ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

ხაჯიმბა: ჩვენც გვაქვს განვითარების და გარე სამყაროსთან კავშირის უფლება

23 ნოემბერი, 2018 • 2430
ხაჯიმბა: ჩვენც გვაქვს განვითარების და გარე სამყაროსთან კავშირის უფლება

ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების მორიგ რაუნდამდე, რომელიც დეკემბერში უნდა გაიმართოს, აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტი სოხუმში, ევროკავშირიდან, ეუთოდან  და გაეროდან დისკუსიების თანათავმჯდომარეებს შეხვდა.

“გვესმის, რომ ყველაფრის მიღწევა მოკლე დროში ვერ მოხერხდება, თუმცა, არსებობს გარკვეული საკითხები, რომელიც უნდა ესმოდეთ ევროპულ სახელმწიფოებში. საერთაშორისო სამართლის ნორმები მხოლოდ ცალკეული ქვეყნებისთვის არ არის გაწერილი.

ჩვენც გვაქვს ცხოვრების, განვითარების და გარე სამყაროსთან კავშირის უფლება, მაგრამ ამ დრომდე ნაკლებად არსებობს იმის გაგება, რომ აფხაზეთი სახელმწიფოა, რომელსაც მსოფლიოსთან ურთიერთობები სჭირდება. შესაბამისად, ამ ფორმატში ჩვენ ჰუმანიტარული სახის საკითხებს ვაყენებთ, მათ შორის ჩვენი მოქალაქეების საზღვარგარეთ გამგზავრების შესაძლებლობას, ჩვენი პოზიციის წარმოდგენას სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციაში”, – ამბობს ხაჯიმბა თანათავმჯდომარეებთან შეხვედრის დროს.

დე ფაქტო რესპუბლიკის საგარეო უწყება საერთაშორისო შუამავლების “ობიექტური ინფორმირებისთვის” თანაბარ შესაძლებლობებს ითხოვს. დღესდღეობით აფხაზურ და ოსურ მხარეთა წარმომადგენლები მონაწილეობენ მხოლოდ ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებათა და ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) პროცესში.

სამხრეთ კავკასიაში სტაბილურობის და უსაფრთხოების შესახებ ჟენევის საერთაშორისო დისკუსიები 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ მიმდინარეობს. მასში მონაწილეობს ქართული, აფხაზური, ოსური და რუსული მხარეები, ასევე, წარმომადგენლები გაეროდან, ეუთოდან და ევროკავშირიდან.

რუსეთის ფედერაციამ აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი 2008 წელის აგვისტოს ომის შემდეგ დამოუკიდებელ რესპუბლიკებად აღიარა. ქართული მხარე და საერთაშორისო საზოგადოება არ ცნობს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობას და საქართველოს განუყოფელ ნაწილად აღიარებს.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი