“ხაზგასმით ვაცხადებთ, რომ აღნიშნული განცხადებები სიმართლეს არ შეესაბამება. იმ შემთხვევაში, თუ დადასტურდა ზეწოლის ან მუქარის ფაქტი კონკრეტული პოლიციელის მხრიდან, ის კანონის შესაბამისად უმკაცრესად დაისჯება. შინაგან საქმეთა სამინისტრო კიდევ ერთხელ ადასტურებს მზადყოფნას უზრუვნელყოს არჩევნების მშვიდ და დემოკრატიულ გარემოში ჩატარება,”- წერია სამინისტროს მიერ დღეს, 1 ივნისს გავრცელებულ განცხადებაში.
სამინისტროს ცნობითვე, განახლდა და დამტკიცდა „არჩევნების პერიოდში შსს-ს მოსამსახურეთა სახელმძღვანელო ინსტრუქცია,” რომელიც ასახავს ბოლო დროს განხორციელებულ ყველა საკანონმდებლო ცვლილებას და არეგულირებს პოლიციელის უფლება-მოვალეობებს არჩევნების მსვლელობისას.
“დოკუმენტი განსაზღვრავს წინასაარჩევნო პერიოდში, არჩევნების დღეს და არჩევნების საბოლოო შედეგების გამოქვეყნებამდე, შინაგან საქმეთა სამინისტროს კანონით განსაზღვრულ ვალდებულებებს, სამინისტროს მოსამსახურეთა უფლება-მოვალეობებს, ასევე, მათთვის კანონით დადგენილ აკრძალვებსა და შეზღუდვებს. გარდა ამისა, ინსტრუქცია ითვალისწინებს, რომ ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევ პირთა მიმართ მოთხოვნილი და გამოყენებული ადმინისტრაციული სახდელები იყოს სამართალდარღვევის პროპორციული, რათა მომავალში უზრუნველყოფილ იქნას მსგავსი დარღვევების პრევენცია.”




