ახალი ამბები

“სპანჯბობის” შემქმნელი 57 წლის ასაკში გარდაიცვალა

27 ნოემბერი, 2018 • 1332
“სპანჯბობის” შემქმნელი 57 წლის ასაკში გარდაიცვალა

ცნობილი ანიმაციური სერიალის, “სპანჯბობის” შემქმნელი სტივენ ჰილენბურგი 57 წლის ასაკში გარდაიცვალა. “გარდიანის” ცნობით, ანიმატორი, მწერალი და პროდიუსერი ამიოტროფულ გვერდით სკლეროზს ებრძოდა, რის შესახებაც მან გასული წლის მარტში განაცხადა.

ჰილენბურგის ყველაზე წარმატებული ნამუშევარი სწორედ “სპანჯბობი” იყო, რომელიც მსოფლიოს გარშემო უამრავმა ადამიანმა შეიყვარა.

“დამწუხრებული ვართ ამბით, რომ სტივ ჰილენბურგი დაავადებასთან ბრძოლის შემდეგ დაიღუპა. ის ჩვენი საყვარელი მეგობარი და შემოქმედებითი პარტნიორი იყო დიდი ხნის მანძილზე”, – წერს საბავშვო ტელეარხ “ნიკელოდეონის” შემოქმედებითი ჯგუფი, რომელზეც ჰილენბურგის მულტფილმი გადიოდა.

სატელევიზიო კარიერამდე ჰილენბურგი  წყალქვეშა ბიოლოგიის მასწავლებელი იყო. ტელესივრცეში ბედი სცადა შოუთი “როკოს თანამედროვე ცხოვრება”. “სპანჯბობი” კი, რომელიც 1999 წელს გავიდა ეთერში, გლობალურ ჰიტად იქცა და 60-ზე მეტ ენაზე, მათ შორის, ქართულადაც ითარგმნა.

მიმდინარე წლის დასაწყისში ჰილენბურგმა ემის სპეციალური ჯილდო მიიღო მისი განსაკუთრებული წვლილისა და გავლენისათვის ანიმაციის სამყაროსა და სამაუწყებლო ინდუსტრიაში.

პროდიუსერს ცოლი და ვაჟი დარჩა.

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი