ახალი ამბები

EU-ს რამდენიმე აეროპორტში მგზავრებს სიცრუის დეტექტორით შეამოწმებენ

27 ნოემბერი, 2018 • 1239
EU-ს რამდენიმე აეროპორტში მგზავრებს სიცრუის დეტექტორით შეამოწმებენ

ევროკავშირის რამდენიმე ქვეყნის აეროპორტებში იწყება მგზავრების სიცრუის დეტექტორით შემოწმების საცდელი პროგრამა.

ხელოვნური ინტელექტის მეშვეობით სასაზღვრო გამშვებ პუნქტებზე მგზავრებს მოგზაურობასთან დაკავშირებულ სტანდარტულ შეკითხვებს დაუსვამენ, ხოლო სპეციალურად დამონტაჟებული მონიტორი მათ გამომეტყველებას დააკვირდება, რათა დაადგინოს, იტყუება თუ არა მგზავრი.

აღნიშნული გეგმის შესახებ არაერთი მედია, მათ შორის CNN წერს . გამოცემის თანახმად, იმ შემთხვევაში, თუ დეტექტორი მგზავრის კეთილსინდისირებაში დაეჭვდება და იფიქრებს, რომ იტყუება, მონიტორზე გამოსახულ ვირტუალურ ავატარს სახე და ტონი შეეცვლება და უფრო “სკეპტიკური”გახდება.

თუ დეტექტორი გადაწყვეტს, რომ მგზავრი თავის ნამდვილ ზრახვებს მალავს, საქმეში სასაზღვრო კონტროლის სხვა, ადამიანური პერსონალი ჩაერთვება.

პროექტი, რომელსაც iBorderCtrl ჰქვია, 5.1 მილიონი აშშ დოლარი დაჯდება და გეგმის მიხედვით, პირველ ეტაპზე, უნგრეთის, ლატვიისა და საბერძნეთის აეროპორტებში ევროკავშირის არაწევრი ქვეყნებიდან ჩასულ მგზავრებს შეამოწმებს.

როგორც CNN წერს, აღნიშნულ პროექტს უკვე გამოუჩდნენ კრიტიკოსები, რომლებიც ამბობენ, რომ ავტომატიზირებულ სისტემას არ შეუძლია ადამიანის ემოციების მიხედვით კლასიფიცირება. თავად შემქმნელები კი დასძენენ, რომ მექანიზმი 32 ადამიანზე უკვე დატესტეს და შემთხვევათა 85%-ში სწორი პასუხი აჩვენა.

მასალების გადაბეჭდვის წესი