ახალი ამბები

რატომ ვერ აღმოაჩინა პოლიციამ დაკარგული მოქალაქე საავადმყოფოში

6 ივნისი, 2014 •
რატომ ვერ აღმოაჩინა პოლიციამ დაკარგული მოქალაქე საავადმყოფოში

გოჩა კუპრაშვილი 6 აპრილს დაიკარგა, პოლიცია კი მას 8 მაისიდან ეძებდა.

 

“ერთად დავდიოდით მე და ისანი-სამგორის რაიონის გამომძიებლები მორგში, პარკებში, ყველგან ვეძებდით, სადაც შესაძლებელი იყო. თურმე 2 თვის განმავლობაში ჩემი ძმა ცოცხალი ყოფილა, საავადმყოფოს კედლებში გამოკეტილი და პოლიციამ ამის შესახებ ამდენი კვირის განმავლობაში ვერ გაიგო. ვინმეს რომ ეცნობებინა, იქნებ რამე გვეშველა, ან საზღვარგარეთ წაგვეყვანა სამკურნალოდ,”- ამბობს გარდაცვლილის ძმა, გელა კუპრაშვილი.

 

როგორც ე.წ. ინგოროყვას კლინიკაში [მაღალი სამედიცინო ტექნოლოგიების ცენტრი] ნეტგაზეთს განუცხადეს, 6 აპრილს გოჩა კუპრაშვილი  სასწრაფომ ალკოჰოლური ინტოქსიკაციით და თავის ქალის ტრავმით უზნაძის ქუჩიდან სწორედ ინგოროყვას კლინიკაში გადაიყვანა.

 

“მას პირადობა თან არ ჰქონია, მაგრამ სასწრაფომ სადაც აღმოაჩინა პაციენტი, იქვე იყო პატრული, რომელმაც მოახდინა პაციენტის იდენტიფიცირება. ჩვენთან პირადი ნომრით იყო უკვე შემოყვანილი. ინფორმაცია გადავეცით ჯანდაცვის სამინისტროსაც. პაციენტი იყო უმწეოთა ბაზაში. ჩვენი მხრიდან რაც უნდა გაკეთებოდა პაციენტს, ყველაფერი გაუკეთდა. სხვა დანარჩენ საკითხზე უნდა მიმართოთ შსს-ს. ჩვენ თავად ვერ ვეძებთ ოჯახის წევრებს და არც გვაქვს უფლება მოვძებნოთ,”- აცხადებს ლელა მანაგაძე, კლინიკის პრესსამსახურის უფროსი.

 

შსს-ში ინფორმაციას იმის შესახებ, რომ პოლიციამ თავიდანვე იცოდა პაციენტის შესახებ, უარყოფენ.

 

“არც 112-ში, არც პატრულში ინფორმაცია ამ სახელის და გვარის პიროვნებაზე არ ყოფილა.  როგორც კი ოჯახმა მიმართა პოლიციას, მაშინვე დაიწყო სამძებრო ღონისძიებები. საავადმყოფოებიც გადამოწმდა, მაგრამ არ დადასტურდა, რომ რომელიმე საავადმყოფოში იმყოფებოდა იმ დროისთვის. შემდეგ უკვე პროზექტურები რომ გადამოწმდა, გაირკვა, რომ ის გარდაიცვალა ინგოროყვას კლინიკაში,” – განუცხადეს შსს-ს პრესსამსახურში ნეტგაზეთს.

 

გოჩა კუპრაშვილის გარდაცვალების თაობაზე მისი ძმის ოჯახს 2 ივნისს პოლიციის თანამშრომელმა ტელეფონით აცნობა, როდესაც უთხრეს, რომ გარდაცვლილის გვამის წასაღებად მისულიყვნენ ინგოროყვას კლინიკაში.

 

გარდაცვლილის ოჯახის წევრებს, რომელთაც ინფორმაცია მხოლოდ პოლიციის თანამშრომლებისგან ჰქონდათ, გაუჩნდათ განცდა, რომ ე.წ.ინგოროყვას კლინიკამ პაციენტის შესახებ ინფორმაცია დამალა და დაზღვევის ფარგლებში სახელმწიფოსგან გადარიცხული ფულით პაციენტს თვითნებურად მკურნალობდა. ეჭვი ოჯახის წევრებს კიდევ ერთმა გარემოებამ გაუჩინა – როგორც გარდაცვლილის ძმა ამბობს, იმ დღეს, როდესაც გოჩა კუპრაშვილი კლინიკიდან მორგში გადაყავდათ, საავადმყოფოს პერსონალმა ოჯახის წევრებს განუცხადა, რომ გოჩა კუპრაშვილს თავზე ტრეპანაცია [გაკვეთა] ჩაუტარდა.

 

“მერე, როდესაც სხეულს ვათვალიერებდით, არც ერთი “შრამი” არ ჰქონდა თავზე. როგორ უნდა ჩატარებულიყო ტრეპანაცია ისე, რომ არც ერთი ნაკერი არ ჰქონოდა?” – ამბობს გარდაცვლილის ძმა.

 

იმ დღეს ოჯახს კლინიკიდან არც ფორმა 100 მოუთხოვია. საავადმყოფოს პერსონალმა ხელი მოაწერინა ოჯახის წევრებს, რომ მათ საავადმყოფოს მიმართ პრეტენზიები არ გააჩნიათ.

 

“ისეთ მდგომარეობაში ვიყავით იმ დროს, რას მოვაწერე ხელი, არც კი წამიკითხავს. თან ექიმი მეუბნებოდა, რომ ყროლდება ადამიანი და მალე წაიყვანეთო. ისევ ჩვენ გაგვიჩნდა დანაშაულის განცდა, რომ მალე გამოგვეყვანა მიცვალებული და სუნით არ შეგვეწუხებინა. სულ შიშველი გადმომცეს ჩემი ძმა. ზეწარს ვთხოვდი, ეს მაინც მომეცით, ასე, სულ შიშველი როგორ ჩავიყვანო მეთქი, მაგრამ მაინც არ მომცეს. პარალელურად ვეძებდით ვინმეს, ვინც გვეტყოდა, აქამდე რატომ არ შეგვატყობინეს, რომ პაციენტი აქ იწვა. საბოლოოდ ვერავინ ვნახეთ ასეთი. ყველა თავს გვარიდებდა.”

 

გარდა ამისა, გელა კუპრაშვილი ამბობს, რომ გამომძიებელი, რომელმაც საავადმყოფოდან ძმის გარდაცვალება აუწყა, კლინიკაში მისულებს ურჩევდა, რომ აღნიშნულ ფაქტზე გამოძიება არ დაეწყოთ.

 

“ვიღაცებთან რეკავდა, მოლაპარაკებებს აწარმოებდა – არ აღვძრათო. მერე მანქანაში ჩაგვსვა, რაღაც დაწერილი მოგვაწოდა, რაზეც ხელი მოვაწერეთ.”

 

შსს-ში ნეტგაზეთს განუცხადეს, რომ ოჯახს არ ჰქონდა კლინიკასთან რაიმე პრეტენზია და უარი განაცხადეს ექსპერტიზაზე.

 

“თუ ახლა რაიმე პრეტენზია აქვთ, შეუძლიათ გენერალურ ინსპექციას მიმართონ,”- აცხადებენ შსს-ში.

 

გოჩა გუპრაშვილი გუშინ, 5 ივნისს დაკრძალეს. ოჯახის წევრებმა დღეს მიიღეს გადაწყვეტილება, რომ კლინიკიდან და ჯანდაცვის სამინისტროდან პაციენტის მკურნალობისა და სახელმწიფოს მიერ დახარჯული თანხის ოდენობის შესახებ ინფორმაციის გამოთხოვასთან ერთად, პაციენტის გარდაცვალების ფაქტზე საქმის გამოძიება დაიწყონ.   

 

მასალების გადაბეჭდვის წესი