ახალი ამბები |

“დაწიეთ ფასები!” – აქცია საწვავის არსებული ფასების წინააღმდეგ თბილისში

24 ნოემბერი, 2018 | | 1847
“დაწიეთ ფასები!” – აქცია საწვავის არსებული ფასების წინააღმდეგ თბილისში

თბილისში, ბენზინგასამართ სადგურებთან მძღოლებმა საწვავის ფასების დაწევა მოითხოვეს. დედაქალაქის ქუჩებში, მათ შორის, ვაჟა-ფშაველასა და თამარაშვილის გამზირზე, ისინი პროტესტს ავტომანქანების სიგნალებით გამოხატავდნენ.

აქციის მონაწილეთა ნაწილს ხელში ტრანსპარანტებიც ეჭირა, წარწერით “დაწიეთ ფასები!”. მათი თქმით, მოქმედი ხელისუფლების ერთ-ერთი წინასაარჩევნო დაპირება 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე სწორედ საწვავის ფასების რეგულირება იყო, რაც არ სრულდება.

“რუსთავი2”-ის ცნობით, დედაქალაქის რამდენიმე ქუჩაზე შეკრებილ მოქალაქეებს “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრებიც შეუერთდნენ, რომელთაც თავის მხრივ, ამ კუთხით მმართველი გუნდის პოლიტიკა გააკრიტიკეს.

„არსებობს იმის რესურსი, რომ საწვავზე ფასებმა დაიწიოს, რაც გააუმჯობესებს ჩვენი ქვეყნის მოქალაქეების ძალიან ცუდ ეკონომიკურ მდგომარეობას, თუმცა, ამისთვის ქართულ ოცნებაში პოლიტიკური ნება არ არსებობს,“ – განაცხადა ოპოზიციური პარტიის წევრმა კოტე იოსელიანმა ტელეარხთან საუბრისას.

მძღოლების შეკრების ადგილებზე საპატრულო პოლიცია იყო მობილიზებული.

მასალების გადაბეჭდვის წესი