ახალი ამბები

პარიზში პოლიციამ დემონსტრანტების წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი გამოიყენა

24 ნოემბერი, 2018 • 1886
პარიზში პოლიციამ დემონსტრანტების წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი გამოიყენა

პარიზში პოლიციამ ცრემლსადენი გაზი და წყლის ჭავლი გამოიყენა დემონსტრანტების დასაშლელად.

საფრანგეთში მეორე კვირაა, რაც დიზელის საწვავზე მზარდ ფასებს აპროტესტებენ.

BBC-ის თანახმად, წინა შაბათს მთელს ქვეყანაში 2 000 სხვადასხვა ადგილას 280 000 ადამიანმა გააპროტესტა დიზელის ფასის ზრდა.

დემონსტრანტები, რომლებსაც “ყვითელჟილეტიანებს” უწოდებენ, დღევანდელ, 24 ნოემბრის აქციას “მეორე მოქმედებას” უწოდებენ. პროტესტი სოციალური მედიის მეშვეობითაა ორგანიზებული, და, როგორც BBC წერს, არ ჰყავს გამოკვეთილი ლიდერები. EPA-ს თანახმად, “ყვითელჟილეტიანები” არცერთ პოლიტიკურ გაერთიანებას არ ეკუთვნიან.

საფრანგეთის კანონმდებობით, ყველა მძღოლს მანქანაში უნდა ჰქონდეს ყვითელი ჟილეტი იმ შემთხვევისთვის, თუკი ავარია მოუვათ ან მანქანა გაუჩერდებათ. ამ ფერის ჟილეტები მძროლებთანაა ასოცირებული, დემონსტრანტებსაც ზუსტად ასე აცვიათ და ამიტომაც უწოდებენ დემონსტრანტებს “ყვითელჟილეტიანებს”.

როდესაც დემონსტრანტები პრემიერ-მინისტრის რეზიდენციისკენ და სხვა უწყებების შენობებისკენ მიდიოდნენ, მათ პოლიციის კორდონი გადაეღობათ. დემონსტრანტებს BBC-ის თანახმადვე, ეკრძალებათ გარკვეულ ადგილებში შესვლა.

BBC-ის ანალიტიკოსის თანახმად, პროტესტი ამორფულია, ანუ გამოკვეთილი ფორმა არა აქვს, თუმცა სიბრაზე, რაც ფასების ზრდას უკავშირდება, ნამდვილად არსებობს; მცირე ქალაქების მცხოვრებლები, რომლებიც მანქანებზე არიან დამოკიდებულები მაღაზიებამდე ან სამსახურამდე მისასვლელად, ფიქრობენ, რომ ხელისუფლება მათ ინტერესებს არ ითვალისინებს.

დიზელის — საფრანგეთში ყველაზე მოთხოვნადი საწვავის — ფასი 23%-ით გაიზარდა ბოლო 12 თვეში, და 2000-იანი წლებიდან დღემდე უმაღლეს ნიშნულს მიაღწია.

პრეზიდენტი მაკრონი საფრანგეთში საწვავის ფასის ზრდის მიზეზად მსოფლიოში საწვავის ფასს ასახელებს.

წინა დღეს პოლიციამ ქალაქ ანჟეში, დასავლეთ საფრანგეთში, დააკავა დემონსტრანტი, რომელიც ხელყუმბარით იყო შეიარაღებული და პრეზიდენტ ემანუელ მაკრონთან შეხვედრას ითხოვდა.

წინა კვირას დემონსტრაციებისას ერთი ადამიანი დაიღუპა.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი