ახალი ამბები

ომბუდსმენი: დარბაისელის გადადგომასთან ერთად სად–ში სისტემური ცვლილებებია საჭირო

29 მაისი, 2014 • • 1053
ომბუდსმენი: დარბაისელის გადადგომასთან ერთად სად–ში სისტემური ცვლილებებია საჭირო

სახალხო დამცველი ამის რამდენიმე მაგალითს ასახელებს:

 

“დღემდე ვერ მოვისმინეთ სასჯელაღსრულების დეპარტამენტის პასუხი, თუ რატომ მოხდა სასჯელაღსრულების N6 დაწესებულებაში განთავსებული სამი მსჯავრდებულის გადაყვანა სასჯელაღსრულების N14 დაწესებულებაში და მათი განთავსება აწ გარდაცვლილ გიგა ფარტენაძის საკანში. ასევე გაურკვეველია, მოხდა თუ არა რისკების შეფასება, როდესაც ამ პირთა გადაყვანის შესახებ იქნა გადაწვეტილება მიღებული”, – ნათქვამია განცხადებაში.

 

ომბუდსმენის აპარატში აღნიშნავენ, რომ ამ საქმის თაობაზე ინფორმაციას არც მთავარი პროკურატურა გასცემს :

 

“საქართველოს პროკურატურამ ოფიციალური წერილით მხოლოდ იმ მოცულობის ინფორმაცია მოგვაწოდა, რაც მის ოფიციალურ ვებ-გვერდზე იყო გამოქვეყნებული და საზოგადოებას ისედაც მიუწვდებოდა ხელი”

 

ომბუდსმენი მიიჩნევს, რომ სასჯელაღსრულების დაწესებულებებში პატიმართა შორის ძალადობის რისკის თვალსაზრისით არაკეთილსაიმედო ვითარებაა. სახალხო დამცველის აპარატში აცხადებენ, რომ არაერთი შეტყობინება შედის სად–ის თანამშრომელთა მხრიდან პატიმართა მიმართ არასათანადო მოპყრობის შესახებ, მიუხედავად ამისა, თანამშრომელთა მიმართ შესაბამისი ზომები არ ტარდება.

 

“დაუსჯელობის სინდრომმა გარკვეულწილად განაპირობა სასჯელაღსრულების სისტემის ცალკეული პირების მხრიდან ჩემი რწმუნებულებისთვის მონიტორინგის განხორციელებისას  საქმიანობაში, აშკარად გამოკვეთილ ფორმებში, ხელის შეშლა, რაც ყოვლად დაუშვებელია და არღვევს საქართველოს მიერ ნაკისრ საერთაშორისო ვალდებულებებს. საგანგაშოა  ის ფაქტიც, რომ სასჯელაღსრულების დეპარტამენტი, მიუხედავად იმისა, რომ სწორედ ის უნდა იყოს დაინტერესებული, ჰქონდეს დაწესებულებაში არსებული სათვალთვალო კამერების ჩანაწერები არასათანადო მოპყრობის შესახებ ბრალდების გასაბათილებლად, ჩანაწერების შენახვის ვადის შესახებ ინფორმაციასაც კი არ გვაწვდის. აღნიშნული გვაძლევს  ეჭვის საფუძველს ვივარაუდოთ, რომ სასჯელაღსრულების დეპარტამენტი შეგნებულად თავს არიდებს კითხვებზე პასუხის გაცემას,  რითაც სერიოზულად აფერხებს პრევენციის ეროვნული მექანიზმის საქმიანობას”, – აცხადებს უჩა ნანუაშვილი.

 

მისივე თქმით, სასჯელაღსრულების დეპარტამენტში არსებული პრობლემების მოსაგვარებლად სისტემური ცვლილებების განხორციელებაა საჭირო.

 

“ღრმად მწამს, რომ დროა სასჯელაღსრულების სისტემაში დამკვიდრდეს ე.წ. დინამიური უსაფრთხოების კონცეფცია, რომლის თანახმადაც, სასჯელაღსრულების დაწესებულებებში უსაფრთხოება და წესრიგი მიიღწევა მხოლოდ პატიმართა ღირსების პატივისცემის და მათდამი ჰუმანურად მოპყრობის პირობებში კანონის მოთხოვნათა ზედმიწევნით შესრულებით, რა დროსაც სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თანამშრომელთა მთავარ ღირებულებას ადამიანის ღირსების პატივისცემა და კანონის უზენაესობა  უნდა წარმოადგენდეს”, – აცხადებს ნანუაშვილი.

 

სახალხო დამცველი მოუწოდებს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრს, დროულად ჩაატაროს სამსახურებრივი შემოწმება სახალხო დამცველის მიერ მიწოდებულ არასათანადო მოპყრობის სავარაუდო ფაქტებზე და შესაბამისი ზომები გაატაროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის პასუხისმგებელი თანამშრომლების მიმართ. ასევე, მოუწოდებს საქართველოს მთავარ პროკურატურას, არასათანადო მოპყრობის სავარაუდო ფაქტებთან დაკავშირებით ჩაატაროს დროული და ეფექტიანი გამოძიება, რათა გამოვლინდნენ და დაისაჯონ დამნაშავე პირები.

უჩა ნანუაშვილი
უჩა ნანუაშვილი

მასალების გადაბეჭდვის წესი