ოფიციალური ინფორმაცია
ქართველი მესაზღვრეების საგუშაგო და შენობა სოფელ კირნათში ზუსტად იქ არის განთავსებული, სადაც საბჭოთა კავშირის დროს მავთულხლართები იყო გაბმული. ამ მავთულხლართების ნაწილი დღემდე შენარჩუნებულია. მავთულხლართებს დღემდე აქვს იგივე დიზაინის ჭიშკარიც. ისე როგორც საბჭოთა დროს, ახლაც მოსახლეობა იღებს საშვს, გადის მავთულხლართების მეორე მხარეს და მიწას ამუშავებს. საშვის გარეშე შესვლა დაუშვებელია. საშვს მესაზღვრეები მხოლოდ კირნათელებს აძლევენ.
რა არის მავთულხლართების იქეთ? – ამ კითხვის პასუხად კირნათში ყველაზე ხშირად ამბობენ – “ნეიტრალური ტერიტორია”. მავთულხლართებიდან თურქეთთან სახელმწიფო საზღვრამდე მანძილს ასე უწოდებდნენ საბჭოთა კავშირის დროსაც. “ნეიტრალური ტერიტორიის” ნაწილს ახლა, ისე როგორც საბჭოთა კავშირის დროს, გლეხები ამუშავებენ. უბრალოდ, საზღვართან მიახლოება, მით უფრო სამეურნეო საქმიანობის მიზნით, 50 მეტრზე უფრო ახლოს, ახლაც არ შეიძლება – ამის შესახებ კირნათში ყველამ იცის.
ქართველი მესაზღვრეები არაოფიციალურად ამბობენ, რომ კირნათის მონაკვეთში საზღვრის აღმნიშვნელი სპეციალური ნიშნულები ყველგან არ დგას. “ეს იმას ნიშნავს, საზღვარი შეიძლება ისე გადაკვეთო, ვერც კი მიხვდე, რომ გადაკვეთე”.
მესაზღვრეების ინფორმაციით, “სწორედ ამის გამო მოხდა 29 მაისს ინციდენტი – ქართველი გლეხები თურქეთის სახელმწიფოს სასაზღვრო საგუშაგოსთან დაუშვებელზე ახლოს მივიდნენ და იქ დაიწყეს მიწის შემოღობვა. შესაბამისი რეაქცია ჰქონდათ თურქ მესაზღვრეებს – ჩვენს მოქალაქეებს უთხრეს, რომ ეს არის თურქეთის ტერიტორია და უნდა წავიდნენ იქედან”.
ქართველი მესაზღვრეების ინფორმაციით, “დაახლოებით ოთხი ნაკვეთი არის თურქეთის ტერიტორიაზე შემოღობილი”. როგორც ისინი ამბობენ, “ამ ღობეების დაშლას დღეს აპირებენ”.
პირველი ივნისის მდგომარეობით, მესაზღვრეებმა საქართველო-თურქეთის საზღვარზე საზღვრის აღმნიშვნელი სპეციალური ნიშნულები დაამონტაჟეს. მესაზღვრეები ამის შემდეგ მსგავს ინციდენტს სრულად გამორიცხავენ.
პირველ ივნისს, დღის ბოლოს, შსს სასაზღვრო პოლიციამ შემდეგი შინაარსის განცხადება გაავრცელა: “სხვადასხვა მედიასაშუალების მიერ ბოლო პერიოდში გავრცელებული ინფორმაცია აჭარაში, რომ სასაზღვრო პოლიციის N1 სამმართველოს (ბათუმი) ტერიტორიაზე, N2 სასაზღვრო სექტორის (კირნათი) დასაცავ მონაკვეთზე, თურქი მესაზღვრეების მიერ საზღვრის უკანონოდ გადმოკვეთა მოხდა, სიმართლეს არ შეესაბამება. სასაზღვრო პოლიცია მოგიწოდებთ, ნუ გაავრცელებთ გადაუმოწმებელ ინფორმაციას”.
რას ამბობენ კირნათში
ჯუმბერ ჯიხაძე კირნათელია. ის მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლების დროს სოფლის გამგებელი იყო. ტელეკომპანია “ობიექტივში” სწორედ მან დარეკა. შესაბამისად, თურქი მესაზღვრეების მიერ საქართველოს საზღვრის გადმოკვეთისა და მოქალაქეებზე თავდასხმის შესახებ ინფორმაციაც, ძირითადად, მასზე დაყრდნობით ვრცელდებოდა.
ჯუმბერ ჯიხაძემ უკვე იცის, რომ საქართველოს სასაზღვრო სამსახურმა ინფორმაცია თურქი ჯარისკაცების მიერ საზღვრის დარღვევასთან დაკავშირებით არ დაადასტურა, მაგრამ ამბობს, რომ მასთან ამ თემაზე არავის უსაუბრია. ის ქართული მხარის განცხადებას არ ეთანხმება. კითხვაზე, ხომ არ არის ეს განცხადებები პოლიტიკური მოტივებით განპირობებული, ჯუმბერ ჯიხაძე ამბობს, რომ “არც ერთი პარტიის წევრი არ არის” და ამას პოლიტიკასთან საერთო არაფერი აქვს. შეკითხვაზე, თქვენ მიერ ცოტა ხნის წინ რუსულ ენაზე გამოფენილმა ბანერმა – россия иди помоги, турция земли отбирает – ხომ არ შესძინა ამ ყველაფერს პოლიტიკური ელფერი? – ჯუმბერ ჯიხაძე ამბობს: “ტელეფონზე ვერ გესაუბრებით. შევხვდეთ და გესაუბრებით. ახლა სამსახურში ვარ და არ მცალია”.
მუხამედ ცინცაძეც ამ ინციდენტის მონაწილე და თვითმხილველია. მისი აზრით, ეს აჟიოტაჟი ხეობაში ჰესის მშენებლობას უკავშირდება:
“საბჭოთა კავშირის დროიდან მაგ ტერიტორიას ჩვენი მამა-პაპანი ფლობდნენ. იმ დროს ვერ ბედავდნენ შემოსვლას თურქები, მაგრამ ჩემი თვალსაზრისით და ჩვენი სოფლის მოსახლეობის აზრით, ახლა ისინი შეეკრენ ჩინოვნიკებს და უნდათ მიწა წაგვართვან, ჰესი რომ ააშენონ. ეტყობა, შეიმუშავეს მეთოდი, რომ თითქოს ჩვენ საზღვარი დავარღვიეთ და ამ ტერიტორიის წართმევა უნდათ. ჩვენ საქართველოს დამოუკიდებლობის შემდეგ, უკვე წლებია ვამუშავებთ ამ მიწებს და მსგავსი არაფერი არასდროს გვქონია ყოფილა შემთხვევა, როცა შეშა გაგვიმზადებია ერთად, ჩვენ ჩვენი წამოგვიღია, მათ მათი და არაფერი უთქვამთ”.
მუხამედ ცინცაძის თქმით, 29 მაისს, როცა დაახლოებით 8 თურქმა ჯარისკაცმა მათ მდინარის სანაპიროს დატოვება მოსთხოვა, ისინი მათ მოთხოვნას არ დაემორჩილნენ და ქართველ მესაზღვრეებს დაუძახეს: “მადლობა ღმერთს, ჩვენი მესაზღვრეები თავის დონეზე აღმოჩნდნენ, შეტყობინების მიღებისთანავე მოახდინეს რეაგირება: ჩვენი მესაზღვრეები რომ შემოვიდნენ, თურქი მესაზღვრეები გაიქცნენ”.
პოლიტიკური მოტივების ხსენებაზე და სოფელში ჯიხაძის მიერ რუსული ბანერის გამოფენაზე დასმულ კითხვას მუხამედ ცინცაძე ასე პასუხობს: “სოფლიდან წყენა მიიღო იმან და იმიტომ გააკეთა მაგი პლაკატი, ვითომ თავისებურად რაღაცა მოიფიქრა. ვიღაცამ პირადულად მოიწვია ტელევიზია, პროვოკაცია მოუწყეს ჯიხაძეს… რუსებმა გაგვჟლიტეს კინაღამ ნახევარი საქართველო და მე, პირადად, მასეთ ლოზუნგებს არ ვეთანხმები”.
თემურ ჯიხაძეც კირნათელია. ისიც ფიქრობს, რომ თურქმა ჯარისკაცებმა “მამაპაპური მიწაწყლიდან გამოყარეს”. ის ნებისმიერ შეკითხვაზე პასუხის გაცემას ასე იწყებს – “ობიექტივს” არ უსმენთ, რა თქვეს, არ ნახეთ?” “ეს არის ოთხი გვარის მიწა, 4,5 ჰექტარი უნდა იყოს. სამი დღის წინ თურქები გადმოვიდნენ და გვითხრეს, რომ ჩვენი მამაპაპისეული მიწა – მათია. გამოდის, ჩვენმა მთავრობამ მიწა გაგვიყიდა? – აბა, ისე როგორ გადმოვიდნენ თურქი სალდათები… ჰესის მშენებლობა რომ დაიწყო, დაიწყო არეულობა და შესყიდვები”.
თემურ ჯიხაძეს პრეტენზია აქვს სამ პოლიტიკოსთან – მიხეილ სააკაშვილთან, კახა კალაძესა და არჩილ ხაბაძესთან.
“ჩვენ რას გვეკითხები, მიხეილ სააკაშვილს ჰკითხე, კახა კალაძეს, ეგენი აშენებენ ჰესებს. ან ეს არჩილ ხაბაძე რატომ არ ამოდის ჩვენთან, არ აინტერესებს რატომ არ გვაძლევენ მიწებს, რატომ გაგვიუქმეს დარეგისტრირებული მიწები. ერთადერთხელ გამოიარა, თურქეთიდან რომ ჩამოვიდა, მაშინ გვნახა. მე ვეუბნები – ამობრძანდი ხაბაძე და გაარკვიე ყველაფერი. მოგვხედეთ. ჩვენი მიწები იკარგება, გვართმევენ მიწებს. ხვალე ნახონ, ყველა აქ იქნება”.
თემურ ჯიხაძის თქმით “ამ მიწების გამო” კირნათში სამი პირია დაკავებული.
რას ამბობს ხელისუფლება
ბადრი შალიკაძე – კირნათის მინიგამგებელი ამბობს, რომ “ნეიტრალურ ტერიტორიაზე” მასაც აქვს მიწის ნაკვეთი. ის დარწმუნებულია, რომ თურქ მესაზღვრეებს საქართველოს საზღვარი არ გადმოუკვეთიათ, ისე როგორც იმაშია დარწმუნებული, რომ მის თანასოფლელებს აკრძალულ ზოლში ღობე განზრახ არ გაუკეთებიათ და ეს გამოწვეული იყო იმით, რომ საზღვარზე შესაბამისი ნიშნები არ დგას. ის ასევე ადასტურებს იმას, რომ მისი თანასოფლელები პროცესების ამგვარ განვითარებას ხეობაში ჰესის მშენებლობას უკავშირებენ.
არჩილ ჩიქოვანი – აჭარის მთავრობის მონიტორინგის დეპარტამენტის ხელმძღვანელი კი ამბობს, რომ სახელმწიფო საზღვარს ყველა შესაბამისი რგოლი აკონტროლებს. მთავრობის უმოქმედობასთან დაკავშირებით გამოთქმულ პრეტენზიებს კი ასე ეხმაურება: “დღეს იყვნენ სოფელში მუნიციპალიტეტის გამგებელი, უმაღლესი საბჭოს და აჭარის მთავრობის შესაბამისი წარმომადგენელი. ყველაფერზე შესაბამისი რეაგირება გვაქვს გაკეთებული”.
იმ ინფორმაციას, რაც თქვენ გაქვთ, რატომ არ ფლობს მოსახლეობა? – ამ კითხვის პასუხად არჩილ ჩიქოვანი ამბობს: “რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, მოსახლეობას ფაქტის ირგვლივ უფრო მეტი ინფორმაცია ჰქონდა, ვიდრე ჩვენ იქ ასვლამდე, იმიტომ, რომ უშუალო შეხება აქვთ იმ ტერიტორიასთან და იმ მოქალაქეებთან, ვინც აჟღერებენ მსგავს ფაქტს”.
იყო თუ არა 29 მაისის ფაქტი ვინმეს მხრიდან პროვოკაცია? – ამ კითხვის პასუხად კი არჩილ ჩიქოვანი ამბობს, რომ განცხადება, რაც მოქალაქეებმა გააკეთეს 29 მაისს “გადაფასებული” და “გაზვიადებულია”.
“შესაბამისმა უწყებამ და კირნათში მცხოვრებლებმაც ზუსტად იციან, რეალურად რაც ხდება. საზღვრის დარღვევას ადგილი არ ჰქონია”, – ამბობს არჩილ ჩიქოვანი.
იმავე კითხვაზე სოფელ კირნათში განსხვავებული მოსაზრებები არსებობს. ზოგიერთის აზრით, სოფელს მხოლოდ თავისი მიწა და ის საფრთხეები აღელვებს, რაც ხეობაში ჰესის მშენებლობას მოჰყვება. ზოგიერთი კი საკითხს გლობალურ პოლიტიკას უკავშირებს. ამ შეხედულების მქონე კირნათელების აზრით, “თურქეთის მტრობასა და რუსეთის მოკეთეობაზე ნინო ბურჯანაძისა და კახა კუკავას პოლიტიკური მხარდამჭერები აკეთებენ აქცენტს”.
ბათუმში თურქეთის გენერალური საკონსულოს განცხადებით კი, კირნათში მომხდარი ინციდენტის შესახებ მათთვის უცნობია.
ჰესები და სახელმწიფოს რეაგირება
ხეობაში, სადაც სოფელი კირნათი მდებარეობს, “კირნათი ჰესი” უნდა აშენდეს. მოსახლეობას, ხელისუფლებასა და ჰესის მშენებარე კომპანია – “აჭარენერჯი 2007”-ს შორის ამის გამო სერიოზული დაპირისპირება არსებობს. მოსახლეობის ნაწილი წინააღმდეგია ჰესის მშენებლობის, ნაწილი კი, სათანადო კომპენსაციას ითხოვს.
კერძო საკუთრებაში არსებულ მიწებში ჰესის მშენებარე კომპანია კომპენსაციას შეთანხმების საფუძველზე იხდის, მაგრამ ტერიტორია, რომელიც სახელმწიფო საკუთრება იყო და მოსახლეობა სარგებლობდა, ინვესტორს სიმბოლურ ფასად – 3 ლარად გადაეცა.
ხელისუფლების ინფორმაციით, ადგილობრივმა მოსახლეობამ არაერთი ჰექტარი მიწის ნაკვეთის უკანონოდ დარეგისტრირებაც მოახერხა. ცოტა ხნის წინ ამ ბრალდებით 45 ადამიანი დააკავეს, მათ შორის სამი კირნათელია. პროკურატურის ინფორმაციით, მოსახლეობას მდინარის კალაპოტი და ნაპირებიც კი ჰქონდა დარეგისტრირებული.
სოფელში ვარაუდობენ, რომ დაკავების მორიგი ტალღა თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ იქნება. მათი აზრით, ეს გარდაუვალია.
“ობიექტივში” დაანონსებული “ომი”
ირმა ინაშვილი: კირნათის მოსახლეობამ რამდენჯერმე დააფიქსირა თურქი მესაზღვრეების, ანუ საჯარისო ნაწილების გადმოსვლა საქართველოს ტერიტორიაზე. და პირდაპირ ჰქონდათ საუბარი იმაზე, რომ ქართველებმა მათი ბაღები, ბოსტნები, საცხოვრებელი ადგილები უნდა დათმონ, რომ თითქოსდა ეს ტერიტორია თურქეთს ეკუთვნის, მოსახლეობა არის ძალიან შეკრული და აღშფოთებული ამ ფაქტთან დაკავშირებით”.
“ამ წუთებში ჩვენ ველაპარაკეთ მოსახლეობას – ერთ მხარეს დგანან თურქი მესაზღვრეები, უკვე ჩვენს ტერიტორიაზე ხდება ეს ყველაფერი. და მათ პირისპირ დგას ქართული “სპეცნაზი”, ანუ მობილიზებულია ორივე მხარე. “სპეცნაზის” უკან დგანან სოფლის მცხოვრებლები…
საბჭოთა კავშირის საზღვარი კირნათში
1921 წლის 16 მარტს, როცა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობა ბათუმში გემებზე სხდებოდა ქვეყნის, როგორც შემდგომში აღმოჩნდა, სამუდამოდ დასატოვებლად, მოსკოვში თურქეთსა და რუსეთს შორის დაიდო ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც დადგინდა თურქეთ-საბჭოეთის საზღვრები. რუსეთს საქართველო-თურქეთის საზღვრის დადგენის იურიდიული უფლება არ ჰქონდა. ამიტომაც საზღვრის უცვლელობა 1921 წლის 13 ოქტომბერს ე.წ. ყარსის ხელშეკრულებით გასაბჭოებულმა საქართველომ, სომხეთმა, აზერბაიჯანმა და რუსეთმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს. მას შემდეგ ამ დღემდე არსებული საზღვრის გადასინჯვის საკითხი ოფიციალურად მხოლოდ ერთხელ, 1945 წელს დაისვა.