ახალი ამბები

საია: პერსონალურ მონაცემთა დაცვის კუთხით ხარვეზები აღმოსაფხვრელია

3 ივნისი, 2014 •
საია: პერსონალურ მონაცემთა დაცვის კუთხით ხარვეზები აღმოსაფხვრელია

კვლევის თანახმად, 2012 წლის 1 მაისიდან 2013 წლის 1 ნოემბრამდე პერიოდში, საერთო სასამართლოებმა პერსონალურ მონაცემთა დაცვის საკითხებზე სულ 17 საქმეში იმსჯელეს:

“პერსონალურ მონაცემთა დაცვის კანონმდებლობაზე მსჯელობის დროს, სასამართლოებმა უპირატესობა მიანიჭეს იდენტიფიკაციის კრიტერიუმს და პერსონალურ მონაცემთა ცნების ფორმალური განმარტების საფუძველზე არ დააკმაყოფილეს მოთხოვნა ინფორმაციის გაცემის შესახებ”, – ნათქვამია საიას კვლევაში.

აქვე აღნიშნულია, რომ თანამდებობის პირების გარდა საჯარო მოხელეების და სხვა პირთა ფინანსების შესახებ ინფორმაცია, კერძოდ, მათი პრემიები და ხელფასები, სასამართლომ იმ შემთხვევაშიც საიდუმლოდ ცნო, როდესაც ისინი სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდებოდა.

 

 საია მიიჩნევს, რომ საქართველოს კანონმდებლობა პერსონალურ მონაცემთა დაცვის კუთხით არ არის ყოვლისმომცველი, სრულფასოვანი და რიგ შემთხვევაში, საჭიროებს დამატებით კონკრეტიზაციას, იქნება ეს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის დანიშვნის, გათავისუფლების, საქმიანობის მარეგულირებელი წესებისა თუ ორგანიზაციულ-სამართლებრივი კუთხით.

 

“საქართველოს პერსონალურ მონაცემთა დაცვის კანონმდებლობის თანახმად, გარკვეული სფეროები რეგულირების მიღმაა დარჩენილი, მაგალითად, სახელმწიფო და საზოგადოებრივი მიზნით მონაცემთა დამუშავება, საერთაშორისო გამოცდილების თანახმად კი, სასურველია პერსონალურ მონაცემთა დაცვის კანონმდებლობა ყველა სფეროზე ვრცელდებოდეს”, – ნათქვამია კვლევაში.

ასევე კვლევამ აჩვენა, რომ მაღალი საჯარო ინტერესის არსებობის შემთხვევაში, პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორი მოკლებულია შესაძლებლობას იმსჯელოს კონკრეტული პირის პერსონალური მონაცემების გასაჯაროებაზე სახელმწიფო და საზოგადოებრივი ინტერესების შეპირისპირების ფონზე.

საიას მიიჩნევს, რომ საჭიროა პერსონალურ მონაცემთა დაცვის კუთხით არსებული საკანონმდებლო ბაზის გადახედვა. არსებული ხარვეზების აღმოფხვრა და ინსპექტორის დამოუკიდებლობისათვის დამატებითი გარანტიების უზრუნველყოფა.

“საჭიროა შემუშავდეს სექტორზე ორიენტირებული, სპეციალური წესების დამდგენი რეგულაციები, რომლებიც სფეროს სპეციფიკის გათვალისწინებით მოახდენს პერსონალურ მონაცემთა დაცვის რეგულირებას. ამასთან, აუცილებელია, რომ მოხდეს პროპორციულობის ტესტის ინტეგრირება საქართველოს კანონმდებლობაში, პერსონალურ მონაცემთა დაცვის უფლების სხვა ფუნდამენტურ უფლებებთან მიმართებით განხილვისა და საზოგადოების ინტერესების გათვალისწინების მიზნით”, – ნათქვამია განცხადებაში.

მასალების გადაბეჭდვის წესი