ახალი ამბები

ჰამერბერგი: ნარკოტიკის პირადი მოხმარება, ჩემი აზრით, საერთოდ არ უნდა იყოს კრიმინალი

7 ივნისი, 2014 • • 1188
ჰამერბერგი: ნარკოტიკის პირადი მოხმარება, ჩემი აზრით, საერთოდ არ უნდა იყოს კრიმინალი

“ნეტგაზეთის” შეკითხვის საპასუხოდ, რას ურჩევდა პრემიერ–მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს, რომელმაც ბოლო პრესკონფერენციაზე მარიხუანას ლეგალიზაცია–დეკრიმინალიზაციაზე ერთ კონტექსტში ისაუბრა და განაცხადა, რომ მათი პოლიტიკური გუნდის ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში ეს არ მოხდეა, ჰამერბერგმა განაცხადა:

 

“პირველი, რაც უნდა აღინიშნოს ამ საკითხთან დაკავშირებით, ძალიან მნიშვნელოვანია გაივლოს ზღვარი ნარკოტიკის შენახვის შემთხვევაში. რა მიზნით აქვს პირს ნარკოტიკი შენახული- გაყიდვისთვის, თუ პირადი მოხმარებისთვის. ნარკოტიკის ფლობა, რომელიც არ არის გაყიდვისთვის გამიზნული, ჩემი აზრით, საერთოდ არ უნდა იყოს კრიმინალი. ნარკოტიკის მომხმარებელი უნდა მოვიაზროთ როგორც დაზარალებული, როგორც მსხვერპლი”.

 

თომას ჰამერბერგმა იმ საფრთხეებსაც გაუსვა ხაზი, რომლის წინაშეც ადამიანები მკაცრი ნარკოპოლიტიკის შემთხვევაში დგებიან, მაგალითად, სამართალდამცავების მიერ ნარკოტიკის ე.წ. ჩადება:

 

“უნდა აღინიშნოს ასევე, რომ ერთ–ერთი უარყოფითი გვერდითი მხარე ნარკოტიკის ფლობის კრიმინალიზაცისაა არის ის, რომ ძალიან მარტივია პოლიციამ “ჩაუდოს” ნარკოტიკი პირს და შემდეგ მტკიცებულებად გამოიყენოს მისი დაპატიმრებისთვის. ამას მიმართავენ სხვადასხვა ქვეყნებში სამართალდამცავები. ამდენად, გამიჯვნა ვაჭრობის და პირადი მოხმარების და მისი დეკრიმინალიზება ალბათ უნდა ჩაითვალოს მიზანშეწონილად. როდესაც მე ვიყენებ ტერმინს ნარკოტიკი, მე არ ვგულისხმობ მხოლოდ მარიხუანას, არამედ ყველა იმ ნივთიერებას, რომელიც ნარკოტიკია. არსებობს მოსაზრება, რომ ნარკოტიკული ნივთიერებებით ვაჭრობა კრიმინალიზებული უნდა იყოს და შესაბამის ქმედებებს უნდა ექვემდებარებოდეს. პარალელურად მიმდინარეობს მსჯელობა, რომ მსუბუქი ნარკოტიკების შემთხვევაში, როგორიცაა მარიხუანა, თუნდაც გაყიდვის დეკრიმინალიზაციაც უნდა მოხდეს. ეს  ძალიან რთული თემაა და ამასთან დაკავშირებით ერთგვაროვანი აზრი არ არის ჩამოყალიბებული მსოფლიოს მასშტაბით. თუმცა უპირატესი აზრია, რომ მოხდეს დეკრიმინალიზაცია”.

 

ჰამერბერგის განცხადებით, საქართველომ ნარკოდანაშაულთან მიმართებაში სასჯელის ხანგრძლივობა უნდა შეამციროს და მკაფიო ზღვარი გაავლოს ნარკოტიკული ნივთიერების პირადი მოხმარებისთვის ფლობასა და მის რეალიზაციას შორის:

 

“ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით საქართველოში სასურველი იქნებოდა სასჯელი ხანგრძლივობის შემცირება ნარკოდანაშაულთან მიმართებაში და ეს იქნებოდა ერთ–ერთი წარმატებული ნაბიჯი სწორი მიმართულებით, და მეორე ნაბიჯი კი ამ მიმართულებით იქნებოდა მკაფიო ზღვრის გავლება მარიხუანასა და ასეთი ნივთიერებების ფლობის შემთხვევაში, საკუთარი მოხმარებისთვის აქვს ადამიანს, თუ გაყიდვისთვის, და ეს უნდა ითვალისწინებდეს პროკურატურის მხრიდან მტკიცების ვალდებულებას. მტკიცების ტვირთი უნდა იყოს პროკურატურაზე, ასეთი ნივთიერების აღმოჩენის შემთხვევაში მან უნდა დაამტკიცოს, რომ მართლაც გასაყიდად ან ვაჭრობის მიზნით ჰქონდა პირს ეს ნივთიერება”–. განაცხადა. მან. 

 

შეგახსენებთ, რომ ბოლო ერთი კვირის განმავლობაში საქართველოში რამდენიმე აქცია გაიმართა, რომლის ფარგლებშიც ქვეყნის მკაცრი ნარკოპოლიტიკა გააპროტესტეს.  31 მაისს გამართულ საპროტესტო აქციაზე მონაწილეებმა მხარი დაუჭირეს ბექა წიქარიშვილს, რომელსაც 7-დან 14 წლამდე პატიმრობა ემუქრება მარიხუანას შეძენა-შენახვისთვის. 

 

“ბექა წიქარიშვილს ბრალი ედება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით,  დიდი ოდენობით (65 გრამი) მარიხუანას შეძენა-შენახვისთვის, რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით 7-დან 14 წლამდე.  აღსანიშნავია, რომ მოცემული კანონი არ ანსხვავებს და ერთნაირად სჯის მომხმარებელსა და გამსაღებელს. ჩვენ, საქართველოს მოქალაქეები, ვაპროტესტებთ სამართლის უსამართლო პრინციპებს და  კი არ ვითხოვთ, არამედ კატეგორიულად მოვითხოვთ ძალადობრივი ნარკოპოლიტიკის შეწყვეტას და იმ თავისუფლების უზრუნველყოფას, რომელიც ყველა ჩვენგანს ეკუთვნის!”– ნათქვამია კამპანია “ბექა კრიმინალი არ არის” ინიციატორების მიერ გავრცელებულ მანიფესტში


კიდევ ერთი აქცია 2 ივნისს მთავრობის ადმინისტრაციასთან გაიმართა, რომლის ფარგლებშიც მარიახუანას მოხმარების დეკრიმინალიზაცია მოითხოვეს. 

 

საქართველოს პრემიერ–მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ მანამდე, სანამ მათი პოლიტიკური გუნდი ხელისუფლებაში იქნება, მარიხუანას ლეგალიზაცია და დეკრიმინალიზაცია არ მოხდება, თუმცა მუხლების შემსუბუქებაზე საუბარი შეიძლება.

მასალების გადაბეჭდვის წესი