკუნის გზის“ მშენებლობის მოთავეობისთვის  და საქართველოს მთიანეთისადმი განსაკუთრებული ყურადღებისათვის „ქართული სულის“ სიმბოლური გამოსახულება უნდა გადასცეს. ქართული სულის მედლით დაჯილდოვდება საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ელგუჯა ხოკრიშვილიც – პირიქითა ხევსურეთთან შემაკავშირებელი გზის მშენებლობის მოთავეობისათვის. 

ილია მეორე და ირაკლი ღარიბაშვილი ხევსურეთში, 10/06/2014
ილია მეორე და ირაკლი ღარიბაშვილი ხევსურეთში, 10/06/2014

 

“ჩვენი ვალია არ დავუშვათ  ამ  კუთხის დაცლა. სწორედ ამისკენ გადადგმული ნაბიჯია პროექტი, რომელიც ითვალისწინებს პირიქითა და პირაქეთა ხევსურეთის დამაკავშირებელი 25-კილომეტრიანი გზის მშენებლობას”, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა. მისივე თქმით, ამ გზის მშენებლობა გასული წლის 17 დეკემბერს რუსთაველის თეატრში პატრიარქმა დალოცა და განაცხადა, რომ ეს გზა იქნება გაჭირვებიდან გამოსვლის გზა.

 

 

“მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენ ვიწყებთ საქართველოს სტრატეგიული მნიშვნელობის გზის მშენებლობას, რომლის გაყვანაც აქამდე ვერასოდეს მოხერხდა, სამწუხაროდ. ეს გზა პირიქითა და პირაქეთა ხევსურეთის სოფლებს – არხოტსა და როშკას დააკავშირებს ერთმანეთთან, დაუბრუნებს სიცოცხლეს ხევსურულ სოფლებს და  მთლიანად ხევსურეთს და, დარწმუნებული ვარ, სამანქანო გზის პირველად გაჭრა მთაში დაბრუნების სიმბოლოდ იქცევა.

 

 

ამ ურთულეს რელიეფზე პირველად უნდა მოხდეს გზის გაჭრა. ამიტომ აუცილებელია ყველა დეტალის გაანალიზება  და მხოლოდ ამის შემდეგ, მომავალი წლისთვის დავიწყებთ აქტიურ მშენებლობას. და ძალიან მალე დავასრულებთ”, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.


საქართველოს პატრიარქის თქმით, სასაზღვრო რაიონებში უნდა აშენდეს მონასტრები, მან ასევე მოუწოდა ბიზნესმენებს, ფული დააბანდონ კონკრეტული რაიონების განვითარებაში.

მასალების გადაბეჭდვის წესი