როგორც პრემიერმა დღეს, 4 ივნისს გამართულ პრესკონფერენციაზე აღნიშნა, თუ საჭირო იქნება, იგი ვერ ხედავს პრობლემას იმაში, რომ მარგველაშვილიც გაემგზავროს მათთან ერთად ბრიუსელში, თუმცა არ იცის, არსებობს თუ არა ეს საჭიროება. მისი თქმით, მასსა და მარგველაშვილს შორის არავითარი დაძაბულობა, მით უმეტეს, პიროვნული უთანხმოება არ არსებობს. ღარიბაშვილის განმარტებით, ურთიერთობები ამ ორ პოლიტიკოსს შორის ისე მიმდინარეობს, როგორც ამას კონსტიტუცია განსაზღვრავს პრემიერისა და პრეზიდენტის ურთიერთდამოკიდბეულების საკითხში:
“არავითარი დაძაბულობა არ არსებობს, ჩვენ გვაქვს ჯანსაღი ურთიერთობები. ის საუბრები დაძაბულობის შესახებ მიზანმიმართულად მიმდინაროებს და მას ზოგიერთი მედიასაშუალებებიც უწყობენ ხელს. არავითარი პიროვნული დაძაბულობა არ არსებობს. ჩვენ გვაქვს ისეთი ურთიერთობა, როგორიც უნდა გვქონდეს. როცა საჭიროებაა, ჩვენ ვხვდებით ერთმანეთს… როცა სახელმწიფოებრივი საკითხები და დღესასწულებია”, – განაცხადა პრემიერმა.
მისი თქმით, ისეთ ყოფით საკითხებს, როგორიც არის ეტიკეტი პრეზიდენტისა და პრემიერის ურთიერთობის კონტექსტში, ჟურნალისტებმა ყურადღება არ უნდა მიაქციონ და მოსახლეობა არ დაძაბონ.




