ახალი ამბები

“არაფრის გამო, სისტემას ემსხვერპლა თემირლან მაჩალიკაშვილი” – აქცია პარლამენტთან

25 ნოემბერი, 2018 • 1292
“არაფრის გამო, სისტემას ემსხვერპლა თემირლან მაჩალიკაშვილი” – აქცია პარლამენტთან

თბილისში, პარლამენტის შენობასთან, თემირლან მაჩალიკაშვილის ხსოვნისადმი მიძღვნილი აქცია დასრულდა. რუსთაველის გამზირზე შეკრებილებს მაჩალიკაშვილის მამამ, ბებიამ და ზაზა სარალიძემ, ასევე იმ ადამიანებმა მიმართეს, რომლებიც მიიჩნევენ, რომ მათი დაღუპული შვილების საქმეები სათანადოდ გამოძიებული არ არის.

“მე ჩემს სიცოცხლეში არ ვიფიქრებდი 10 იანვარზე მძიმე დღე თუ დამიდგებოდა, მაგრამ გუშინდელი და დღევანდელი დღე ჩემთვის გაუსაძლისი და მტკივნეული აღმოჩნდა. როგორც ჩვენ ვიცით, არაფრის გამო ამ სისტემას ემსხვერპლა თემირლან მაჩალიკაშვილი.

ეს არის დანაშაული, რომელზეც მთელს სახელმწიფოს, ხელისუფლებაში მყოფ ადამიანებსაც უჭირთ საუბარი იმიტომ, რომ ამათ მოკლეს ბავშვი თავის მშობლების წინ, თავის საძინებელში მძინარე.

დღეს თემირლანი 20 წლის გახდებოდა, თუმცა მას ეს არ აცალეს”, – აღნიშნა მალხაზ მაჩალიკაშვილმა.

ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამამ, რომელიც რამდენიმე თვეა, მალხაზ მაჩალიკაშვილთან ერთად მართავს აქციას, შეკრებილებს პროტესტის მთავარი მიზანი შეახსენა.

“აქ არ ვდგავართ იმისთვის, რასაც ხელისუფლება გვაბრალებს. აქ ვდგავართ იმისთვის, რომ ჩვენი შვილების მკვლელები დაისაჯონ. მგონი, ყველა ადამიანს ესმის ეს: თუ გვინდა მშვიდობიან და სამართლიან ქვეყანაში ცხოვრება, მკვლელები უნდა დაისაჯონ. მნიშვნელობა არ აქვს, თანამდებობის პირი იქნება ის თუ რიგითი მოქალაქე”, – თქვა მან.

პარალელურად, თავისუფლების მოედანზე, “პატრიოტთა ალიანსი მართავდა” აქციას “ნაციონალური მოძრაობის” წინააღმდეგ. მისი დასრულების შემდეგ, რუსთაველის გამზირისკენ მომავალი ადამიანების ნაკადის ზრდასთან ერთად, პოლიციამ კორდონი მოაწყო პარლამენტის მიმდებარედ, სადაც სარალიძე/მაჩალიკაშვილის მხარდამჭერები იყვნენ შეკრებილნი.


თემირლან მაჩალიკაშვილი პანკისის ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს საკუთარ სახლში შუბლის არეში დაჭრეს. უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, დაკავების მომენტში მაჩალიკაშვილი სამართალდამცავებისთვის წინააღმდეგობის გაწევასა და ყუმბარის ამოქმედებას ცდილობდა. ვერსიას დაჭრილის ოჯახი კატეგორიულად უარყოფს და აცხადებს, რომ მას მძინარე მდგომარეობაში ესროლეს. მაჩალიკაშვილი 10 იანვარს გარდაიცვალა.

ბოლო რამდენიმე თვეა თემირლანის სიკვდილს, მოკლულის მამა, მალხაზ მაჩალიკაშვილი აქციებით აპროტესტებს. პროსტესტი პარლამენტთან ახლაც მიმდინარეობს. მალხაზ მაჩალიკაშვილთან ერთად სამართლიანობის აღდგენას ორივე საქმეზე ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამა, ზაზა სარალიძე ითხოვს.

მასალების გადაბეჭდვის წესი