2 ივნისს, ოფიციალური დახვედრის ცერემონიის შემდეგ, საქართველოს პრემიერ-მინისტრი გერმანიის კანცლერს ჯერ პირადად, შემდეგ კი გაფართოებული შემადგენლობით შეხვდება. შეხვედრის შემდეგ ირაკლი ღარიბაშვილი და კანცლერი ანგელა მერკელი მედიისთვის განცხადებებს გააკეთებენ და მათ შეკითხვებს უპასუხებენ.
კანცლერთან შეხვედრის დასრულების შემდეგ საქართველოს პრემიერ-მინისტრი შეხვედრას გამართავს ბუნდესტაგის პრეზიდენტ ნორბერტ ლამერტთან.
გერმანიაში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში საქართველოს პრემიერ-მინისტრი შეხვდება “კიორბერის ფონდის” წარმომადგენლებს, დაესწრება კონრად ადენაუერის ფონდის მიერ ორგანიზებულ კონფერენციას.
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ქართულ-გერმანულ ბიზნესფორუმზე გერმანული ბიზნესსექტორის წარმომადგენლებს საქართველოში არსებულ ბიზნესგარემოს გააცნობს. ბიზნესფორუმი საინვესტიციო სააგენტოს მიერაა ორგანიზებული და მას გერმანული ბიზნესსექტორის 100-მდე წარმომადგენელი დაესწრება.
ოფიციალური ვიზიტის დასასრულს საქართველოს პრემიერ-მინისტრი გერმანია-საქართველოს კულტურის სფეროში არსებული განსაკუთრებული ურთიერთობებისადმი მიძღვნილ საღამოს დაესწრება. საღამოზე საქართველოს პრემიერი გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრსა და პრუსიული მემკვიდრეობის ფონდის პრეზიდენტთან ერთად სიტყვით გამოვა.
საქართველოს დელეგაცია, რომლის შემადგენლობაშიც შედიან ვიცე-სპიკერი მანანა კობახიძე, საგარეო საქმეთა მინისტრი მაია ფანჯიკიძე, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, ვიცე-პრემიერი გიორგი კვირიკაშვილი, სახელმწიფო მინისტრი ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში ალექსი პეტრიაშვილი, ინფრასტრუქტურისა და განვითარების მინისტრი ელგუჯა ხოკრიშვილი, სოფლის მეურნეობის მინისტრი შალვა ფიფია და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე ნინო კობახიძე, გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში დღეს გაემგზავრებიან.




