ახალი ამბები

თავდაცვის სამინისტრო საკონტრაქტო სამხედრო სამსახურში მიღებას იწყებს

9 ივნისი, 2014 • • 2136
თავდაცვის სამინისტრო საკონტრაქტო სამხედრო სამსახურში მიღებას იწყებს

საკონტრაქტო სამხედრო სამსახურში 4-წლიანი კონტრაქტით მიიღებიან წვევამდელები და ის ახალგაზრდები, რომლებსაც გავლილი აქვთ სამხედრო სავალდებულო ან საკონტრაქტო სამსახური. სამხედრო მოსამსახურეები ოთხი წლის განმავლობაში მიიღებენ ანაზღაურებას. კონტრაქტორის ხელფასი 955 ლარს შეადგენს.


სამხედრო საკონტრაქტო სამსახურში მყოფი პირის თანამდებობრივი სარგოს რაოდენობა იზრდება წოდების, თანამდებობისა და სამხედრო სტაჟის გათვალისწინებით. თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ისინი უზრუნველყოფილნი იქნებიან თანამედროვე აღჭურვილობით, მაღალი დონის უფასო სამედიცინო მომსახურებით, ასევე მათი და მათი ოჯახების სოციალური და სამართლებრივი დაცვით.


სამხედრო მოსამსახურეს, ასევე, შეუძლია  პროფესიული მომზადების დონე უცხოელი და ქართველი ინსტრუქტორების დახმარებით აიმაღლოს, აითვისოს უცხო ენა და მონაწილეობ ამიიღოს საერთაშორისო ოპერაციებში. იმისთვის, რომ გახდეს რეკრუტი, მოქალაქე აბარებს ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ტესტს. ასევე, გადის სამხედრო სამედიცინო კომისიას. რეკრუტი ირიცხება საწყისი საბრძოლო მომზადების 9-კვირიან კურსზე (BCT – Basic Combat Training). სპეციალურ პროგრამაზე ჩარიცხვის დღიდან ის უზრუნველყოფილია კვებით, სამხედრო ფორმით (საველე აღჭურვილობით), სამედიცინო და საყოფაცხოვრებო მომსახურებითა და  განთავსებით. ცხრაკვირიანი კურსის წარმატებით გავლის შემთხვევაში ხდება რეკრუტის ქვედანაყოფში თანამდებობაზე დანიშვნა. საწყისი საბრძოლო მომზადების სპეციალურ კურსზე რეკრუტი ელემენტარულ სამხედრო უნარ-ჩვევებს ეუფლება და  მომზადებას გადის სამხედრო დისციპლინებში.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი