ახალი ამბები

უგულავას პროცესის გადადების მიზეზი პროკურორების სემინარზე წასვლა გახდა

5 ივნისი, 2014 •
უგულავას პროცესის გადადების მიზეზი პროკურორების სემინარზე წასვლა გახდა

როგორც მოსამართლე მაია შოშიაშვილმა განაცხადა, პროკურორების- ნათია სონღულაშვილის, ქეთევან ჩაჩავას, მალხაზ კაპანაძის და გიგა ძნელაძის სახელით სასამართლოს წერილი გადაეცა:

 

“ისინი გვწერენ, რომ ვერ გამოცხადდებიან სასამართლო პროცესზე შემდეგი მიზეზის გამო. 4 ივნისიდან 10 დღით სამსახურებრივი მივლინებით მიემგზავრებიან ბათუმში. დამატებით ისინი გვწერენ, რომ ბათუმში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს მიერ კიბერდანაშაულის თემაზე სემინარი იმართება, რომელსაც ისინი უნდა დაესწრონ”, – განაცხადა მოსამართლემ პროცესზე.

 

პროკურორების წერილს პროცესზე გამოეხმაურა თავად გიგი უგულავა, მისი თქმით, ბავშვიც არ დაიჯერებს, რომ პროკურორები სემინარზე არიან:

 

“პროკურორები შეეცდებიან ჩემი უფლებამოსილების ამოწურვამდე დრო გაწელონ. ისინი პროცესის გადადებას ითხოვენ 14–მდე, 15–ში კი უკვე არჩევნებია. მე ერთი რამ მინდა ვთქვა, მე ეს საკითხი დავაყენე არა იმიტომ, რომ მერად აღდგენა მინდა, არამედ იმიტომ, რომ როდესაც 15 ივნისს საქართველოს მოსახლეობა აირჩევს მერებს და გამგებლებს, ისინი ასეთივე პარტიაზნული წესით არ გადააყენონ. ეს არის შავი ხვრელი, რომელიც ახალმა პარლამენტმაც დატოვა კანონში. ამით ხდება ლუსტრაცია სახელმწიფო ბრალდების, რომ ისინი არიან პოლიტიკურად მოტივირებული. ჩვენ დღეს დავინახეთ სირცხვილი პროკურორების და სირცხვილი მთავრობის”, – განაცხადა უგულავამ.

 

თბილისის ყოფილმა მერმა განცხადება გააკეთა პროცესის დასრულების შემდეგაც. როგორც უგულავა აცხადებს, პროკურორების ქცევა მიანიშნებს იმაზე, რომ პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილს მისთვის თვალებში ჩახედვის ეშინია:

 

“ფეხბურთში გუნდი რომ არ გამოცხადდება, 3:0 ეთვლება წაგება, დაახლოებით ასეთი სიტუაციაა. შეუძლებელია ამას იუმორის გარეშე შეხედო. თავისთავად ცხადია, რომ ეს ხალხი არ არის სემინარზე. ამით გასაგებია რა შიში აქვს ღარიბაშვილს, ჩემი მერად აღდგენის შემთხვევაში მას აქვს შიში, რომ მე მთავრობის სხდომაზე მივალ და მას თვალებში ჩავხედავ. ამ მატყუარა ადამიანს ეს შიში, როგორც ჩანს, ივანიშვილისგან გამოყვა, როცა მე მასთან შეხვედრა მქონდა ასევე მთავრობის სხდომაზე. ნუ დარდობთ მეგობრებო, საქმეს მიხედეთ, 100 ქარხანა აამუშავეთ, მე არც მთავრობის სხდომაზე ვაპირებ თქვენთან მოსვლას და არც აღდგენისთვის ვიბრძვი”, – განაცხადა უგულავამ.

 

მოსამართლე მაია შოშიაშვილმა პროკურორების მთხოვნა, რომ სხდომა 10 დღით გადადებულიყო, არ დააკმაყოფილა და შემდეგი პროცესი 10 ივნისს, 16:00 საათზე ჩანიშნა.

 

შეგახსენებთ, რომ გიგი უგულავას ბრალი სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებით, ორგანიზებული ჯგუფის მიერ “თბილისის განვითარების ფონდიდან” დიდი ოდენობით თანხების გაფლანგვაში ედავება. საქმე ეხება თბილისის განვითარების ფონდის თანხის – 48 მილიონამდე ლარის წინასაარჩევნო პერიოდში “ნაციონალური მოძრაობისთვის” გამოყენებას. გიგი უგულავასთან ერთად საქმეზე ბრალდებულები არიან დავით ალავიძე, ალექსი თაბუაშვილი, დავით ავალიანი, დიმიტრი ჩხეიძე და გიორგი საბანიძე რომელიც ამჟამად ძებნაშია.


მასალების გადაბეჭდვის წესი