“საქართველოს კათალიკოს-პატრიარქმა მორწმუნე საზოგადოებას მოგვიწოდა, არ შევეგუოთ ანტიდისკრიმინაციულ კანონში ასეთი უმსგავსო ფორმულირებების არსებობას. ამ კანონს ვერ შევეგუებით ჩვენი არსით და ჩვენი მრწამსით. აქედან გამომდინარე, ჩვენი გვარის წინამძღოლთა დარბაზმა მიიღო გადაწყვეტილება, შეეგროვებინა 30 ათასი ხელმოწერა, რათა საქართველოს პარლამენტში შეტანილი ყოფილიყო საკანონმდებლო ინიცირება ამ ანტიდისკრიმინაციულ კანონში გაუკუღმართებული ფორმულირებების, საზოგადოებისთვის მიუღებელი სიტყვების დაუყოვნებლივ ამოღებისა და კანონით აკრძალვისა”,- განაცხადა “გვარის წინამძღოლთა დარბაზის” საბჭოს წევრმა მიხეილ ანდღულაძემ სამების საკათედრო ტაძარში გამართულ შეხვედრაზე.
ორგანიზაციის მიერ ინიცირებულ ვერსიაში ცვლილებები შედის კანონის პირველ მუხლში და მეხუთე მუხლის მესამე პუნქტში: კანონის პირველი მუხლიდან ამოღებულია სიტყვები – სექსუალური ორიენტაცია და გენდერული იდენტობა, ხოლო მეხუთე მუხლის მესამე პუნქტში დამატებულია: “არ უნდა მოახდინოს საზოგადოებისათვის მიუღებელი, უზნეო, ამორალური და გაუკუღმართებული ქმედებების პროპაგანდა და აფიშირება”.
“გვარის წინამძღოლთა დარბაზმა” საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მიმართ ღია მიმართვის ტექსტიც გაავრცელა.
“მიუხედავად ქართველი ადამიანის ხასიათისა, რომელიც გაჟღენთილია მსოფლიოში სამაგალითო ტოლერანტობით, საქართველოში ბოლო დროს განვითარებული მოვლენები, კერძოდ, ანტიდისკრიმინაციული კანონის არაორდინარულად დაჩქარებული ტემპით მიღება იწვევს საზოგადოების მწვავე და სამართლიან აღშფოთებას, მაგრამ თითოეული ჩვენგანის ვალია, ყველაფერი გავაკეთოთ ქვეყანაში მოსალოდნელი იმ დაპირისპირების თავიდან ასაცილებლად, რაც შეიძლება მოჰყვეს ცოდვის ლეგალიზაციის მცდელობას. მოგმართავთ საქართველოს კანონში დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ ცვლილებების შეტანის თაობაზე”,- ნათქვამია ტექსტში.
“გვარის წინამძღოლთა დარბაზის” წევრები აცხადებენ, რომ უნდობლობას გამოუცხადებენ პარლამენტს, თუ საკანონმდებლო ორგანო მათ ინიციატივას არ გაითვალისწინებს.
“თუ პარლამენტმა, ისევ თავისდაჩვეულად, არ გაითვალისწინა საზოგადოების უმრავლესობის დამოკიდებულება და მოთხოვნა, რაც გამოხატულია ჩვენი გვარიშვილთა ამ საკანონმდებლო ინიციატივით, მაშინ ჩვენმა გვარიშვილებმა უნდა გამოვაცხადოთ ამ პარლამენტის უნდობლობა და დავაყენოთ მისი დათხოვნის და ახალი რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების დანიშვნის რეფერენდუმის მოთხოვნა. მე გთხოვთ, რომ შემდეგი შეკრება განხორციელდეს ფილარმონიის დარბაზში ან სპორტის სასახლეში და უფრო ხალხმრავალი შეკრება მოხდეს”,- აცხადებს მიხეილ ანდღულაძე.
ანტიდისკრიმინაციულ კანონში ცვლილებების მოთხოვნით ხელმოწერების შეგროვება 17 მაისს დაიწყო.
ანტიდისკრიმინაციული კანონის მოქმედი ვერსია, რომელშიც ცვლილებებს ითხოვენ:
მუხლი 1.
კანონის მიზანია დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრა და ნებისმიერი ფიზიკური და იურიდიული პირისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი უფლებებით თანასწორად სარგებლობის უზრუნველყოფა, რასის, კანის ფერის, ენის, სქესის, ასაკის, მოქალაქეობის, წარმოშობის, დაბადების ადგილის, საცხოვრებელი ადგილის, ქონებრივი ან წოდებრივი მდგომარეობის, რელიგიის ან რწმენის, ეროვნული, ეთნიკური ან სოციალური კუთვნილების, პროფესიის, ოჯახური მდგომარეობის, ჯანმრთელობის მდგომარეობის, შეზღუდული შესაძლებლობის, სექსუალური ორიენტაციის, გენდერული იდენტობისა და გამოხატვის, პოლიტიკური ან სხვა შეხედულების ან სხვა ნიშნის მიუხედავად.
მუხლი 5. მესამე პუნქტი.
დისკრიმინაციის აღმოსაფხვრელად განხორციელებულმა ღონისძიებებმა ან ამ კანონის პირველი მუხლით გათვალისწინებული რომელიმე ნიშნის მქონე პირის ან პირთა ჯგუფის მიერ საკუთარი უფლებების განხორციელებამ/დაცვამ არ უნდა ხელყოს საჯარო წესრიგი, საზოგადოებრივი უსაფრთხოება ან/და სხვათა უფლებები.