ახალი ამბები

თბილისი საერთაშორისო თანამეგობრობას ცხინვალში გამართულ არჩევნებზე რეაგირებას მოუწოდებს

9 ივნისი, 2014 • • 908
თბილისი საერთაშორისო თანამეგობრობას ცხინვალში გამართულ არჩევნებზე რეაგირებას მოუწოდებს

“2014 წლის 8 ივნისს ცხინვალის ოკუპირებულ რეგიონში ჩატარდა ე.წ. „საპარლამენტო არჩევნები“. აღნიშნული უკანონო აქტი წარმოადგენს დემოკრატიული მმართველობის მოჩვენებითი ელემენტებით ასობით ათასი ადამიანის ეთნიკური წმენდის დაფარვის მორიგ წარუმატებელ მცდელობას.

 

უკანასკნელი 20 წლის მანძილზე  საქართველოს ოკუპირებული რეგიონებიდან გამოდევნილ პირებს წაერთვა თავიანთ საცხოვრებელ ადგილებში დაბრუნების უფლება, ხოლო რეგიონებში დარჩენილი მცირერიცხოვანი მოსახლეობის უფლებები ყოველდღიურად ირღვევა საოკუპაციო რეჟიმების მიერ. საერთაშორისო დამკვირვებლებს, მათ შორის ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლებს არ ეძლევათ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში შესვლისა და ადამიანის უფლებათა მძიმე ვითარების ასახვის შესაძლებლობა.

 

2014 წლის 8 ივნისს ცხინვალის ოკუპირებულ რეგიონებში უკანონოდ ჩატარებული ე.წ. „საპალამენტო არჩევნები“ წარმოადგენს საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური პრინციპების სრულ უპატივცემულობასა და უგულებელყოფას.

 

საგარეო საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს საერთაშორისო თანამეგობრობას, ჯეროვნად შეაფასოს ცხინვალის რეგიონში უკანონოდ ჩატარებული ე.წ. „საპარლამენტო არჩევნები“,”- წერია საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში. 


მასალების გადაბეჭდვის წესი