ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

ხაჯიმბა სირიის ელჩს: მადლობა აფხაზეთის აღიარების გაბედული ნაბიჯისთვის

21 ნოემბერი, 2018 • 1207
ხაჯიმბა სირიის ელჩს: მადლობა აფხაზეთის აღიარების გაბედული ნაბიჯისთვის

სირიის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი რუსეთში რიად ჰადადი სოხუმში ტურისტულ ფორუმზე “VISIT APSNY” ჩავიდა.

ტურისტულ ფორუმზე დასწრების გარდა, ჰადადი შეხვდა აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტს, რაულ ხაჯიმბას და სხვა მაღალჩინოსნებს.

“მადლობელი ვართ სირიის ხელისუფლების, და ამის შესახებ ბაშარ ასადთან შეხვედრის დროსაც ვისაუბრეთ, აფხაზეთის აღიარების გაბედული ნაბიჯისთვს. ჩვენი მთავარი ამოცანაა, განვაგრძოთ ის, რაც ამ შეხვედრებზე დაიგეგმა”, – უთხრა შეხვედრის დროს ხაჯიმბამ სირიის ელჩს.

“ჩვენი, საელჩოს მუშაობა იმაში მდგომარეობს, რომ ორ ხალხსა და ორ ხელისუფლებას შორის მუდმივად გავაძლიეროთ ურთიერთობები”, – განაცხადა სოხუმში ხაჯიმბასთან შეხვედრის დროს სირიის ელჩმა.

სირიამ სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის დამოუკიდებლობა 2018 წლის 29 მაისს გამოაცხადა. სირიის მიერ აღიარების ფაქტს დაუყოვნებლივ გამოეხმაურნენ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში, სადაც აღნიშნეს, რომ საქართველო სირიასთან დიპლომატიურ ურთიერთობებს წყვეტს.

რუსეთი სირიის მთავრობის უმთავრესი საგარეო მოკავშირეა. მოსკოვმა ქვეყნის ტერიტორიაზე ავიადარტყმების განხორციელება 2015 წელს დაიწყო. ვლადიმერ პუტინი აცხადებდა, რომ კამპანიის მთავარი მიზანი ISIS-ის შესუსტება იყო, თუმცა აშშ-ის ოფიციალურ პირებს მოსკოვი არაერთგზის დაუდანაშაულებიათ სირიის ოპოზიციის წინააღმდეგ მოქმედებაში. რუსეთი კი, თავის მხრივ, აშშ-ს სპელკულაციებში ადანაშაულებდა. სამოქალაქო ომის მიმდინარეობისას ვითარება ასადის ხელისუფლების სასარგებლოდ, არაერთ შემთხვევაში, სწორედ რუსეთის ჩარევით შეიცვალა.

2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ, სირიის გარდა, სამხრეთ ოსეთი და აფხაზეთი აღიარეს ნიკარაგუამ, ვენესუელამ და ნაურუმ.

მასალების გადაბეჭდვის წესი