ახალი ამბები

რუსი მწერალი ვიქტორ ეროფეევი საქართველოში არ შემოუშვეს

24 ნოემბერი, 2018 • 1827
რუსი მწერალი ვიქტორ ეროფეევი საქართველოში არ შემოუშვეს

23 ნოემბერს რუსი მწერალი ვიქტორ ეროფეევი საქართველოში არ შემოუშვეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროდან ნეტგაზეთს აცნობეს, რომ ეროფეევს ქვეყანაში შემოსვლაზე უარი უთხრეს უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის 1 პუნქტის “ი” ქვეპუნქტის საფუძველზე.

მე-11 მუხლი ადგენს, რომ უცხოელს საქართველოში შემოსვლაზე შეიძლება უარი ეთქვას სხვადასხვა (დოკუმენტების არქონის, ყალბი მონაცემების წარდგენის და ა.შ) შემთხვევაში, “ი” ქვეპუნქტი კი მიემართება “საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებს”, რაც დაზუსტებული არ არის.

2017 წლის ოქტომბერში ეროფეევი აფხაზეთში იმყოფებოდა ფესტივალის, “პაემანი რუსეთთან. პაემანი მოსკოვთან”, ფარგლებში. თუკი იგი ზუგდიდის მხრიდან არ შესულა აფხაზეთში, მაშინ მან დაარღვია საქართველოს კანონი ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ, რაც, შესაძლოა, ქვეყანაში შემოსვლაზე უარის საფუძველი გამხდარიყო.

შსს-ს არ დაუზუსტებია, უშუალოდ რის გამო უთხრეს ეროფეევს უარი შემოსვლაზე. ნეტგაზეთმა უწყებიდან დამატებითი ცნობები ვერ მიიღო.

ეროფეევი 2018 წლის მაისში თბილისშიც იმყოფებოდა; მან ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში შეხვედრა გამართა მკითხველთან მწერალთა სახლის მოწვევით.

მასალების გადაბეჭდვის წესი