ახალი ამბები

კონფესიების პრეტენზიები რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოსადმი

9 ივნისი, 2014 • • 1555
კონფესიების პრეტენზიები რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოსადმი

ახლად დაფუძნებული რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარე ზაზა ვაშაყმაძე დღეს სასტუმრო შერატონში 10-ზე მეტი რელიგიური გაერთიანებისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს შეხვდა, თუმცა ზოგიერთი რელიგიური ლიდერი დღევანდელი შეხვედრით გარკვეულწილად უკმაყოფილო დარჩა, რადგან შეხვედრაზე მათ საკუთარი მოსაზრების დაფიქსირება ვერ შეძლეს. ღონისძიებაზე მხოლოდ ერთმა ადამიანმა, ზაზა ვაშაყმაძემ ილაპარაკა, რომელმაც სტუმრებს სააგენტოს გეგმები და ქვეყანაში რელიგიური თვალსაზრისით არსებული გამოწვევების საკუთარი ანალიზი გააცნო. მოხსენების დასრულების შემდეგ მან სტუმრები არაფორმალურ გარემოში ყავაზე მიიპატიჟა.


დიპლომატიური კორპუსისა და ჟურნალისტების თანდასწრებით პრობლემებზე საუბრისა და დისკუსიის სურვილი ჰქონდა მერაბ გაფრინდაშვილს, საქართველოს ევანგელურ-ბაპტისტური ეკლესიის მთავარეპისკოპოსს:

“დისკუსია აუცილებლად უნდა ყოფილიყო და ეს შეხვედრა ამ ფორმატში უნდა გაგრძელებულიყო. სამწუხაროდ, ჩვენც ვერ გამოვიჩინეთ ინიციატივა, რომ ჩვენ თვითონ მოგვეთხოვა ეს… მე ვფიქრობ, რომ ასეთი დამოკიდებულებიდან შეიძლება ჩანდეს სააგენტოს პოზიცია, რამდენად აპირებენ ისინი ჩვენთან კონსტრუქციულ თანამშრომლობას, იმიტომ, რომ მათი მხრიდან უნდა დასმულიყო შეკითხვები იმ პრობლემებზე, რომელიც ჩვენ გვაწუხებს და უფრო მეტი ინფორმაციის მიღების სურვილი უნდა ჰქონდეთ, წესით”, – აცხადებს გაფრინდაშვილი.

“პირველ რიგში, როდესაც ასეთ შეხვედრაზე მოდიხარ, როგორც მინიმუმ მილოცვა გინდა და ზოგადად საკუთარი აზრის დაფიქსირების სურვილიც გაგაჩნია, თუმცა ალბათ ყავაზე მოგვეცემა ამის საშუალება”, – აღნიშნა ტარიელ ნაკაიძემ, მუსლიმთა კავშირის ხელმძღვანელმა.

ზაზა ვაშაყმაძე
ზაზა ვაშაყმაძე

სამართლის სპეციალისტი ზაზა ვაშაყმაძე, რომელიც ზემოხსენებული სააგენტოს ხელმძღვანელად პრემიერმა დანიშნა, მსგავს შენიშვნას არ იზიარებს და აცხადებს, რომ რელიგიური გაერთიანებების პრობლემებს სააგენტო მომავალში აუცილებლად მოისმენს, თანაც ინდივიდუალურ ფორმატში:

 

“ეს სხვა ფორმატში მოხდება. გათვალისწინებულია ინდივიდუალურ ფორმატში მუშაობა, რელიგიათშორისი კონფესიათა საბჭოს შექმნა, ექსპერტთა საბჭოს შექმნა არასამთავრობოებთან ერთად, ოღონდ სამუშაო გარემოში… აქ ჩვენ მხოლოდ წარდგინება და პრეზენტაცია გავაკეთეთ საკუთარი თავის. ამ ფორმატში დისკუსიასა და პოლემიკაზე არ ყოფილა საუბარი… საელჩოების თანდასწრებით ეს ცოტა უხერხული იქნებოდა”.

 

ვაშაყმაძის მოსაზრებას მისი მოადგილე ლელა ჯეჯელავაც იზიარებს. მისი თქმით, რელიგიურ ორგანიზაციებთან მუშაობა ინდივიდუალურ ფორმატში გაგრძელდება ჟურნალისტების გარეშე. ნეტგაზეთის შეკითხვას, აქვთ თუ არა სააგენტოს, რამე დასამალი მედიის წარმომადგენლებისთვის, მან უპასუხა, რომ არა, და სააგენტოს მაქსიმალურად გამჭვირვალედ მუშაობის პირობაც დადო:

 

“ბუნებრივია, აქ ყველას ექნებოდა სურვილი, რომ დაესვა კითხვა, ესაუბრა თავის პრობლემებზე, მაგრამ ფორმატი ამის შესაძლებლობას არ იძლეოდა. აი, სამუშაო რეჟიმში, ჟურნალისტების გარეშე… როდესაც შევთანხმდებით, ჩამოვყალიბდებით რაღაც საკითხებზე ერთობლივად… მხოლოდ რელიგიურ ორგანიზაციებთან ერთად და იმ ექსპერტებთან, არასამთვრობოებთან ერთად, მერე წარგიდგენთ ჟურნალისტებს შედეგებს”, – აცხადებს ვაშაყმაძის მოადგილე ლელა ჯეჯელავა, რომელიც წლების წინ საპატრიარქოს რელიგიათშორისი საკოორდინაციო ცენტრის ხელმძღვანელად მუშაობდა. ნეტგაზეთის შეკითხვას, ის ფაქტი, რომ იგი საპატრიარქოში იყო დასაქმებული, ხომ არ შეუშლის ხელს, რომ იყოს ობიექტური სხვადასხვა პრობლემურ საკითხებზე მუშაობისას, რომელიც შეიძლება რელიგიურ გაერთიანებებს შორის წარმოიშვას, ჯეჯელავამ ასე უპასუხა:

 

“საპატრიარქოში არ ვმუშაობდი, მე ვიყავი საპატრიარქოსთან არსებული რელიგიათა საბჭოს აღმასრულებელი მდივანი. ეს სრულიად სხვადასხვა რამეა. თუკი თქვენ გსმენიათ, რომ რომელიმე რელიგიურ ორგანიზაციას გამოუთქვამს საყვედური იმ პერიოდში ჩემი მუშაობის შესახებ, რომ მე ვიყავი მიკერძოებული, მაშინ მზად ვარ ამ კითხვაზე პასუხი გაგცეთ, აქამდე მე მსგავსი რამ არ მსმენია და იმედია, ვერც თქვენ გაიგებთ მომავალში მიკერძოებულობის შესახებ ვერაფერს”.

რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს ხელმძღვანელობის დღევანდელ პრეზენტაციას წინ უძღვოდა რამდენიმე დღის წინ მომხდარი ინციდენტი, რომელიც თბილისში 3-დღიანი საევანგელიზაციო “იმედის ფესტივალის” ორგანიზებას უკავშირდება. ღონისძიების დაწყებამდე ორი დღით ადრე, ანუ 3 ივნისს სპორტის სასახლეში ხანძარი გაჩნდა. მიუხედავად მისი დროული ლიკვიდაციისა, სასახლის ადმინისტრაციამ ორგანიზატორებს ფართის 6-8 ივნისის პერიოდში მიქირავებაზე უარი უთხრა სწორედ ზემოხსენებული ფაქტის გამო. მათ ალტერნატიული დარბაზი ვერ მოიძიეს, რის გამოც იძულებული გახდნენ, რომ ღონისძიება სახარების რწმენის ეკლესიის ეზოში ჩაეტარებინათ:

 

“არის გარკვეული იმედგაცრუება იმიტომ, რომ არ იყო მყისიერი რეაგირება [სახელმწიფოს მხრიდან]. ეს არ ყოფილა უბრალო ფესტივალი, ერთი რომელიმე დენომინაციის მიერ დაგეგმილი რაღაც ღონისძიება, ეს იყო ერთი წლის წინ დაგეგმილი ფესტივალი. საბოლოო ჯამში, მოხდა ისე, რომ გაჩნდა ძალიან ბევრი ეჭვი, რომ ეს სპეციალურად მოაწყო, ძალიან საეჭვოდ დაემთხვა ერთმანეთს რაღაცები, რამდენიმე ე.წ. ექსტრემისტი გამოვიდა და თქვა, რომ ჩვენ არ დავუშვებთ საქართველოში ასეთი რაღაცის ჩატარებას…”, – ამბობს შმაგი ჭანკვეტაძე, საქართველოს ევანგელურ-პროტესტანტული ეკლესიის პასტორი ქალაქ გორში.

 

როგორც ირკვევა, 4 ივნისს ღონისძიების ორგანიზატორები სააგენტოს ხელმძღვანელს, ზაზა ვაშაყმაძეს შეხვდნენ და მათი პრობლემის შესახებ საქმის კურსში ჩააყენეს:

 

“თუნდაც ამ სააგენტომ არ გამოიჩინა რაღაც ქმედითი ღონისძიების გატარების სურვილი, რომ ეს პრობლემა მოგვარებულიყო და ორგანიზტაორებს მის გადაწყვეტაში დახმარებოდა”, – აღნიშნავს საქართველოს ევანგელურ-ბაპტისტური ეკლესიის მთავარეპისკოპოსი მერაბ გაფრინდაშვილი.

 

სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილე ლელა ჯეჯელავა “იმედის ფესტივალთან” დაკავშირებით მომხდარს ძალიან სამწუხარო ფაქტს უწოდებს, თუმცა დასძენს, რომ სააგენტომ საბოლოოდ ფორმირება მხოლოდ 2 ივნისს დაასრულა, ზემოხსენებული შეხვედრა 4 ივნისს გაიმართა, საიდანაც ღონისძიების დაწყებამდე მხოლოდ ორი დღე იყო დარჩენილი, ამიტომ რეაგირება ვერ მოესწრო:

 

“ძალიან სამწუხარო რამ მოხდა, მაგრამ ჩვენ მხოლოდ ახლა ჩამოვყალიბდით, ჯერ არ გქვონდა არანაირი მექანიზმი მოვლენებზე რეაგირებისთვის, მაგრამ ჩვენი რეკომენდაცია ყოველთვის ასეთ შემთხვევებზე იქნება ის, რომ ყველას გამოხატვის უფლება იყოს დაცული- უსაფრთხოებიდან დაწყებული გამოხატვის უფლების რეალიზაციით დამთავრებული”.

 

რაც შეეხება იმას, თუ რა სახის რეაგირების საკანონმდებლო საფუძველი აქვს რელიგიის საკითხებზე მომუშავე სააგენტოს მსგავს პრობლემურ სიტუაციებში, ჯეჯელავა დასძენს, რომ მათი კომპეტენცია მხოლოდ რეკომენდაციებით შემოიფარგლება:

 

“ჩვენი მექანიზმი იქნება მხოლოდ რეკომენდაცია მთავრობისადმი. იმედი მაქვს, რომ ხელისუფლება გაითვალისწინებს ხოლმე ჩვენს რეკომენდაციებს, რადგან გვენდო და ასეთი ორგანიზაცია შექმნა”, – აღნიშნავს ჯეჯელვა.


თავად ვაშაყმაძე აცხადებს, რომ ამ საკითხის საფუძვლიანი შესწავლა შესაძლოა ახლა მოხდეს, თუ ფესტივალის მასპინძელი რელიგიური გაერთიანებები ამას მოისურვებენ:

 

“ეჭვი ერთია და მეორეა დასაბუთებული პერიოდი. სპორტის სასახლეში მართლა დაიწვა თუ არ დაიწვა რაღაც, ბუნებრირვია, ამ ნაწილთან ჩვენ კავშირი ვერ გვექნება, რადგან ეს საგამოძიებო სფეროს განეკუთვნება. ხოლო რაც შეეხება იმ კონკრეტულ საკითხს, მოხდა თუ არა ხელოვნურად ხელის შეშლა, ჩვენ გვექნება ურთიერთობები… ჩვენ მათ შეხვედრის შემდეგ ძალიან კარგად დავშორდით, ღონისძიების ორგანიზატორებს ვგულისხმობ, რომ მოხდეს შემდგომი ნაბიჯებისა და ურთიერთობების დალაგება, მაგრამ, სამწუხაროდ, პოსტ-ფაქტუმ მოხდა, სააგენტოს ჩამოყალიბების პროცესს დაემთხვა ეს ყველაფერი”.

 

ნეტგაზეთის კითხვას, შეუძლია თუ არა მას, როგორც რელიგიის საკითხთა სააგენტოს ხელმძღვანელს, რომ საკუთარი შეფასება გააკეთოს მომხდართან დაკავშირებით, რადგან “იმედის ფესტივალის” ორგანიზატორებს ფართის მიქირავებაზე თბილისში მდებარე სხვა ობიექტებმაც უთხრეს უარი, ვაშაყმაძე აცხადებს:

 

“იურიდიული კომპეტენციაა… ეს არის შეფასების საკითხი, შეფასებას რაც შეეხება… ბუნებრივია, სანამ ოფიციალური სბაუთები არ იქნება შესწავლილი, ზერელე პოზიციას ვერ დავაფიქსირებ. თუ ორგანიზატორი მხარე დაინტერესდება, მოხდება დოკუმენტაციის შესწავლა, მტკიცებულებების წარმოდგენა, შევისწავლით, ბუნებრივია, საგამოძიებო მოქმედებები ჩატარებული იქნება, ჩვენი მხრიდან იქნება მრავალმხრივ ინფორმაციის მოძიება სპორტის სასახლიდან, საგამოძიებო უწყებებიდან, უშუალოდ დაინტერესებული კონფესიებისაგან და ანალიზის საფუძველზე დავდებთ შესაბამის პოზიციას. თუ, რა თქმა უნდა, მათი მხრიდან დაინტერესება იქნება.

 

ერთ-ერთი ყველაზე მთავარი საკითხი, რაც რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტომ უნდა გადაწყვიტოს, მთავრობის მიერ 4 რელიგიური გაერთიანებისათვის: მუსლიმებისთვის, იუდევლებისათვის, კათოლიკეებისა და სომეხთა სამოციქულო ეკლესიის წარმომადგენლებისათვის საბჭოთა პერიოდში მიყენებული ზარალის ასანაზღაურებლად გამოყოფილი 3,5 მილიონი ლარის განაწილების პრინციპების განსაზღვრის უზურნველყოფაა, თუმცა ჯერჯერობით ამ საკითხზე მუშაობა არ დაწყებულა. ლელა ჯეჯელავას და ზაზა ვაშაყმაძის განცხადებით, არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად შეიქმნება რელიგიის საკითხებზე მომუშავე ექსპერტების საბჭო, ასევე მუდმივმომქედი მეორე საბჭო, რომელიც რელიგიური გაერთიანებების წარმომადგენლებისაგან დაკომპლექტდება.


სახელმწიფო სააგენტოში სულ 21 ადამიანია დასაქმებული, თუმცა, როგორც ლელა ჯეჯელავამ ნეტგაზეთს უთხრა, არც ერთი მათგანი არ არის რელიგიური უმცირესობის წარმომადგენელი. ჩვენს კითხვაზე საპასუხოდ, რატომ არ მოხდა თუნდაც პარიტეტული პრინციპით ამ სახელმწიფო უწყებაში რელიგიური უმცირესობების წარმომადგენლების ჩართვა, მან ასე უპასუხა;

 

“სტაფი არის საკმაოდ პატარა, მხოლოდ 21 ადამიანი მუშაობს. დღესდღეობით საქართველოში რეგისტრირებულია 50-მდე რელიგიური ორგანიზაცია… რამდენიმე მათგანის წარმომადგენელი რომ იყოს სტაფში დასაქმებული, სხვები არ ჩათვლიან, რომ ეს დისკრიმინაციაა?! მაშინ, ფაქტობრივად, ჩვენ არ უნდა ვყოფილიყავით და ეს სააგენტო მხოლოდ რელიგიური უმცირესობებისაგან უნდა ყოფილიყო დაკომპლექტებული, მაგრამ იმისთვის, რომ არ დარჩეს უკმარისობის გრძნობა რელიგიური უმცირესობების სააგენტოს მუშაობაში ჩართულობასთან დაკავშირებით, მინდა გითხრათ, რომ იმუშავებს მუდმივმოქმედი რელიგიათა საბჭო”.


დღევანდელ შეხვედრაზე მყოფი რელიგიური უმცირესობები სააგენტოს შექმნის გადაწყვეტილებას მიესალმებიან, თუმცა აცხადებენ, რომ ეს არ უნდა იქცეს მთავრობის მიერ რელიგიური ჯგუფების კონტროლის მექანიზმად:

 

“ნებისმიერი ნაბიჯი, რომელიც გადადგმული იქნება სახელმწიფოს მხრიდან რელიგიური უმცირესობების მიმართ, დადებითად ვაფასებ, თუნდაც უარყოფითი დამოკიდბეულება მქონდეს… ეს იმიტომ, რომ ამ დროს უფრო მეტი საშუალებაა საუბრის და აზრთა გაცვლა-გამოცვლის. მე არ ვარ პესიმისტი და დღევანდელი მოხსენებიდანაც იმედს ვიტოვებ, რომ შემდგომი თანამშრომლობა დადებითი იქნება, თუმცა, თუ ჩანაფიქრში არსებობს ის, რომ ამ სააგენტომ მხოლოდ კონტროლი განახორციელოს რელიგიური უმცირესობების, მე ვფიქრობ, რომ ეს არ გამოუვა, რადგან უმცირესობები ძალიან კონსოლიდირებულები ხდებიან. არ მგონია, რომ მთლად ასე ადვილად “ჩაგვიბარონ”, – აღნიშნავს ტარიელ ნაკაიძე და დასძენს, რომ თავის დროზე აზერბაიჯანსა და თურქეთში მსგავსი ტიპის სახელმწიფო სააგენტოების შექმნამ რელიგიურ გაერთიანებებზე კონტროლის განხორციელების ეფექტი იქონია.

 

“ამ ეტაპზე ამის თქმა გამიჭირდება, თუმცა ეს შიში მეც მაქვს, რომ უფრო მეტი კონტროლის მექანიზმები იქნება აქ ჩადებული. ბევრი რამ იქნება დამოკიდებული ამ სააგენტოს პოლიტიკურ ნებაზე. თუ მათ უნდათ კონსტრუქციული თანამშრომლობა, ამას შეძლებენ”, – ამბობს მერაბ გაფრინდაშვილი.

 

ნეტგაზეთის კითხვას, როგორ შეიძლება ამ სააგენტომ რელიგიური უმცირესობების კონტროლი განახორციელოს საკანონმდებლო დონეზე მისი შეზღუდული შესაძლებლობებიდან გამომდინარე, ევანგელურ-ბაპტისტური ეკლესიის მთავარეპისკოპოსმა ასე უპასუხა:

 

“კანონმდებლობა შეიძლება უფრო კარგი გვქონდეს, ვიდრე ევროპის ზოგიერთ სახელმწიფოს, მაგრამ მისი იმპლემენტაცია მეორე საკითხია”.

 

 მთავრობის გადაწყვეტილებით შექმნილ სააგენტოს წარმატებას უსურვებს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია, რომელსაც დღეს სასტუმრო შერატონში მიქაელ ბოტკოველი და მეუფე თეოდორე (ჭუაძე) წარმოადგენდნენ:

 

“ჩვენ პოზიტიურად მივიღეთ სახელმწიფოს მხრიდან გადაწყვეტილება სააგენტოს შექმნის თაობაზე.  კმაყოფილებით შევხვდით ხელისუფლების მხრიდან რელიგიის მიმართ ასეთი მაღალი ინტერესის გამოჩენას. სააგენტოს წარმატებას ვუსურვებთ, რადგან დარწმუნებული ვართ, რომ ის ბევრ დადებითს შემოიტანს რელიგიურ ცხოვრებაში.

 

აზრთა სხვადასხვაობებს რელიგიური ნიშნით შევიწროვებების  და დისკრიმინაციის შესახებ, ვფიქრობ, რომ, ბოლოს და ბოლოს, წერტილი დაესმევა და სახელმწიფო უფრო შემოქმებიდათ მიუდგება ამ საკითხს”, – განაცხადა პატრიარქის მდივანმა მიქაელ ბოტკოველმა და თავი შეიკავა კომენტარი გაკეთებინა იმ ადამიანების ქმედებებზე, რომლებიც მრევლის სახელით “იმედის ფესტივალის” პარალელურად კონტრაქციებს მართავდნენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი