“ჩვენმა ტექნიკურმა საშუალებებმა დააფიქსირეს მცირედი ბიძგები, მოხდა ინფორმაციის მიწოდება, რის შედეგადაც რჩევა იყო მეცნიერებისგან, რომ პრევენციის მიზნით მომხდარიყო ევაკუაცია, რაც განხორციელდა. ამჟამად მუდმივად მიმდინარეობს მონიტორინგი, ვიზუალური დაკვირვება. განგაშის გამოცხადებამდე 33 ერთეული ტექნიკა მუშაობდა, ამ ეტაპზე დროებით შეწყვეტილია სამუშაოები”, – განაცხადა კრიზისების ცენტრის ოპერატიული მართვის წარმომადგენელმა ნოდარ ნადირაშვილმა “იმედთან” საუბარში.
შეგხსენებთ, რომ 2014 წლის 17 მაისს, დილის 9 საათსა და 30 წუთზე დარიალის ხეობაში, მდინარეების თერგისა და ამალი-დევდორაკის შეერთების უბანზე ღვარცოფი ჩამოწვა. ჩამოწოლილი მეწყერის შედეგად თერგი დაგუბდა, ჩამოშლილი მასის ქვეშ მოექცა რამდენიმე სატვირთო ავტომანქანა, რომელთა ნაწილში მძღოლები ისხდნენ. მომხდარი სტიქიის შედეგად ამ დროისთვის დადასტურებულია 2 ადამიანის დაღუპვა. პირველი მათგანი უკრაინის მოქალაქეა, რომელიც თბილისში, საავადმყოფოში დაიღუპა 18 მაისს.




