ქალების მიმართ ძალადობა, სიღარიბე და ბავშვთა უფლებებთან დაკავშირებული საკითხები იყო ის, რასაც ევროკავშირის სპეციალურმა მრჩეველმა ადამიანის უფლებების სფეროში თომას ჰამერბერგმა განსაკუთრებულად გაუსვა ხაზი:
“მე მაცნობეს, რომ 14 ქალი გახდა ოჯახში ძალადობის მსხვერპლი. საქართველო ოჯახური ძალადობის მხრივაც არ არის გამონაკლისი, სხვა ქვეყნებსაც აქვთ იგივე პრობლემა, რომელიც გულისხმობს ძალადობას არა მხოლოდ ქალების, ასევე ბავშვების მიმართ. ამაზე ზრუნვის პასუხისმგებლობა სხვადასხვა სტრუქტურებს აკისრიათ საქართველოში, მათ შორისაა პოლიცია. საჭიროა პოლიციელთა ცნობიერების ამაღლება და მათვის ინსტრუქციების მიცემა, თუ როგორი რეაგირება უნდა ჰქონდეთ ასეთ შემთხვევებზე. ჩემი აზრით, გაუმართლებელია მიდგომა, რომ “ეს მხოლოდ ოჯახის საქმეა”, არა, ეს საზოგადოების პრობლემაა”.
თომას ჰამერბერგმა იმ მძიმე სოციალურ ფონზეც ისაუბრა, რომელიც ქვეყანაშია, მან “უნისეფის” 2013 წლის მონაცემები მოიშველია, რომლის მიხედვითაც 77 000 ბავშვი სიღარიბის ზღვარს მიღმა ცხოვრობს:
“ძალიან მაღალია საქართველოში სიღარიბის დონე, “უნისეფის” მონაცემებით 77 000 ბავშვი ცხოვრობდა სიღარიბის ზღვარს მიღმა. 2013 წელს ეს მაჩვენებელი გაუმჯობესდა და 60 000–მდე დავიდა, მაგრამ ეს მონაცემი მაინც მაღალია. უნდა აღინიშნოს, რომ სკოლაში მოსწრების მაჩვენებელი არცთუ მაღალია საქართველოში. “PISA”-ს შედეგბის მიხედვით, საქართველომ დაბალი და არასახარბიელო მაჩვენებელი დააფიქსირა, რის გამოც ქვეყანამ შეწყვიტა ამ შეფასების სისტემაში მონაწილეობის მიღება. “PISA”–ს კვლევაში მონაწილეობის შესახებ ჯერჯერობით გადაწყვეტილება ახალ ხელისუფლებას არ მიუღია, თუმცა “უინისეფის”, რომელიც ამ საკითხს კურირებს, მათი შეხედულება და აზრია, რომ ამჯერადაც შედეგები სახარბიელო არ იქნებოდა, ეს შეფასება რომც ჩატარებულიყო, თუმცა ზუსტი შედეგის ცოდნა იქნებოდა ძალიან კარგი მანიშნებელი და საწყისი წერტილი, რომ სიტუაციების გაუმჯობესებისთვის კონკრეტული ამოცანების დასახვა მომხდარიყო”. – განაცხადა ჰამერბერგმა.
აღნიშნული საკითხების გარდა თომას ჰამერბერგმა სასჯელაღსრულების, სასამართლო და საგამოძიებო სტრუქტურების მუშაობაზეც ისაუბრა. მისი განცხადებით, მთავრობის გარკვეული წარმატების მიუხედავად, უფრო მეტი საკითხი კვლავაც ინტენსიურ მუშაობას მოითხოვს.




