ამ და სხვა სიახლეების შესახებ, რომელიც ზოოპარკში იგეგმება, მედიის წარმომადგენლებთან დღეს, 5 ივნისს თავად დაწესებულების დირექტორმა, ზურაბ გურიელიძემ ისაუბრა.
გურიელიძის თქმით, თბილისის ზოოპარკი პირველია მსოფლიოში, რომელიც არ არის ევროპის ზოოპარკებისა და აკვარიუმების ასოციაციის (EAZA) წევრი და პინგვინების, როგორც სპეციალურ მენეჯმენტს დაქვემდებარებული ცხოველების ყოლის უფლება მისცეს.
“ზოგადად, ვოლიერების კუთხით, ზოგ შემთხვევაში მივუახლოვდით საერთაშორისო სტანდარტებს. ამ მხრივ ძალიან რთული ვითარება იყოს წლების წინ და დადგა უპირობო ამოცანა, – სასწრაფოდ გამოგვეყანა ეს ცხოველები ამ “კლეტკებიდან.” ეს შევძელით კიდეც, მაგრამ ახლა მთლიანად იცვლება კონცეფცია. შენდება ახალი ვოლიერები ლომებისთვის, პრიმატებისთვის, ფრინველებისთვის. თანამედროვე მიმართულებაა კომბინირებული ვოლიერები, რომელიც ზოგ შემთხვევაში ხალხს არ მოსწონს, მაგრამ ნებისმიერი სოციალური კონტაქტი ძალიან მნიშვნელოვანია, – ამბობს დაწესებულების დირექტორი.
ამჟამად თბილისის ზოოპარკში ასეთ კომბინირებულ ვოლიერში ზებრები და თხები ერთად ცხოვრობენ.
“ერთ პერიოდი იყო, დიდყურა მელიები და გედი ერთ ვოლიერში გვყავდა. წარმოიდგინეთ, გედი ძალიან აწვალებდა მელიებს. ის, რომ გედები მშვიდები არიან, სტერეოტიპია, სინამდვილეში პირიქითაა.”
თბილისის ზოოპარკის ბინადრებს აღარც ატრაქციონების ხმაური შეაწუხებთ. ამჟამად მათი დემონტაჟი მიმდინარეობს. გურიელიძის თქმით, თბილისის ზოოპარკთან 2013 წლამდე საკმაოდ კაბალური პირობებით იყო გაფორმებული კონტრაქტი, რის გამოც იქ არსებული ატრაქციონები წლების განმავლობაში ცხოველებისთვის არაკომფორტულ გარემოს ქმნიდა.
“შეიქმნება ატრაქციონების ორი ე.წ. კუნძული. ერთი -ზოოპარკის შესასვლელში, მეორე – ბოლოში. ახალი ატრაქციონები იქნება უფრო უხმაურო, შემეცნებითი და სათავგადასავლო,”- განაცხადა ზურაბ გურიელიძემ.
ერთ-ერთი ასეთი ტიპის ატრაქციონი – “თოკების პარკი” 1 ივნისს გაიხსნა.
ზოოპარკის დირექტორი ამბობს, რომ საერთაშორისო სტანდარტებს თბილისის ზოოპარკი ჯერ ვერ აკმაყოფილებს, თუმცა შესაძლებლობის ფარგლებში ამისთვის მაქსიმუმი კეთდება.
“საერთაშორისო სტანდარტებს რასაც მივაღწიეთ, ეს საკვებია – რაციონი და ხარისხი. ცოტა ზედმეტიც მოგვივიდა, სპილო ცოტა გაგვისუქდა,”- ამბობს გურიელიძე.
კითხვაზე, რას ჭამს სპილო, ამბობს, რომ ხილს, ბოსტნეულს, ტოტებს, და ზოგჯერ ცოცხის ტარებსაც. – “თუ დაინახა მომვლელის ცოცხი, შეიძლება წაართვას და ჭამოს.”
თბილისის ზოოპარკი ბოლო სამი წელი ევროპის ზოოპარკებისა და აკვარიუმების ასოციაციის (EAZA) წევრობის კანდიდატია. იმისთვის, რომ EAZA-ს წევრი გახდე, საერთაშორისო სტანდარტებს უნდა აკმაყოფილებდე. თბილისის ზოოპარკის სტანდარტების შესამოწმებლად წელიწადში ორჯერ EAZA-ს მონიტორი ჩამოდის და ცხოველების პირობებიდან დაწყებული, ზოოპარკის თანამშრომლების უსაფრთხოების საკითხებით დამთავრებული, ყველაფერს მონიტორინგს უწევს. გურიელიძე ამბობს, რომ ჯერჯერობით ასოციაცია კმაყოფილებას გამოხატავს იმით, რაც აქამდე გაკეთდა.
ამჟამად თბილისის ზოოპარკს ტანზანიის მთავრობასთან კონტრაქტი აქვს გაფორმებული. კონტრაქტი ითვალისწინებს იმას, რომ თბილისის ზოოპარკს შეუძლია ე.წ. დაობლებული ცხოველების ჩამოყვანა. მაგალითად, თბილისის ზოოპარკში ტანზანიიდან ლომები ჩამოიყვანეს.
“გვაქვს ამბიცია, რომ ადამიანის მსგავსი მაიმუნებიც გვყავდეს, ესენიც სპეციალურ მენეჯმენტს დაქვემდებარებული სახეობაა.”
როდესაც დიდი მანძილიდან ცხოველები ჩამოჰყავთ, გარდაუვალია ტრანსპორტირების შედეგად მიღებული სტრესი, რომლის მოხსნასაც, დირექტორის თქმით, შესაძლოა თვეები დასჭირდეს.
ზოგადად, ცხოველები ფსიქოლოგიური მდგომარეობაზე საუბრის დროს, გურიელიძის განმარტებით, სხვადასხვა ზომას მიმართავენ.
“ფსიქოლოგიური პრობლემები ძირითადად მოწყენილობის გამო ემართებათ. წარმოიდგინეთ, ცარიელ ოთახში რომ ჩაგსვან, ძალიან კარგი საჭმელი რომ მოგიტანონ დღეში სამჯერ, ვერ იქნებით მაინც ბედნიერები. სხვა აქტივობებია ამისთვის საჭირო. მაგალითად, ვურთულებთ საკვების მიღებას. ვუწყობთ ასაძრომებს, რომ საკვებს მისწვდეს. ზოგ ცხოველს ვუმალავთ სხვადასხვა ადგილას. მერე დადიან და ეძებენ. ეს არის თერაპიის ერთ-ერთი სახე. სტრესის მოსახსნელად ძალიან ხშირად ანტისტრესულ პრეპარატებსაც ვიყენებთ.”
იმის გამო, რომ ცხოველებს გარკვეულ დისკომფორტს უქმნის ზოოპარკის მიმდებარე ტერიტორია [ტრანსპორტის ხმაური, გარემო], თბილისის მერიამ ზოოპარკს 50 ჰექტარი ფართობი ტერიტორია თბილისის ზღვაზე უზურფრუქტით გადასცა.
დღესდღეობით თბილისის ახალი ზოოპარკის რამდენიმე პროექტი არსებობს, რომელთა ფინანსური დანახარჯები 100-დან 500 მილიონი ევროა.
“500 მილიონი ევროთი აშენებული ზოოპარკი მსოფლიოში საუკეთესო იქნებოდა. მაგრამ ასეთი ფინანსების მოძიებას და შემდეგ უკვე ზოოპარკის შენახვას ვერ შევძლებდით.”
შესაბამისად, გადაწყდა თბილისის ზღვის ტერიტორიაზე არსებული 50 ჰექტარი მიწის ფართობი გამოყენება სამეცნიეირო და კონსერვაციული მიზნით. გურიელიძის თქმით, ზოოპარკი იქ გადაიყვანს იმ ცხოველებს, რომლებიც ზოოპარკში ვეღარ ეტევიან.
“ამჟამად 15 დათვი გვყავს. ეს ძალიან დიდი რაოდენობაა. ვეღარ ეტევიან. მთლიანად საქართველოში 50 დათვია სხვადასხვა ადგილას, უმძიმეს პირობებში. მაგალითად, რესტორნების ტერიტორიაზე. ერთ-ერთი ასეთი რესტორანი “ედემის ბაღი” რიკოთზეა, სადაც დათვი 2 კვადრატულ მეტრში, გაუსაძლის პირობებში ცხოვრობს. ყველა ეს დათვი ჩამოსართმევია, მაგრამ მათი გადაყვანის ადგილი ფიზიკურად არ არსებობს. თბილისის ზღვაზე სწორედ დათვების თავშესაფარი იქნება. ეს ყველაფერი 300-400 ათასი ლარი მაინც დაჯდება, რომელიც ჩვენი აზრით, ბიუჯეტიდან უნდა გამოიყოს. შემდეგ უკვე მოვლა- პატრონობას ჩვენს თავზე ავიღებთ.”
ამჟამად თბილისის ზოოპარკის შემოსავალის ორი წყარო არსებობს- თბილისის ბიუჯეტი და ვიზიტორებისგან შემოსული შემოსავალი [ბილეთები, ატრაქციონები].
“ჩვენი ამოცანაა გავზარდოთ ვიზიტორების რაოდენობა.”
თბილისის ზოოპარკში ამჟამად მოხალისეთა პროგრამა არსებობს. მსურველები 12 წლის ასაკიდან, ცენტრში გასაუბრების გავლის შემდეგ განაწილდებიან მტაცებლების, ჩლიქოსნების, ფრინველების, ეგზოტარიუმის განყოფილებაში და მონაწილეობას მიიღებენ ამ განყოფილებების ცხოველების მოვლაში. მოხალისეთათვის გათვალისწინებულია ზოოპარკში როგორც უფასო შემოსვლა, ასევე, ლექციების უფასო კურსი.