ახალი ამბები

“ბიძინამ თქვენც დაგირეკათ?” – “ოცნების” მხარდამჭერ FB-ჯგუფებში ივანიშვილის ზარებზე წერენ

27 ნოემბერი, 2018 • 2833
“ბიძინამ თქვენც დაგირეკათ?” – “ოცნების” მხარდამჭერ FB-ჯგუფებში ივანიშვილის ზარებზე წერენ

“ბიძინამ თქვენც დაგირეკათ?”; “მითხარით, რომ თქვენც დაგირეკათ ბიძინამ, გაოცებული ვარ”; “გავგჟიდითქო მეგონა, ვინმემ მითხარით, რომ თქვენც დაგირეკათ ბიძინამ, ტელეფონი რეკავდა ნომრით მხოლოდ 48” – ამ და მსგავსი შინაარსის ათეულობით პოსტს “ქართული ოცნების” მხარდამჭერ ღია ჯგუფებში წერენ დღეს საღამოდან მოყოლებული.

მომხმარებლებს შორის, რომლებიც ამტკიცებენ, რომ მათ დღეს პირად ტელეფონზე ბიძინა ივანიშვილმა დაურეკა და ესაუბრა, არიან ე.წ. ყალბი ანგარიშები, თუმცა რამდენიმე რეალური ადამიანიც წერს, რომ ივანიშვილმა დაურეკა. მომხმარებლები წერენ, რომ ივანიშვილის ზარის გამო უფრო მოტივირებული არიან ხვალინდელ არჩევნებში გასამარჯვებლად, თუმცა კომენტარებში გამოჩნდნენ ისეთი ადამიანებიც, რომლებსაც ამ ინფორმაციის არ სჯერათ.

სქრინები ზემოხსენებული პოსტებიდან

თემატურ ჯგუფებში, რომლებშიც ივანიშვილის სატელეფონო ზარების შესახებ ავრცელებენ ინფორმაციას, ათასობით ადამიანია გაწევრიანებული.

სავარაუდოდ, ყალბი ანგარიშების გარდა არიან რეალური ადამიანებიც, რომლებიც აცხადებენ, რომ დღეს საღამოს ივანიშვილმა დაურეკა და არჩევნების თაობაზე ესაუბრა, თუმცა ყველა მათგანი სალომე ზურაბიშვილის აქტიური მხარდამჭერია. ერთ-ერთმა დაგვიდასტურა, რომ ივანიშვილის ზარი მასთან მართლაც განხორციელდა, თუმცა სხვა დეტალების გამჟღავნება არ ისურვა.

მართლაც ურეკავს თუ არა პირადად ბიძინა ივანიშვილი ამომრჩევლებს არჩევნების წინა საღამოს, თუ ფეისბუკზე, მისივე მხარდამჭერ თემატურ ჯგუფებში დეზინფორმაცია ვრცელდება – ნეტგაზეთმა შეკითხვით “ქართული ოცნების” პრესსსამსახურს მიმართა, საიდანაც ჯერ პასუხი არ მიგვიღია.

მართალია, ჯერჯერობით ვერ დასტურდება, მართლაც ურეკავს თუ არა ივანიშვილი პირადად მოქალაქეებს, თუმცა ფაქტია, რომ ზემოხსენებული ნომრიდან ბოლო დღეების განმავლობაში ამომრჩეველს მოკლეტექსტური შეტყობინებები 48-ის მხარდასაჭერად მისდით. სმს-ებს მომხმარებლები  ვაშაძის შტაბიდანაც იღებდნენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი