ამის შესახებ ჰამერბერგმა საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციისა და სახალხო დამცველის ერთობლივ კონფერენციაზე განაცხადა, სადაც საუბარი იყო სამართალდამცავთა მხრიდან შესაძლო დანაშაულის გამოძიების საკანონმდებლო რეგულაციებზე:
“ეს იყო ჩემი ერთ–ერთი ინიციატივა, რომ შექმნილიყო დამოუკიდებელი საგამოძიებო ორგანო, რომელიც შეისწავლოდა სამართალდამცავი ორგანოების მიერ ჩადენილ დანაშაულს. ძალაუფლების ბოროტად გამოყენებას, ასეთი პრაქტიკა არსებობს მთელ რიგ დასავლეთის ქვეყნებში, და სწორედ ეს პრაქტიკა ხელს უწყობს, რომ გაიზარდოს მოსახლეობის მხრიდან ნდობა პოლიციისადმი, რამეთუ ძალზედ მნიშვნელოვანია, რომ მსგავსი დანაშაულები გამოძიებულ იქნას აბსოლუტურად დამოუკიდებელი და ობიექტური ორგანოს მიერ. თუ დავუჯერებთ წყაროებს, არის გარკვეულწილად ზრდა სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან ძალაუფლების ბოროტად გამოყენებისა, განსაკუთრებით დაკავების და დაპატიმრების პერიოდში. თუ ეს მონაცემები შეესაბამება სინამდვილეს, ეს არის საგანგაშო, რასაც ყურადღების მიქცევა ჭირდება”, – განაცხადა თომას ჰამერბერგმა.
სახალხო დამცველის, უჩა ნანუაშვილის განცხადებით, მათ პარლამენტს უკვე მიმართეს დამოუკიდებელი საგამოძიებო ორგანოს შექმნის შესაძლებლობის განხილვასთან დაკავშირებით:
“ჩვენ სპეციალური რეკომენდაციით უკვე მივმართეთ პარლამენტს, რომ განიხილოს დამოუკიდებელი საგამოძიებო ორგანოს შექმნის შესაძლებლობა იმისათვის, რომ როდესაც საუბარია ადამიანის სიცოცხლის მოსპობაზე, არასათანადო მოპყრობაზე და წამების ფაქტებზე უნდა არსებობდეს დამოუკიდებელი ორგანო, რომელიც მსგავს დანაშაულებს შეისწავლის. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი იმიტომ, რომ მსგავსი ფაქტები არსებობდა წლების განამვლოაბში. გასულ წელსაც იყო დაფიქსირებული არაერთი მსგავსი ფაქტი, სამწუხაროდ, გამოძიება ასეთ შემთხვევებში არ იყო ეფექტური, არ დგებოდა კონკრეტული შედეგი და, რაც ყველაზე სამწუხაროა, იგივე უწყება იძიებდა საკუთარი თანამშრომლების მიერ ჩადენილ შესაძლო დანაშაულებს”, – აცხადებს უჩა ნანუაშვილი.
საიას ხელმძღვანელი კახა კოჟორიძე აცხადებს, რომ ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ შეისწავლა სხვა ქვეყნების პრაქტიკა, სადაც ასევე მოქმედებს დამოუკიდებელი საგამოძიებო ორგანო:
“რაც შეეხება იმას, თუ ვისით უნდა დაკომპლექტდეს საერთაშორისო გამოცდილება და პრაქტიკა მიუთითებს იმაზე, რომ წარმომადგენლობითი დაკომპლექტება უნდა მოხდეს ამ ორგანოსი. ერთი მხრივ, უნდა იყვნენ უფლებადამცველები წარმოდგეინლი ასევე მინიმალური ოდენობით, მაგრამ მაინც შეიძლება თვითონ პოლიციის წარმომედგენელი, ყოფილი პოლიციელიც მონაწილეობდეს, ან სხვა ალტერნატიული საგამოძიებო ფუნქციის მქონე ადამიანები, მაგრამ რაც ხაზგასმულია გახლავთ ის, რომ პოლიციის თუ სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლობა ამ ტიპის ორგანოში უნდა იყოს მინიმალური, ხოლო გადამწყვეტი სიტყვა უნდა ჰქონდეთ უფლებადაცვითი გამოცდილების მქონე ადამიანებს”, – აცხადებს კოჟორიძე.