ახალი ამბები

“შეისწავლონ მედეა ვასაძის ქმედების კანონიერება და მისცენ შესაბამისი შეფასება”

10 ივნისი, 2014 • • 982
“შეისწავლონ მედეა ვასაძის ქმედების კანონიერება და მისცენ შესაბამისი შეფასება”

სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ ჟურნალისტის, ისევე როგორც ნებისმიერი ინდივიდის პირადი ცხოვრება ხელშეუხებელია და დაუშვებელია ნებისმიერი ფორმით მისი ხელყოფა.  

 

“საქართველოს სახალხო დამცველი გმობს მომხდარ ფაქტს და მიიჩნევს, რომ მსგავსი ქმედებები  ნებისმიერი თანამდებობის პირის მხრიდან შეიცავს მედიის თავისუფლებაში უხეში ჩარევის ნიშნებს, რაც ეწინააღმდეგება დემოკრატიულ სახელმწიფოში სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების პრინციპებს. ამასთან, მსგავსი გამონათქვამები არღვევს პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობას,”- წერია ომბუდსმენის განცხადებაში. 

 

2014 წლის 9 ივნისს ტელეკომპანია TV25–მა გაავრცელა აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრს მედეა ვასაძესა და ჟურნალისტ ჯაბა ანანიძეს შორის შემდგარი სატელეფონო საუბრის ჩანაწერი, რომელშიც დეპუტატი ჟურნალისტის პირად ცხოვრებას ეხება და ემუქრება.

 

გუშინვე აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით ჟურნალისტმა ჯაბა ანანიძემ შესაბამისი განცხადებით საქართველოს სახალხო დამცველსაც მიმართა.

 

ჟურნალისტის ინფორმაციით, TV 25–ის ეთერში გავიდა ჯაბა ანანიძის მიერ მომზადებული საგამოძიებო ფილმი – „უმაღლესი კომფორტით“. ფილმი აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატების საბიუჯეტო ხარჯებსა და მათი საქმიანობის ეფექტიანობას ეხებოდა. აღნიშნული სატელეფონო საუბარი ამის შემდეგ შედგა.

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი