ახალი ამბები

ჩატარდა საქართველო-ევროკავშირის ახალი, უმაღლესი დონის I შეხვედრა

21 ნოემბერი, 2018 • 1196
ჩატარდა საქართველო-ევროკავშირის ახალი, უმაღლესი დონის I შეხვედრა

21 ნოემბერს ბრიუსელში გაიმართა საქართველო-ევროკავშირის თანამშრომლობის ახალი,  უმაღლესი დონის ფორმატის პირველი შეხვედრა. შეხვედრას ხელმძღვანელობდნენ საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე და  ევროკომისიის პრეზიდენტი ჟან-კლოდ იუნკერი.

მთავრობის პრესსამსახურის თანახმად, შეხვედრის ფარგლებში ევროპულ მხარესთან რამდენიმე შეთანხმება გაფორმდა, რომლებიც საქართველოსთვის, ჯამში, 231 მილიონ ევრომდე დახმარების გამოყოფას ითვალისწინებს.

ევროკომისია და საქართველოს მთავრობა კონკრეტული ნაბიჯების მეშვეობით თანამშრომლობის შემდგომ განმტკიცებასა და გაღრმავებაზე შეთანხმდნენ.

“ისტორიული დღე”

ბახტაძემ ამ ფორმატის დაწყებას “ისტორიული დღე” უწოდა: “საქართველო აღიარებულია, როგორც ყველაზე წარმატებული ქვეყანა ევროკავშირთან ინტეგრაციის გზაზე, შესბამისად, ჩვენმა ევროპელმა პარტნიორებმა სწორედ საქართველოს შესთავაზეს ეს უნიკალური პლატფორმა”, -განაცხადა მან.

ბახტაძის შეფასებითვე, ეს არის საქართველო-ვროკავშირის თანამშრომლობის სფეროში “ახალი და გამონაკლისის სახით შექმნილი” ფორმატი.

“განსაკუთრებულად” შეაფასა ახალი ფორმატი ჟან-კლოდ იუნკერმაც:

“განსაკუთრებულია ეს შემთხვევა ნამდვილად, იმდენად, რამდენადაც განსაკუთრებული დღეა, დიდი დღეა საქართველოსთვის და ევროპის კავშირისთვისაც”.

იუნკერმა განაცხადა, რომ საქართველოში 2018 წლის 26 მაისს იმყოფებოდა და ნახა, “რამდენად დიდი ამბიცია აქვს ამ ერს, რომ ევროპის ოჯახში დაბრუნდეს”:

“მიმაჩნია, რომ ჩვენი ბედი, ევროპისა და საქართველოსი, არის გადაჯაჭვული და ჩვენ ორივეს გვაქვს ნაკისრი ვალდებულება, რომ მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადაიდგას, განხორციელდეს რეფორმები საქართველოში და ჩვენი მხარდაჭერაც მითუფრო დიდი იქნება”, – განაცხადა იუნკერმა.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი