ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

რატომ არ დაუჭირა მხარი სომხეთმა გაეროში საქართველოს მხარდამჭერ რეზოლუციას

5 ივნისი, 2014 • • 3805
რატომ არ დაუჭირა მხარი სომხეთმა გაეროში საქართველოს მხარდამჭერ რეზოლუციას

“წინა წლებში სომხეთის ამ ნაბიჯს საქართველოში ძალზედ ნეგატიური გამოხმაურება მოყვა, როგორც მედიასაშუალებების, ასევე, ზოგიერთი საზოგადო მოღვაწის მხრიდან და ამ ფაქტორმა საზოგადოებაში ანტისომხური განწყობების გაღვივებას შეუწყო ხელი. სომხეთის რესპუბლიკის პოზიცია ანტიქართულ ნაბიჯად იქნა შერაცხული, რაც რეალობის არასწორ ინტერპრეტაციას წარმოადგენს.”- აცხადებს საქართველოში სომეხთა სათვისტომოს სახელით ლევონ ისახანიანი.

 

მისი განმარტებით, სინამდვილეში, სომხეთის რესპუბლიკა არასდროს არ ყოფილა დევნილების დაბრუნების წინააღმდეგი: 

 

“ამის გააზრება ძალზედ მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის რეგიონალური პოლიტიკის სწორი წარმართვისათვის. სომხეთის რესპუბლიკის პოზიცია ეფუძნება ე.წ. „დევნილების დაბრუნების შესახებ“ რეზოლუციის მე-8 პუნქტის მიუღებლობას, რომელიც გაეროს გენერალურ ასამბლეას სთხოვს არა დევნილების დაბრუნების შესახებ რეზოლუციის მხარდაჭერას, არამედ სუამ-ის სივრცეში არსებული კონფლიქტების, მათ შორის არცახის (მთიანი-ყარაბაღის) კონფლიქტის მიკერძოებული ინტერპრეტაციის შესახებ რეზოლუციის მიღებას. სომხეთის რესპუბლიკისთვის მიუღებელია არცახის (მთიანი-ყარაბაღის) კონფლიქტის შესახებ აზერბაიჯანის პოზიციის მხარდაჭერა, ხოლო ზემოხსენებული ე.წ. „დევნილების დაბრუნების შესახებ“ რეზოლუციის მხარდაჭერის შემთხვევაში, სომხეთი ირიბად მხარს დაუჭერს არცახის (მთიანი-ყარაბაღის) კონფლიქტის აზერბაიჯანისეულ ინტერპრეტაციას.”


მისივე თქმით, “ლოგიკურად, ოფიციალური თბილისის ინტერესშია: 1. „აფხაზეთიდან, საქართველო და ცხინვალის რეგიონიდან/სამხრეთ ოსეთი, საქართველო იძულებით გადაადგილებული პირების და დევნილების შესახებ“ რეზოლუციის პროექტიდან ამოღებულ იქნას ზემოხსენებული მე-8 პუნქტი; 2. საქართველოს გრძელვადიანი სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე მხარს არ უჭერდეს ზემოხსენებული მე-8 პუნქტის მიღებას, ვინაიდან, როგორც სომხეთმა დაკარგა თავის დროზე არცახის (მთიანი ყარაბაღის) პროვინცია და ისტორიის გარკვეულ პერიოდებში იქ უცხო ძალების იურისდიქცია ვრცელდებოდა, ასევე საქართველო ვერ ახორციელებს დღეს საკუთარ იურისდიქციას გარკვეულ ტერიტორიებზე, ხოლო არცახის (მთიანი ყარაბაღის) კონფლიქტთან მიმართებაში აზერბაიჯანისეული პოზიციის მხარდაჭერით საქართველოს ხელისუფლება ირიბად აცხადებს, რომ მისთვის მისაღებია უცხო ქვეყნის მიერ სხვა ქვეყნის ოკუპირებულ ტერიტორიაზე იურისდიქციის გავრცელება.”


სომხეთის გარდა, რეზოლუციას მხარი არ დაუჭირეს ასევე, ბელორუსმა, ვიეტნამმა, კუბამ, ლაოსმა, ნაურუმ, მაინმარიმ, ნიკარაგუამ, რუსეთმა, სირიამ, სუდანმა, შრი-ლანკამ, და ჩრდილოეთ კორეამ.




მასალა მომზადებულია პროექტ “სამხრეთ კავკასიის ამბების” ფარგლებში ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის მხარდაჭერით. პროექტის ფარგლებში მომზადებული ტექსტები შეიცავს იმ ტერმინოლოგიას, რომელიც აფხაზეთის, სამხრეთ ოსეთის და მთიანი ყარაბაღის თვითაღიარებულ რესპუბლიკებში გამოიყენება. მასალებში გამოთქმული მოსაზრებები შესაძლოა არ ემთხვეოდეს ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის და ნეტგაზეთის პოზიციას.
   


მასალების გადაბეჭდვის წესი