ახალი ამბები

გაეროში საქართველოს მხარდამჭერი რეზოლუცია მიიღეს

5 ივნისი, 2014 •
გაეროში საქართველოს მხარდამჭერი რეზოლუცია მიიღეს

2014 წლის 5 ივნისს  ნიუ-იორკში, გაერო-ს გენერალურმა ასამბლეამ 68-ე სესიაზე მეშვიდედ მიიღო ჰუმანიტარული რეზოლუცია „აფხაზეთიდან, საქართველო და ცხინვალის რეგიონიდან/სამხრეთ ოსეთი, საქართველო იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა სტატუსის შესახებ”, რითიც, საქართველოს საგარეო სამინისტროს განმარტებით, კვლავ დაადასტურა დევნილთა ფუნდამენტური უფლებები.

 

აღნიშნული რეზოლუცია გმობს საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში ძალისმიერი გზით განხორციელებულ დემოგრაფიულ ცვლილებებს, ხაზს უსვამს დევნილთა საკუთარ სახლებში ღირსეული და უსაფრთხო დაბრუნების აუცილებლობას ეთნიკური კუთვნილების მიუხედავად, ყურადღებას ამახვილებს მათი საკუთრების უფლების პატივისცემასა და დაცვაზე.

 

რეზოლუცია ასევე მოუწოდებს ჟენევის მოლაპარაკებების მონაწილეებს, გაააქტიურონ ძალისხმევა ოკუპირებულ რეგიონებში უსაფრთხოების და ადამიანის უფლებების კუთხით არსებული მდგომარეობის გასაუმჯობესებლად; ამავე დროს იგი მოუწოდებს გაერო-ს გენერალურ მდივანს, ყოველწლიურად მოახსენოს გენერალურ ასამბლეას დევნილ მოსახლეობასთან დაკავშირებული მდგომარეობის შესახებ.

 

“მოხარული ვართ, რომ 2013 წელთან შედარებით რეზოლუციის მომხრეთა რიცხვი მნიშვნელოვნად, 7 სახელმწიფოთი გაიზარდა. რეზოლუციის მხარდამჭერთა ზრდის თვალსაზრისით არსებული პოზიტიური დინამიკა ადასტურებს, რომ საერთაშორისო თანამეგობრობა სულ უფრო ნათლად აცნობიერებს საქართველოს ოკუპირებული რეგიონებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა ფუნდამენტური უფლებების განხორციელების მნიშვნელობას. სამწუხაროა, რომ რუსეთის ფედერაცია კვლავ შეეცადა დევნილი მოსახლეობის დაბრუნებისა და სხვა ფუნდამენტურ უფლებებთან დაკავშირებული საკითხების პოლიტიზებას.

 

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო მადლობას უხდის გაეროს წევრ ყველა  სახელმწიფოს, რომლებმაც ხმა მისცეს რეზოლუცის სასარგებლოდ, ასევე, იმ მეგობარ ქვეყნებს, რომლებმაც მაქსიმალური ძალისხმევა გასწიეს რეზოლუციის სასარგებლოდ საერთაშორისო თანამეგობრობის მხარდაჭერის კონსოლიდაციის მიზნით,”- ნათქვამია საქართველოს საგარეო სამინისტროს განცხადებაში.


მასალების გადაბეჭდვის წესი