ახალი ამბები

II ტურში ადმინისტრაციული რესურსების გამოყენების მასშტაბები მნიშვნელოვნად გაიზარდა – TI

27 ნოემბერი, 2018 • 1167
II ტურში ადმინისტრაციული რესურსების გამოყენების მასშტაბები მნიშვნელოვნად გაიზარდა – TI

“საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” შეფასებით, საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტურის წინასაარჩევნო პერიოდთან შედარებით მეორე ტურისთვის საარჩევნო გარემო გაუარესდა, ადმინისტრაციული რესურსების გამოყენების მასშტაბები მნიშვნელოვნად გაიზარდა, რამაც “არსებითი გავლენა შეიძლება იქონიოს არჩევნების შედეგებზე”.

მმართველი პარტიის მიერ მხარდაჭერილი სალომე ზურაბიშვილის მიერ მიღებული შემოწირულებები კვლავ დაახლოებით ხუთჯერ აღემატებოდა  „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” კანდიდატის, გრიგოლ ვაშაძის მიერ მიღებულ შემოწირულებებს. არასამთავრობო ორგანიზაციის განსცხადებით, განსაკუთრებით თვალში საცემი გახდა ისეთი შემთხვევების ზრდა, სადაც შესაძლოა ამომრჩევლის მოსყიდვა იკვეთებოდეს.

“საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” საარჩევნო კამპანიის დაფინანსების და ადმინისტრაციული რესურსების მონიტორინგის მეორე შუალედური ანგარიშის თანახმად, არჩევნების მეორე ტურისთვის გამოიკვეთა შემდეგი პრობლემები, რომლებსაც უცვლელად გთავაზობთ:

აღსრულებითი და ადმინისტრაციული რესურსების საარჩევნო მიზნით გამოყენება

  • საანგარიშო პერიოდში დაფიქსირდა როგორც ძალადობრივი ინციდენტები, ისე შესაძლო პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლებები და გათავისუფლების მუქარა;
  • შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 28 ოქტომბრიდან უწყებამ დაიწყო გამოძიება სისხლის სამართლის 22 საქმეზე, რომლებიც შესაძლოა არჩევნებთან ყოფილიყო დაკავშირებული. ამ საქმეებს შორის იყო ძალადობის შესაძლო ჩადენის 14 ფაქტი. ორ საქმეზე სისხლისსამართლებრივ პასუხისგებაში მიცემულ იქნა სულ 6 პირი. სამინისტროს ინფორმაციით, სავარაუდო ზეწოლა/მუქარის ფაქტების აბსოლუტური უმრავლესობა არ დადასტურდა;
  • ძალადობის კუთხით განსაკუთრებით პრობლემური იყო 30 ოქტომბერს ახალქალაქში, “ნაციონალური მოძრაობის” ოფისზე თავდასხმის ფაქტი. შსს-ს ინფორმაციით, ამ საქმეზე 3 ნოემბერს „ქართული ოცნების“ 5 მხარდამჭერს – მარტუნ მკოიანს, ედუარდ მკოიანს, კარაპეტ მკოიანს, არარატ ამბარიანსა და ანდრანიკ კარსლიანს – ბრალდება ძალადობის მუხლით წარედგინათ. ამ ინფორმაციიდან ჩანს, რომ იგნორირებულია ინციდენტში პოლიტიკური მოტივის არსებობა, რაც “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს”  აზრით არასწორია.
  • პირველი ტურის შემდეგ ასევე გახშირდა პოლიტიკური ნიშნით სავარაუდო ზეწოლის ფაქტები. ზეწოლაში ძირითადად იმ ადამიანებს ადანაშაულებდნენ, რომლებსაც რაიმე კავშირი ჰქონდა საბიუჯეტო ორგანიზაციებთან.

სამართლებრივი ადმინისტრაციული რესურსების საარჩევნო მიზნით გამოყენება

  • ამ კუთხით პირველი ტურის შემდეგ ერთი პრობლემური შემთხვევა გამოიკვეთა. ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ არ გაითვალისწინა სადამკვირვებლო ორგანიზაციებისა და პოლიტიკური პარტიების არაერთი მოწოდება და არჩევნების მეორე ტური სამუშაო დღეს, 28 ნოემბერს დანიშნა. მიუხედავად იმისა, რომ კანონმდებლობით  არჩევნების სამუშაო დღეს ჩატარება დაშვებულია, რომელიც ასეთ შემთხვევაში უქმე დღედ ცხადდება, აღნიშნული გადაწყვეტილება მიუღებელი და არამიზანშეწონილია.

ინსტიტუციური ადმინისტრაციული რესურსების საარჩევნო მიზნით გამოყენება

  • პირველი ტურის წინ არსებული ტენდენცია, რომ საბიუჯეტო ორგანიზაციების თანამშრომლებს  სალომე ზურაბიშვილის მხარდამჭერი სიების შედგენას და საარჩევნო აგიტაციაში ჩართვას აიძულებდნენ. მეორე  ტურამდე პერიოდშიც  გამოვლინდა.

ფინანსური ადმინისტრაციული რესურსების საარჩევნო მიზნით გამოყენება

  • საანგარიშო პერიოდში არ დაფიქსირებულა ცენტრალური ან ადგილობრივი ბიუჯეტის ცვლილება, რომლითაც დაირღვეოდა „საარჩევნო კოდექსის“ რეგულაცია;
  • რაც შეეხება საარჩევნოდ მოტივირებულ ხარჯებს, საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტურის შემდგომი პერიოდი ამ კუთხით გამორჩეული იყო. პირველი ტურის შემდეგ თითქმის ყოველდღე ვისმენდით „ქართული ოცნების” ლიდერების დაპირებებს ახალი მრავალმილიონიანი სოციალური ხასიათის პროექტების შესახებ. ეს ტენდენცია, თავისი არსით, ინტენსივობითა და სამიზნე აუდიტორიით, ცხადად ატარებს საარჩევნოდ მოტივირებული საბიუჯეტო ხარჯვის ხასიათს, რაც სწორედ საარჩევნოდ ფინანსური ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებას წარმოადგენს;
  • საარჩევნოდ მოტივირებული სახელმწიფო ხარჯებისა და პროგრამებიდან აღსანიშნავია მთელი ქვეყნის მასშტაბით ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილი 900-მდე ოჯახისთვის ბინების დაკანონება (მაგალითად, გორი – 455 ბინა, თბილისი – 149 ბინა, მარნეული – 54 ბინა), სხვადასხვა ჯგუფისთვის სოციალური დახმარებების ან ხელფასების ზრდა, ერთჯერადი სოციალური დახმარებების გაცემა და სხვა.

საარჩევნო კამპანიის ფინანსები

  • 1 აგვისტოდან 19 ნოემბრის ჩათვლით საარჩევნო სუბიექტების მიერ მიღებული შემოწირულებები შემდეგნაირადაა გადანაწილებული: ორმა ძირითადმა სუბიექტმა, ჯამში, 11 343 062 ლარის ოდენობის შემოწირულება მიიღო, მათგან 8 998 948 ლარი (79.3%) მიიღო სალომე ზურაბიშვილმა, ხოლო 1 243 366 ლარი (11.6%) – გრიგოლ ვაშაძემ;
  • რაც შეეხება პირველი ტურის შემდგომ პერიოდს, 28 ოქტომბრიდან 19 ნოემბრის ჩათვლით ორმა ძირითადმა საარჩევნო სუბიექტმა, ჯამში, 4 128 323 ლარის ოდენობის შემოწირულება მიიღო. აქედან 3 592 724 ლარი (87%) მიიღო სალომე ზურაბიშვილმა, ხოლო 535 599 ლარი (13%) – გრიგოლ ვაშაძემ;
  • სალომე ზურაბიშვილის 621 შემომწირველიდან 157 პირი იყო ისეთი, რომლებმაც წინა წლებში სხვა პარტიასაც შესწირეს თანხა. მათგან 137 ფიზიკური პირი „ქართული ოცნების“ ყოფილი შემომწირველია, რომლებმაც ზურაბიშვილს, ჯამში, 1 750 900 ლარი შესწირეს, რაც მთლიანი შემოწირულებების 22%-ია. გასულ წლებში იმავე პირებს „ქართული ოცნებისთვის“, ჯამში, დაახლოებით 5 801 088 ლარი აქვთ შეწირული. ასევე, ზურაბიშვილის 15 შემომწირველს 2012 წელს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობისთვის“ აქვს თანხები გაღებული, ჯამში, 795 000 ლარის ოდენობით;
  • საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტურის შემდეგ გამოჩნდა რამდენიმე არაფორმალური საზოგადოებრივი მოძრაობა, რომლებმაც სხვადასხვა საჯარო პოლიტიკური ღონისძიება გამართეს. მათ შორისაა „მე ვიცავ თავისუფლებას“, „არა მიშას, არა ნაცებს“, „არა ნაციზმს“ და სხვა. ამ ჯგუფების ქმედებები აშკარად შეიცავს ერთი საპრეზიდენტო კანდიდატის სასარგებლო და მეორის საწინააღმდეგო აგიტაციას და ამისთვის სავარაუდოდ იხარჯება გარკვეული თანხები;
  • გარდა იმისა, რომ „ქართული ოცნება” სალომე ზურაბიშვილის სიტყვიერ მხარდაჭერას გამოხატავდა, ნოემბერში ამ პარტიის ოფიციალურ „ფეისბუქ” გვერდზე გამოჩნდა სალომე ზურაბიშვილის სააგიტაციო დასპონსორებული რეკლამები, რაც „ქართული ოცნების“ მხრიდან ამ კანდიდატის სასარგებლოდ გაღებულ უკანონო შემოწირულობად უნდა ჩაითვალოს;
  • სალომე ზურაბიშვილის სასარგებლოდ და გრიგოლ ვაშაძის საწინააღმდეგოდ ფინანსურ რესურსს კიდევ ერთი პარტია „საქართველოს პატრიოტთა ალიანსიც” ხარჯავდა. ნოემბრის დასაწყისში ამ პარტიამ დაიწყო სააგიტიციო მასალის ბეჭდვა და გავრცელება, რომლის მთავარი მიზანი გრიგოლ ვაშაძის კანდიდატურის დისკრედიტირება და სალომე ზურაბიშვილის მხარდაჭერა იყო. გარდა ამისა, „საქართველოს პატრიოტთა ალიანსმა” ბათუმსა და თბილისში იგივე მიზნით გამართა ფართომასშტაბიანი სააგიტაციო დემონსტრაციები. შეხვედრებზე გამოყენებული იყო სცენა, მიკროფონები, სააგიტაციო პლაკატები და სხვა საშუალებები. პარტიამ ასევე უზრუნველყო მონაწილეთა ტრანსპორტირება. ამდენად, „საქართველოს პატრიოტთა ალიანსმა” სალომე ზურაბიშვილის სასარგებლოდ დახარჯა ფინანსური და მატერიალური რესურსი, რაც უკანონო შემოწირულებად უნდა ჩაითვალოს;
  • პირველი ტურის მსგავსად, ძირითადად არაეფექტური იყო სახელმწიფო აუდიტის სამსახურის რეაგირება პოლიტიკური პარტიების დაფინანსების რეგულაციების სავარაუდო დარღვევებზე. შემთხვევების გადამოწმების პროცესი დიდხანს იწელებოდა და საბოლოოდ შედეგიც არ ჩანდა. მხოლოდ 26 ნოემბერს გამოაქვეყნა აუდიტის სამსახურმა მცირე ანგარიში, რომელშიც მოცემულია ინფორმაცია რამდენიმე დარღვევაზე რეაგირების შესახებ. იმედს ვიტოვებთ, შემთხვევათა შესწავლის პროცესი დაჩქარდება და უფრო სწრაფად იქნება გადაწყვეტილებები მიღებული.

ამომრჩევლის მოსყიდვა

  • საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტურის შემდეგ განსაკუთრებით თვალში საცემი გახდა ისეთი შემთხვევების ზრდა, სადაც შესაძლოა იკვეთებოდეს ამომრჩევლის მოსყიდვა. „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ გრძელვადიანი დამკვირვებლების მეშვეობით ასეთი შემთხვევების შესახებ ინფორმაციას სხვადასხვა რეგიონიდან პერიოდულად იღებდა. განსაკუთრებით საგანგაშო იყო მთავრობის და ფონდი „ქართუს“ ერთობლივი ინიციატივა, რომელიც 600 000 მოქალაქისთვის ვალების დაფარვას გულისხმობს. ეს ინიციატივა გამორჩეულია სხვა შემთხვევებისგან იმით, რომ დაფინანსების წყარო კერძო ფონდია, რაც ამომრჩევლის მოსყიდვის ნიშნებზე მიუთითებს.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო” რეკომენდაციით მიმართავს: შინაგან საქმეთა სამინისტროს, რომ ძალადობის ფაქტების გამოძიებისას მეტი იმუშაოს პოლიტიკური ნიშნის გამოკვეთის საკითხზე. ასევე, პროკურატურამ ჯეროვნად გამოიძიოს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტების და არჩევნების სავარაუდო გაყალბების ფაქტი და საზოგადოებას მიაწოდოს ინფორმაცია გამოძიების შედეგების შესახებ, მაქსიმალურად სწრაფად უნდა გამოიძიოს ამომრჩევლის სავარაუდო მოსყიდვის შემთხვევები; ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ გადაწყვეტილებები უნდა მიიღოს ამომრჩევლის ინტერესებიდან გამომდინარე მაშინ, როდესაც ამის საშუალებას კანონი აძლევს.

არასამთავრობო ორგანზიაციაში აცხადებენ, რომ საბიუჯეტო ორგანიზაციის ხელმძღვანელებმა თავი უნდა შეიკავონ მათზე დაქვემდებარებული საჯარო მოხელეების წინასაარჩევნო აგიტაციაში უკანონო ჩაბმისგან და პატივი სცენ მათ შრომით უფლებებს, ხელისუფლებამ კი თავი უნდა შეიკავოს არჩევნებამდე მცირე ხნით ადრე მასშტაბური სოციალური პროგრამების ინიცირებისგან, რათა  საარჩევნო სუბიექტებს შორის ჯანსაღ კონკურენციას ზიანი არ მიადგეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი