“შინაგან საქმეთა სამინისტრო ძირითად პრიორიტეტად აცხადებს ძალადობასთან ბრძოლას, მათ შორის, ოჯახში ძალადობასთან და მზადაა არსებული რესურსითა და საზოგადოების მხარდაჭერით პრინციპულად გააგრძელოს მუშაობა მის წინააღმდეგ. აღნიშნულ პრობლემასთან ბრძოლის ეფექტურობის გაზრდის მიზნით, შინაგან საქმეთა სამინისტროში შეიქმნა სპეციალური ჯგუფი, რომლის ფუნქციაში შედის თითოეულ ფაქტზე მონიტორინგის წარმოება და რეაგირების ადეკვატურობის ანალიზი. არსებული ხარვეზების გამოკვეთის და მათზე კოორდინირებული რეაგირების მიზნით, იგეგმება საგანგებო შეხვედრის ორგანიზება ქალთა უფლებებზე მომუშავე არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან”, – ნათქვამია შსს–ს განცხადებაში.
განცხადებაში აღნიშნულია, რომ ადამიანის უფლებების დაცვა წარმოადგენს შინაგან საქმეთა სამინისტროს უმთავრეს ამოცანას და ქალთა მიმართ ძალადობის და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლას ერთ-ერთი პრიორიტეტული ადგილი უკავია შსს-ს განვითარების სტრატეგიაში.
შსს–ში აცხადებენ, რომ ამ მიმართულებით არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების მხარდაჭერით სამართალდამცველებს პერმანენტულად უტარდებათ კვალიფიკაციის ასამაღლებელი სწავლებები და საკანონმდებლო ცვლილებების შემუშავების პარალელურად რეგიონალური მასშტაბით ტარდება ღია დისკუსიები იმ უწყებების ჩართულობით, რომელთა კომპეტენციაშიც შედის ოჯახში ძალადობაზე რეაგირება.
განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ ამ საქმეში მნიშვნელოვანია არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების მხარდაჭერა:
“შინაგან საქმეთა სამინისტრო მზადაა კიდევ უფრო გააღრმაოს და გააფართოვოს ადგილობრივ არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობა”
შსს მოუწოდებს თითოეულ მოქალაქეს, ოჯახში ძალადობის შესახებ ინფორმაცია შეატყობინონ “112”-ის ცხელი ხაზის საშუალებით, ხოლო სამართალდამცველთა მიერ არაადეკვატური რეაგირების შემთხვევაში, დარეკონ შსს-ს გენერალური ინსპექციის ცხელ ხაზზე “126”.








